ტერმინი „სტრატაგემა“ ძველი ბერძნული სიტყვა strategema- დან (στρατήγημα - სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა, ჩინ. 計 პალ ცზი) მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა.1 ძველ ჩინეთში ტერმინი (ჩინურად: ჩჟიმოუ, ფანლუე, მოულუე და ა.შ.) ასევე რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. საინტერესოა თვითონ ამ ჩინური ტერმინის სემანტიკა: ბინომი „ჩჟიმოუ“ მაგალითად ერთდროულად აღნიშნავს გონიერებას, მოხერხებულობას, იმპროვიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამხედრო საქმის სპეციფიკას, როგორც ისეთი საქმიანობის არეს სადაც მუდამ რჩება შემთხვევითობისა და სიურპრიზების არეალი, რაც იგივე კლაუზევიცის აზრით ომის ბუნების ორგანული ნაწილია.
სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკური ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ცზის ტრაქტატმა „ომის ხელოვნება“, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს.სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა თანამიმდევრულობას.
თუმცა სტრატაგემების საშუალებით ტაქტიკური დარტყმების მიყენებაც რა თქმა უნდა შესაძლებელია. ასე მაგალითად, განსაკუთრებით ცნობილია „სხვისი დანით მოკვლის“ სტრატაგემა და ა.შ.სტრატაგემების რეალიზაციისთვის აუცილებელ პირობად ითვლებოდა: „ნაბიჯების გათვლის და მათი შედეგების განჭვრეტის უნარი. მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური თავისებურებების ცოდნა და სიმტკიცე სტრატაგემის განხორციელების გზაზე“.2ამდაგვარად სტრატაგემების შინაარსი სტრატეგიულ, თუ ტაქტიკურ დონეზე შეიძლება იქნას გავრცობილი და პირდაპირ დამოკიდებულია მხედართმთავრისა, თუ ზოგადად ლიდერის პიროვნულ უნარებზე თარგმნოს ამა თუ იმ სტრატაგემას არსი შესაბამის სივრცესა და გარემოში.პირველად უშუალოდ „36 სტრატაგემის“ შესახებ ინფორმაციას „სამხრეთ დინასტია ცი-ის ისტორიაში“ ვხვდებით, რომელიც 479-502 წწ-ების პერიოდს მოიცავს. სამხრეთ ცი-ის ისტორია სიაო ცზისიანემ (489-537 წწ) შეადგინა. აღნიშნული ქრონიკა სახელმწიფო მოღვაწის ვან ცზინცზეს მართველობას აღწერს. ბიოგრაფიის გმირი ერთ ადგილას ღვაწლმოსილი ბატონ ტანის „ოცდა თექვსმეტ სტრატაგემას“ ახსენებს.
ითვლებოდა, რომ პირველად 36 სტრატაგემა ცხრილად მოცემული „ხუმინის ფილოსოფიაში“ (ხუმინ ჩჟესუე) არის მოცემული,3 რომელიც ხუმინის საიდუმლო საზოგადოებას ეკუთვნოდა. საზოგადოება 1074 წელს შეიქმნა და მიზნად მანდარინების განდევნასა და მინის დინასტიის აღდგენას ისახავდა. მათ მიერ შედგენილი 36 სტრატაგემის სია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დღეს ფართოდ გავრცელებული 36 სტრატაგემის გარკვეული წინაპარი. თუმცა 1941 წელს უფრო ძველი წყარო იქნა ნაპოვნი. მინის დინასტიის ბოლო პერიოდით დათარიღებული „ტრაქტატი 36 სტრატაგემის შესახებ“.
36 სტრატაგემის მთლიანი სია მხოლოდ 138 ჩინური იეროგლიფისგან შედგება. თუ 138-ს გავყოფთ 36-ზე მივიღებთ მხოლოდ 4 იეროგლიფს. აღნიშნული გარემოება მეტად მცირე ენობრივ მასალას იძლევა ანალიზისთვის, თუმცა თავის მხრივ საშუალებას ტოვებს აღნიშნული სტრატაგემები სხვადასხვა გაგებით იქნას ინტერპრეტირებული. ამიტომ ინტერპრეტაცია და განმარტება აქ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრატაგემის მნიშვნელობა ბუნდოვანი დარჩება მკითხველისათვის. გამომდინარე აქედან, შევეცდები ქვემოთ მოვიყვანო თითოეული სტრატაგემა და მათი ყველაზე გავრცელებული მოკლე განმარტებები. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს ჩინაური სტრატაგემები აქტიურად გამოიყენება ასევე ბიზნესსწავლებებსა და ბიზნეს-სტრატეგიებში.
სტრატაგემა მეოთხე - სიმშვიდეში ელოდე გადაღლილ მტერს. (გამოფიტვის სტრატაგემა).
აიძულე მოწინააღმდეგე გადაიღალოს და გახარჯოს საკუთარი ძალები. ეს არის ბრძოლის დროისა და ადგილის შერჩევის უპირატესობის სტრატაგემა. მტრისგან განსხვავებით შენ გეცოდინება როდის და სად შედგება ბრძოლა. ხელი შეუწყე მოწინააღმდეგეს გახარჯოს მისი ენერგია უსარგებლოდ, მაშინ როცა შენ ძალებს ზოგავ. როდესაც იგი დაუძლურებული და დაბნეულია შეუტია მთელი ძალითა და ენერგიით.
სტრატაგემა მეხუთე - გამოიყენე შანსი გაძარცვო როდესაც ირგვლივ ცეცხლია (ამღვრეულ წყალში თევზაობის სტრატაგემა)
როდესაც სახელმწიფო ჩართულია შიდა კონფლიქტებში, როდესაც ავადმყოფობები და შიმშილი მეფობს, როდესაც კორუფცია და კრიმინალი ბატონობს, მაშინ შეუძლებელია გაუმკლავდე საგარეო საფრთხეს. ეს შიგნიდან დაუძლურებულ მოწინააღმდეგეზე თავდასხმის დროა.
სტრატაგემა მეექვსე - იხმაურე აღმოსავლეთით და შეუტიე დასავლეთით. (ცრუ მანევრის სტრატაგემა).
ბრძოლაში მოულოდნელობის ეფექტმა შეიძლება გადამწყვეტი უპირატესობა მოგცეს. პირისპირ მდგარი მოწინააღმდეგეც შეიძლება გააკვირვო შეტევის მოულოდნელი მიმართულებით. მარჯვე ფანდის გამოყენებით მოწინააღმდეგის გონებაში ცრუ მოლოდინი შექმენი და შეუტიე სულ სხვაგან.
სტრატაგემა მეშვიდე - შექმენი რაღაც არაფრისგან (მისტიფიკატორის სტრატაგემა).
მეშვიდე სტრატაგემა შეიძლება განიმარტოს რამდენიმე ნაირად. საჭიროა ცრუ მუქარის იმდაგვარი ინსცენირება, რომ მოწინააღმდეგემ სიცრუე შეამჩნიოს. ამის მერე მისი ყურადღება დაიკლებს და რეალური საფრთხის დროს იგი მას ვეღარ დაინახავს. ასევე, განიმარტება როგორც, რაიმის დაჭერა ჰაერიდან. წარმოაჩინე მოგონილი როგორც სინამდვილე: დაყარე ჭორები, მოაწყვე სიცრუის კამპანიები; შექმენი არ არსებულის ილუზია.
სტრატაგემა მერვე - ფარულად აღადგინე ჩენცანის გადასასვლელები (არაპირდაპირი შეტევის სტრატაგემა).
მოაჩვენე მოწინააღმდეგეს შეტევის ერთი მიმართულება, სინამდვილეში შეუტიე სხვაგან. ხშირად განმარტებულია ასევე როგორც ძალების გაყოფის სტრატაგემა. შეუტიე მოწინააღმდეგეს ერთმანეთისგან დაშორებული ტრაექტორიით. პირველი არის ძირითადი შეტევის მოჩვენებითი მიმართულება, მაშინ როდესაც მეორე მიმართულება არის უმთავრესი და მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელი, რაც მას აიძულებს ძალები დაყოს ქაოტურად და დამარცხდეს.
სტრატაგემა მეცხრე - უყურე ცეცხლს მდინარის მეორე სანაპიროდან (მოთმინების, ჩაურევლობის სტრატაგემა).
არ ჩაერთო ბრძოლაში სანამ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ გამოფიტავენ. შემდეგ შეუტიე მთელი ძალით და დაამარცხე დაუძლურებული მტერი. არ ჩაერიო სხვათა კრიზისულ მოვლენებში სანამ ყველაფერი შენთვის სასიკეთოდ არ განვითარდება. არსებობს სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციაც - უყურე მოჩხუბარ ვეფხვებს მთაზე მჯდომმა, რაც თავისი არსით იგივეა.
სტრატაგემა მეათე - ღიმილში დამალული დანა („იუდას კოცნის“ სტრატაგემა).
მოხიბლე მოწინააღმდეგე ტკბილი სიტყვით. როდესაც მოიპოვებ მის ნდობას, იმოქმედე ფარულად მის ზურგს უკან. შენიღბე შენი ზრახვები ღიმილით.
სტრატაგემა მეთერთმეტე - შეწირე ქლიავის ხე ატმის მოსაწევად (შეწირე ვერცხლი ოქროს გადასარჩენად).
მცირედის შეწირვა უფრო მნიშვნელოვანის გადასარჩენად. არსებობს გარემოებები როდესაც გრძელვადიანი გეგმების განსახორციელებლად მოკლევადიანი მიზნები უნდა შეწირო. ასევე განმარტებულია, როგორც სტრატაგემა რომელიც გულისხმობს სხვის გაწირვას საკუთარი თავის გადასარჩენად.
სტრატაგემა მეთორმეტე - ხელს გააყოლე ცხვარი. (კაიროსის სტრატაგემა- ხელსაყრელი მომენტის ბერძნული ღმერთი).
შენს გზაზე სიარულისას იყავი მზად გამოიყენო ყველა მოულოდნელი შესაძლებლობა მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მისაღწევად. მუდმივი ფსიქოლოგიური მზაობა უპირატესობის მოსაპოვებლად.
სტრატაგემა მეცამეტე - ბალახზე დარტყმა გველის შესაშინებლად (პროვოცირების სტრატაგემა).
როდესაც არ შეგიძლია განსაზღვრო მოწინააღმდეგის გეგმები მოახდინე მისი პროვოცირება მცირე შეტევით და დააკვირდი მოწინააღმდეგის რეაქციებს. მოწინააღმდეგის ქმედებები დაგანახებს მის სტრატეგიას.
სტრატაგემა მეთოთხმეტე - ითხოვე გვამი სულის დასაბრუნებლად (კარგად დავიწყებული ძველის სტრატაგემა).
დაუბრუნდი დავიწყებულ ძველს. იმას რაც კარგად დავიწყებულია და შესძინე მას ახალი მნიშვნელობა, აღჭურვე ახალი იდეებით ან ტექნოლოგიებით. მოახდინე მისი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინტერპრეტაცია. განაახლე მხოლოდ ფასადი ძველი ურთიერთობებისა და სისტემების შესანარჩუნებლად. თანამედროვე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში გამოიყენე წარსულში დავიწყებული იდეები.
სტრატაგემა მეთხუთმეტე - აიძულე ვეფხვი დატოვოს ბუნაგი (იზოლაციის სტრატაგემა).
აიძულე მოწინააღმდეგე დატოვოს თავისი ბაზა. მოწყვიტე მისი სიძლიერის წყაროს, ან მის მოკავშირეს რათა განმარტოებული ადვილად დაამარცხო.
სტრატაგემა მეთექვსმეტე - იმისთვის რომ დაიჭირო, ჯერ გაუშვი (გულუხვობის სტრატაგემა).
ნება დართო მოწინააღმდეგეს, რომ გაიქცეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას უშვებ. ზოგჯერ კუთხეში მომწყვდეული მტერი ორმაგად სახიფათოა. ამიტომ მიეცი ნება გაიქცეს რათა მორალურად დამარცხებული ადვილად დაიმორჩილო. ასევე შეიძლება განმარტებულ იქნას, როგორც გულის მოგების სტრატაგემა. გულუხვობით აიძულო დაგნებდეს მოწინააღმდეგე.
სტრატაგემა მეჩვიდმეტე - აგურის გადაგდება იასპის მისაღებად (სატყუარას სტრატაგემა).
რაიმე ნაკლებად მნიშვნელოვნის დათმობა უფრო მნიშვნელოვანის მისაღებად. ბრძოლაში მოწინააღმდეგეს შეუქმენი მოჩვენებითი სისუსტის ილუზია. აიძულე მასზე წამოეგოს რათა საბოლოოდ შენი ჩანაფიქრი განახორციელო. დათმე მცირედი უფრო დიდისთვის. განიმარტება ასევე, როგორც Argumentum ad populum - სპექტაკლი ხალხისთვის.
სტრატაგემა მეთვრამეტე - ყაჩაღების დამმარცხებლად ჯერ დაიჭირე მეთაური (თავის მოკვეთის სტრატაგემა)
მოწინააღმდეგის დამარცხება მეთაურის ლიკვიდირების გზით. ცხვრის ფარაც საშიშია თუ მას ლომი მიუძღვება. ორგანიზმის სიძლიერის ლიკვიდირება მისი თავის გაუვნებელყოფით.
სტრატაგემა მეცხრამეტე - გამოაცალე ცეცხლს ნაფოტები
არ დაუპირისპირდე ძლიერ მოწინააღმდეგეს პირისპირ. ნელ-ნელა გამოაცალე ენერგია მისი ძლიერების წყაროს.
სტრატაგემა მეოცე - წყლის ამღვრევა თევზის დასაჭერად (ქაოსის სტრატაგემა)
გამოიყენე მტრის ბანაკში შექმნილი არეულობა მიზნის მისაღწევად. არია სიტუაცია, რომ მიაღწიო საწადელს.
სტრატაგემა ოცდამეერთე - ოქროს ციკადა ტყავს იცვლის (თავდაჯერებულობის სტრატაგემა)
ყოველთვის შეინარჩუნე დამაჯერებლობა. არ დაუშვა ეჭვის შეტანა შენი პოზიციების სიმყარეში რათა არ მოახდინო მტრის შეტევის პროვოცირება.
სტრატაგემა ოცდამეორე - ჩაკეტე კარი ქურდის დასაჭერად (ალყის სტრატაგემა)
მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციე და გაანადგურე. თუ მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას მისცემ ამით მომავალი კონფლიქტის თესლს დათესავ. ასე უნდა მოიქცე დღეს რათა მცირერიცხოვანი ან სუსტი მოწინააღმდეგე მომავალში ვინმემ შენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს.
სტრატაგემა ოცდამესამე - იმეგობრე შორს მყოფთან, იომე მეზობელთან (მეზობლობის სტრატაგემა)
ცნობილია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ ხშირად მტრულად არიან განწყობილნი, ჰოლო „მეზობლის მეზობელი“ ხშირად მოკავშირეა. პრინციპი - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.
სტრატაგემა ოცდამეოთხე - გამოიყენე დაცული გზა გოს სამეფოს დასაპყრობად.
როდესაც სუსტი ორ ძლიერ მოწინააღმდეგეს შორის არის მოქცეული, შესთავაზე მას შენი დახმარება და ამ საბაბით გაიმაგრე პოზიციები, შეიყვანე შენი ძალები მის ტერიტორიაზე დახმარების საბაბით.
სტრატაგემა ოცდამეხუთე - მოიპარე დედაბოძი და ახადე სახლს სახურავი (დეზორგანიზების სტრატაგემა)
მტრის წყობა სახლს გავს. გამოაცალე საფუძვლები, რომ შეარყიო. აიძულე იგი მუდმივად იცვალოს განლაგება. აიძულე დაარღვიოს ჩვეული მოქმედების წესი და ამით მოშლი მის მდგრადობას.
სტრატაგემა ოცდამეექვსე - დაემუქრე თუთას და იგულისხმე სოფორა. (გადაბრალების სტრატაგემა)
ნამდვილი დამნაშავეების დაფარვა სხვაზე გადაბრალებით. ცრუ ალიაქოთის შექმნით ყურადღების გადატანა ნამდვილი დამნაშავისგან უდანაშაულოზე. საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა.
არსებობს ასევე მეორე განმარტებაც. მართველმა შიში უნდა ჩაუნერგოს თავის ხელქვეითებს სხვაზე მაგალითებით. იგივე პრინციპს გულისხმობს ქართული გამონათქვამი - „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო“.
სტრატაგემა ოცდამეშვიდე - მოაჩვენე თავი სულელად, რომ იყო ბრძენი. (ჯამბაზის სტრატაგემა)
გაიკეთე სულელის ნიღაბი, რომ დამალო შენი ზრახვები. მოაჩვენე თავი თითქოს არაფერი იცი, დაელოდე სანამ სხვები გამოააშკარავებენ თავიანთ ზრახვებს. სჯობს მოაჩვენო თავი, თითქოს არაფერი იცი და არაფრის გაკეთება არ გინდა, ვიდრე საქვეყნოდ იხმაურო და არაფერი გამოგივიდეს.
სტრატაგემა ოცდამერვე - აძვერი სახურავზე და დამალე კიბე (კომუნიკაციების სტრატაგემა)
შეიტყუე მოწინააღმდეგე მძიმე ბუნებრივ გარემოში, გადაუჭერი მომარაგების გზები. აიძულე ებრძოლოს როგორც შენ ასევე ბუნებრივ პირობებს.არსებობს ამ სტრატაგემას მეორე ინტერპრეტაციაც, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. იგი განმარტავს სტრატაგემას შემდეგნაირად: ჩააყენე შენი მებრძოლები ისეთ ბუნებრივ მდგომარეობაში საიდანაც უკან დახევა წარმოუდგენელია და არსებობს მხოლოდ ორი გზა - გამარჯვება ან სიკვდილი. პირდაპირ იმეორებს დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრს დიდგორის ველზე.
სტრატაგემა ოცდამეცხრე - გამხმარი ხეც აყვავდება. (შენიღბვის სტრატაგემა)
თუ ხეს აბრეშუმით მოვრთავთ სიცოცხლის ილუზიას შევქმნით. ეშმაკობისა და შენიღბვის გამოყენებით შექმენი ილუზია, შეაცდინე მოწინააღმდეგე. ცრუ შენიღბვა მოგეხსენებათ ფართოდ გამოიყენება სამხედრო ხელოვნებაში მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად.
სტრატაგემა ოცდამეათე - შეუცვალე სტუმარსა და მასპინძელს ადგილები.
დაამარცხე მოწინააღმდეგე მის ბანაკში შეღწევით, მოჩვენებითი დანებებით, სამშვიდობო ხელშეკრულებებით. ამ გზით შეგიძლია აღმოაჩინო მისი სისუსტეები და როდესაც მისი თავდაცვითი ინსტიქტები მოდუნდება დაარტყი პირდაპირ სიმძიმის ცენტრს.
სტრატაგემა ოცდამეთერთმეტე - ლამაზმანის სტრატაგემა
გამოიყენე ლამაზი ქალი კაცის საცდუნებლად, ან მტრის ბანაკში დეზორგანიზების შესატანად. ასევე, თუ კი მოწინააღმდეგის არმია ძლიერია გამოიყენე ქალი მისი მეთაურის საცდუნებლად და მასზე გავლენის მოსაპოვებლად. როდესაც მეთაური მოეშვება, მოეშვება მისი არმიაც. ხშირად ქალები ეჭვიანობისა და შურის ნიადაგზე ფასდაუდებელი მოკავშირეები ხდებიან.
სტრატაგემა ოცდამეთორმეტე - ცარიელი ციხესიმაგრის სტრატაგემა.
როდესაც მოწინააღმდეგის ძალები აღმატებულია რაოდენობაში, შეუქმენი მოულოდნელი ილუზია. დააცარიელე ციხესიმაგრე თითქოს იგი ხაფანგებით სავსე იყოს. მოულოდნელი საქციელი მტერს ეჭვეს გაუჩენს და მოაჩვენებს ხაფანგს იქ სადაც ის სინამდვილეში არ არის. ამგვარად ხელს ააღებინებ შეტევაზე. იაზროვნე არა სტანდარტულად.
სტრატაგემა ოცდამეცამეტე - მსტოვრის სტრატაგემა.
გამოიყენე მოწინააღმდეგის მსტოვარი ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად და მოწინააღმდეგის რიგებში განხეთქილების შესატანად. ხშირად განიმარტება ასევე, როგორც გათიშე და იბატონეს სტრატაგემა. ცრუ ინფორმაციით ერთმანეთის მიმართ ეჭვი გააჩინე მტრის ბანაკში.
სტრატაგემა ოცდამეთოთხემტე - თვითდაზიანების სტრატაგემა.
დაიზიანე საკუთარი თავი ნდობის მოსაპოვებლად. ხელოვნურად გაები მტრის ხაფანგში. მოადუნე მოწინააღმდეგის ყურადღება, რომ საფრთხედ აღარ აღგიქვას. სტრატაგემის მეორე ინტერპრეტაციის მიხედვით: მოახდინე მტერთან ინტეგრირება, თითქოს საერთო მტრისგან მიიღე დაზიანება. გახდი ცრუ მოკავშირე.
სტრატაგემა ოცდამეთხუტმეტე - სათადარიგო გეგმის სტრატაგემა.
არასდროს დაეყრდნო მხოლოდ ერთ სტრატეგიას. იქონიე რამდენიმე სათადარიგო გეგმა. იმოქმედე სხვადასხვა სტრატეგიით ერთი გეგმის ფარგლებში. თუ ერთი არ იმუშავებს ყოველთვის გექნება ალტერნატივა.
სტრატაგემა ოცდამეთექვსმეტე - გაქცევის სტრატაგემა.
თუ სიტუაცია უიმედოა - გაიქეცი. თუ ნათელია, რომ მტერი აუცილებლად დაგამარცხებს, უკან დაიხიე, გაიქეცი. როდესაც მარცხდები სამი გამოსავალია: დანებება, კომპრომისი და გაქცევა. პირველი სრული დამარცხებაა, მეორე ნახევრად დამარცხება, მაგრამ გაქცევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მარცხს, იმდენად რამდენადაც სანამ ჯერ კიდევ არ დამარცხებულხართ შანსი ყოველთვის იქნება.სტრატაგემის მეორენაირი ინტერპრეტაციაა: როდესაც მარცხი გარდაუვლად გეჩვენება არ ჩაება ბრძოლაში, შეინახე ძალები უკეთესი დროისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1. Воеводин А. И. Стратагемы - стратегии войны, манипуляции, обмана
- 2. Мясников В.С. Антология хитроумных планов (Вступительная статья к монографии Харро фон Зенгера "Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия"). - М., 1995. გვ.6.
- 3. Зенгер Х. фон. Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия //http://www.e-reading.club/chapter.php/145114/13/fon_Zenger_-_Stratagemy._O_kitaiiskom_iskusstve_zhit'_i_vyzhivat'.html
- 4. Зенгер Х. фон. Стратагемы. О китайском искусстве жить и выживать. Знаменитые 36 стратагем за три тысячелетия //http://www.e-reading.club/chapter.php/145114/13/fon_Zenger_-
- _Stratagemy._O_kitaiiskom_iskusstve_zhit'_i_vyzhivat'.html
©2016
No comments:
Post a Comment