Showing posts with label სამხედრო ბალანსი. Show all posts
Showing posts with label სამხედრო ბალანსი. Show all posts

August 20, 2024

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ  ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

შესავალი

ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.

წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.  ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო  მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში. 

August 14, 2024

რეგიონალური სამხედრო დისბალანსი და საქართველო : დასკვნები მსჯელობისათვის


12 ივნისი, 2020 წ.
„ომი - ეს მგელია და იგი შესაძლოა თქვენს კარებთანაც მოვიდეს.”
ბერნარდ შოუ


ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, მისი ერთ-ერთი ძალისმიერი გამოვლინება. ჯარი კი ის ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფო მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიმართავს. ნებისმიერი ჯარის პირველადი ამოცანა რა თქმა უნდა მასზედ დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება არის, იმ უფლებამოსილების რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული.

ზოგადად, ნებისმიერი არმია მხოლოდ ორ მდგომარეობაში იმყოფება - ომობს ან ემზადება ომისათვის. ესაა მისი ამოსავალი უმთავრესი ფუნქცია, რა თქმა უნდა სხვა მხარდამჭერ ამოცანებთან ერთად. რაც არ უნდა წარმატებული იყოს მისი, როგორც სახელწმიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის მხარდამჭერი დანიშნულებით გამოყენება, პირველ რიგში მისი ავკარგიანობა ზემოთ ნახსენები უზენაესი მიზნისა და ფუნქციის განხორციელების პრიზმაში განიხილება, რაც არის მისი მზაობა შემდეგი ომისათვის რომელიც შეილება ოდესმე იყოს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ქვეყნის თავდაცვის ძალების ამოცანები ჩვენს კონსტიტუციაშია მოცემული.