მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა გარკვეულწილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო. 2014 წელი და რუსეთის მოქმედებები ყირიმსა და უკრაინაში დასავლური სამყაროსათვის გამომაფხიზლებელი ნიშანი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას რომ დააჩქარა კაცობრიობის მომავალზე ხავერდოვანი ფიქრების დასრულება. ჩინეთის და რუსეთის მოქმედებები, მათი გეოსტრატეგიული ინტერესები და მოქმედების ლოგიკა დიდი ხანია მიგვანიშნებს, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულ აზროვნებაზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი იცვლება.
სწორედ დასავლეთის ზომიერმა რეაქციამ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის მოვლენებზე რუსეთს და პუტინს აგრძნობინა, რომ ძალის ენაზე საუბარი მნიშვნელოვანი დოზით, კვლავაც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება, საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავინდებურად „მოსულა“. ძალის ენაზე საუბარის, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში შემობრუნება პირველ რიგში მცირე სახელმწიფოებისათვის არის დამაფიქრებელი, განსაკუთრებით მათვის, ვიცი სამეზობლოც დაძაბულობის კერებით გამოირჩევა და ბუნებრივია ამ შემთხვევაში არც საქართველო არის გამონაკლისი. დღეს რეგიონში არსებული სტატუს-კვო, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ძალთა ბალანსის არსებული კონფიგურაციის შედეგია.
