ქვემოთ რასაც დავწერე, შეიძლება საკამათო იყოს და ასეც არის, თუმცა მე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ უსაფრთხოების ჭრილში და ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამაჩნია, იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობს მარკო რუბიო და დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაცია მაგას თაოსნობით, ევროპის ვარდნაში და რა კავშირი აქვს მას უსაფრთხოების გაგებასთან ამერიკის, როგორც ამ უსაფრთხოების მიმწოდებელთან.
მარკო რუბიოს ბოლო გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იყო მხოლოდ რიგითი პოლიტიკური განცხადება — ეს იყო „გამოღვიძების ზარი“ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის და იმ ეგზისტენციალური კრიზისის აღიარება, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას. როდესაც ჩვენ ევროპის „დაცემაზე“ ვსაუბრობთ, პრობლემა მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტების სიმცირეში ან ტექნიკურ ჩამორჩენაში არ არის; პრობლემა გაცილებით ღრმაა ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ადამიანი, მიუხედავად ციფრული ჰიპერ-კავშირებისა, უფრო მარტოსული და ატომიზებული გახდა, ვიდრე ოდესმე. პოსტ-სიმართლისა და სოციალური ქსელების გარემომ ინდივიდი კიდევ უფრო გამორიყა იმ ტრადიციული ერთობებიდან, როგორიცაა ოჯახი, ეკლესია თუ ლოკალური თემი, რამაც პირდაპირი დარტყმა მიაყენა მათ შორის უსაფრთხოების „სამშობლოს“ განცდას, იდენტობას და აშ. ამ კონტექსტში მახსენდება 2024 წლის და მანამდელი RAND-ის კორპორაციის კვლევები ბრძოლის ნებაზე, რომ ბრძოლის ნება (Will to Fight) არის ომის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. საუკეთესო ტექნოლოგიაც კი უსარგებლოა მისი გამოყენების ნებისა და გამძლეობის გარეშე.





