ქვემოთ რასაც დავწერე, შეიძლება საკამათო იყოს და ასეც არის, თუმცა მე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ უსაფრთხოების ჭრილში და ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამაჩნია, იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობს მარკო რუბიო და დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაცია მაგას თაოსნობით, ევროპის ვარდნაში და რა კავშირი აქვს მას უსაფრთხოების გაგებასთან ამერიკის, როგორც ამ უსაფრთხოების მიმწოდებელთან.
მარკო რუბიოს ბოლო გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იყო მხოლოდ რიგითი პოლიტიკური განცხადება — ეს იყო „გამოღვიძების ზარი“ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის და იმ ეგზისტენციალური კრიზისის აღიარება, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას. როდესაც ჩვენ ევროპის „დაცემაზე“ ვსაუბრობთ, პრობლემა მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტების სიმცირეში ან ტექნიკურ ჩამორჩენაში არ არის; პრობლემა გაცილებით ღრმაა ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ადამიანი, მიუხედავად ციფრული ჰიპერ-კავშირებისა, უფრო მარტოსული და ატომიზებული გახდა, ვიდრე ოდესმე. პოსტ-სიმართლისა და სოციალური ქსელების გარემომ ინდივიდი კიდევ უფრო გამორიყა იმ ტრადიციული ერთობებიდან, როგორიცაა ოჯახი, ეკლესია თუ ლოკალური თემი, რამაც პირდაპირი დარტყმა მიაყენა მათ შორის უსაფრთხოების „სამშობლოს“ განცდას, იდენტობას და აშ. ამ კონტექსტში მახსენდება 2024 წლის და მანამდელი RAND-ის კორპორაციის კვლევები ბრძოლის ნებაზე, რომ ბრძოლის ნება (Will to Fight) არის ომის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. საუკეთესო ტექნოლოგიაც კი უსარგებლოა მისი გამოყენების ნებისა და გამძლეობის გარეშე.
აღნიშნულ კვლევაში
მოცემულია ბევრი ფაქტორი, რომელთაგანაც აუცილებლად სახსენებელია აქ: მოტივაციები (Motivations) ეს ფაქტორები ქმნიან ინდივიდუალურ განწყობას ბრძოლისადმი:
- იდეოლოგია
(Ideology): რწმენის სისტემა,
რომელიც ამართლებს ბრძოლას.
- ეკონომიკა
(Economics): მატერიალური
სარგებელი ან ფინანსური სტაბილურობა.
- შურისძიება
(Revenge): პირადი ან კოლექტიური
მოტივი მტრის წინააღმდეგ.
- სასოწარკვეთა
(Desperation): განცდა,
რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ არსებობს.
- ხარისხი
(Quality): ინდივიდუალური
მზაობისა და პიროვნული თვისებების დონე.
კულტურა
(Culture):
ქცევითი ნორმები და კონტროლის მექანიზმები:
- კონტროლი
(Control): იძულება, დისციპლინა
და დარწმუნება.
- შეკავშირება
(Cohesion): სოციალური
კავშირები (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) და საერთო ამოცანა.
- Esprit
de Corps: დანაყოფისადმი
კუთვნილების განცდა და სიამაყე.
- მოლოდინი
(Expectation): გამარჯვების
რწმენა და რეალისტური მოლოდინები.
- ინტეგრირებულობა
და ნდობა (Integrity/Trust):
ლიდერების ხასიათი, პატიოსნება და კორუფციის არარსებობა.
ეს
მოდელი აჩვენებს, რომ როდესაც საზოგადოებაში იკარგება იდენტობა (Identity),
ნდობა (Trust) და ისტორიული მეხსიერება (History), ბრძოლის ნების სისტემა
კოლაფსირდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერია მატერიალური „შესაძლებლობები“.
დღევანდელ
ციფრულ საზოგადოებაში ბუნდოვანი
ხდება თავად
არსი იმისა,
თუ რისთვის
ღირს სიცოცხლის
გაწირვა. თუ
სახელმწიფო მხოლოდ
სოციო-ეკონომიკური სერვისების მომწოდებელ ჰაბად აღიქმება,
მოქალაქესა და
ქვეყანას შორის
კავშირი წმინდა
ტრანზაქციული ხდება.
სწორედ ამიტომ,
მილიტარიზაცია და
თავდაცვის საკითხები
უკიდურესად არაპოპულარული ხდება საზოგადოებებში, რომელთაც ჰგონიათ,
რომ მშვიდობა
ბუნებრივი მოცემულობაა და არა
მუდმივი ბრძოლით
მოპოვებული რესურსი.
ეს ფენომენი,
ჯერ კიდევ
2010-იანი წლების
კვლევებში აისახა:
რაც უფრო
დასავლეთით მივდივართ
ევროპის კონტინენტზე, მით უფრო
კლებულობს იმ
მამაკაცების რაოდენობა,
რომლებიც მზად
არიან საკუთარი
ქვეყნის დასაცავად
იარაღი აიღონ.
ეს
ღირებულებითი ვაკუუმი
კიდევ უფრო
დამძიმდა მიგრაციული კრიზისისა და
კულტურული დეზორიენტაციის ფონზე, რამაც დასავლური
ცხოვრების წესი
(Western way of life) გაურკვეველ და
მყიფე ცნებად
აქცია ბოლო დროს. როდესაც
პიროვნების ბმა
საკუთარ ფესვებთან
სუსტდება, თავდაცვის
პოლიტიკა ავტომატურად გადადის მეორეხარისხოვან პლანზე, რადგან საზოგადოება, რომელიც მხოლოდ
„აქ და
ახლა“ კომფორტზეა ორიენტირებული, ვერ ხედავს აზრს
გრძელვადიან მსხვერპლშეწირვაში. პოსტ მოდერნიზმის და დღევანდელმა
ეპოქამ, მთელი თავისი შიგთავსით გლობალურ დასავლეთს
გამოაცალა ის
მეტაფიზიკური საყრდენი,
რომელიც ისტორიულად ერებს და ქვეყნებს ბრძოლისუნარიან ორგანიზმად აქცევდა.
იქ სადაც ადრე წარსულში რელიგიას და შემდომ ერი სახელმწიფოს პრიმატს ქონდა
დიდი როლი, საზოგადოებებიც მეტად მილიტარისტული რიტორიკის ნაწილი იყვნენ. ერთიანი ევროპის
პროექტი კი ბუნებრივია ცივი ომის დასრულების მერე, სულ სხვა ღირებულებით ორიენტირებზე
აიგო. სწორედ ამიტომ აბსოლუტურ უმრავლესობა ქვეყნებში მალევე გაუქმდა საყოველთაო გაწვევაც.საფრთხეების
გაგება და განცდა გახდა ეფემერული. გაქრა მრავალრიცხოვანი ჯარების შენახვის აუცილებლობაც.
და რას ვხედავთ
აქეთ მხარეს? დემოკრატიას უტევენ დღეს ეწ. კონსერვატიული, ღირებულებითი და ისტორიულობის
იდეებით შეპყრობილი აქტორები, ისინი ვისთვისაც ისტორია, არა თუ დასრულდა, არამედ მისი
უსამართლო შედეგების გადაწერას ცდილობენ მათი გაგებით.
აქვე უნდა გავიხსენო
დიმიტრი უზნაძის ომის ფილოსოფია. საზოგადოებაში სადაც მოქალაქეობა მხოლოდ ეკონომიკური
ბენეფიტებით შემოიფარგლება. უზნაძე ამას „პრაქტიკულ შემეცნებას“ უწოდებს. ასეთ
ყოფაში სადაც მთავარი მატერიალური საზრუნავია, ჩვენი ყოველდღიური გონება მხოლოდ ზედაპირზე
სრიალებს და ნივთებს სარგებლიანობის მიხედვით აფასებს. ასეთ პირობებში სიკვდილი მხოლოდ
„ბოროტებაა“, რადგან ის პრაქტიკული სიამოვნების დასასრულია. ეს ხსნის, რატომ არის თავდაცვა
„არაპოპულარული“ — პრაქტიკული გონებისთვის თავგანწირვა ალოგიკურია. უზნაძე წერს, რომ
მთელი ჩვენი საზოგადოებრივი ყოფა სიკვდილის შიშით არის ნაკარნახევი. როდესაც ადამიანს
აღარ აქვს მეტაფიზიკური საყრდენი, ის ხდება „სიკვდილის შიშის“ მონა. ასეთ საზოგადოებაში
ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ „გაუსხლტეს სიკვდილის ჩონჩხს“ და არა იმაზე,
თუ რის გამო ღირს სიკვდილი. „მარტოსული ადამიანი“
სწორედ სიკვდილის შიშთან მარტო დარჩენილი ადამიანია, რომელმაც დაკარგა რწმენა, რომ
სიცოცხლეზე მაღალი რამ არსებობს.
უზნაძე ამბობს, რომ ეროვნული სულის
დასუსტება (ასიმილაცია ან ატომიზაცია) ნიშნავს შემოქმედებითი ძალის დაკარგვას. თუ ერი
აღარ აშენებს თავის „ისტორიულ შენობას“, მას აღარც მისი დაცვის ნება აქვს.
საგულისხმოა, რომ თავდაცვის თვალსაზრისით, უზნაძე ამბობს: “როდესაც ომი მოგერიებითი ხასიათისაა, მაშინ
თითოეული პიროვნების ძალღონე ეროვნული ვინაობისა და არსებობის დაცვისკენ, ე.ი. ცხოვრების
აზრის განხორციელებისაკენ არის მიმართული; ასეთ შემთხვევაში ყველას სიამოვნებითა და
აღტაცებით მიაქვს ზვარაკად თავისი სიცოცხლე ომის სამსხვერპლოზე… ასეთი ომის დროს ადამიანის
ჩვეულებრივ შიშს სიკვდილის წინაშე ადგილი აღარ რჩება და ყველა რაინდად და გმირად იქცევა.
ამიტომაც იბადება ყოველთვის თავდაცვითი ომის დროს საკვირველი ერთსულოვნება ერის სხვადასხვა
ნაწილით შორის, და ისიც კი, ვისაც აბსოლუტურად ომის წინააღმდეგ მოაქვს თავი, ისიც ერთბაშად
იცვლება და მახვილით ხელში მტრის წინააღმდეგ ილაშქრებს”. გაავლეთ პარალელი უკრაინასთან
და ნათლად დავინახავთ ამ ყველაფერს. უზნაძე პირდაპირ ამბობს: „ჩვენი არსებობის აზრი
სიცოცხლის ფარგლებში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ მის გარეთ და მასზე მაღლა“. სიკვდილი
მხოლოდ მაშინ ხდება „რაინდობა“, როცა ადამიანს სწამს, რომ მისი სიცოცხლე საშუალებაა
უმაღლესი ობიექტური მიზნისთვის. მისი თქმით, ჩვენი არსებობის აზრი თავად სიცოცხლეში
კი არ არის, არამედ მის ფარგლებს გარეთ და მასზე მაღლა მდგომ ობიექტურ მიზნებში. სწორედ
ამ ღირებულებების გამო ხდება სიკვდილი „რაინდობა“ და მკვლელობა — „გმირობა“. უკრაინაში ეს ობიექტური მიზანი ყველა მებრძოლს ნანახი
აქვს. ეს არის მებრძოლის გზა, ის რასაც ბუშიდო ამბობს, იცხოვრე ისე, თითქოს უკვე მოკვდი.
დიმიტრი უზნაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი და საფრთხე „ამსხვრევს პრაქტიკული
ცხოვრების ყინულს“ და ადამიანებს აიძულებს, დაუბრუნდნენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს,
რომლებიც სიცოცხლეზე მაღლა დგას. ის აღნიშნავს, რომ კულტურული შემოქმედების სუბიექტი
არის ერი და არა ცალკეული პიროვნება. კონსერვატიული ტალღა ცდილობს აღადგინოს „სოციალური
ძაფი“, რომელიც ადამიანებს ერთიან ეროვნულ ორგანიზმად აქცევს.
არის ერთი ცნობილი Ted talk სადაც ამერიკელი ვეტერანი Sebastian
Junger საუბრობს. მის ამ გამოსვლას
2016 წელს პირდაპირ ასე ქვია: Our lonely society makes it hard to come home from
war ()მოუსმინეთ, ბმული კომენტარშია). ის ამბობს, რომ უმთავრესი რამ რაც მას ჯარიდან
წამოსვლის მერე დააკლდა, ისევე როგორც უმრავლესობა მის თანამებრძოლებს, ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით, ეს არის რომ შევაჯამო sense of brotherhood, რომელიც მის მარტოობის პიროვნულ
განცდას აკომპენსირებდა და ხდიდა რაღაც უფრო დიდის ნაწილად.
ამრიგად საზოგადოების სოციალური-კულტურული
მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს ბრძოლის ნებასა და ზოგადად უსაფრთხოების განცდაზე,
პიროვნების დამოკიდებულებაზე და როლზე ამ უსაფრთხოების სისტემაში, ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ
და მენტალურ მდგომარეობაზე ომამდე და ომიდან დაბრუნების შემდგომ.
ბურგერულ მშვიდობაში როდესაც მოქალაქე ვერ ხედავს საფრთხეს მის ცხვირ წინ
მისი არსებობის უმთავრესი ობიექტური მიზნები არის მთლიანად მატერიალური სამყაროდან.
ამიტომ, კონსერვატიული ხედვით ეროვნული იდენტობის წინ წამოწევა და მეტი ჰომოგენიზაცია
მნიშვნელოვანია.
უსაფრთხოების კრიზისი, იდენტობის ძიება და ეკონომიკური რეინდუსტრიალიზაციის
საჭიროება რაზეც რუბიომაც ისაუბრა— ცალსახად
ქმნის ნოყიერ ნიადაგს ამ კონსერვატიზმის რენესანსისთვის, მემარჯვენე პოპულიზმისთვის
ყველა იმ საფრთხით რაც ამდაგვარ პროცესებს შეიძლება თან ახლდეს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევროპის გადარჩენა მათ შორის
„გამოღვიძებით“ და პრაქტიკული ეკონომიკური ინტერესებიდან მეტაფიზიკურ/ეროვნულ ღირებულებებზე
დაბრუნებით და მათი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში წინ წამოწევით არის შესაძლებელი.აქედან
გამოდნება ყველა სხვა დარგობრივი პოლიტიკებიც ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში შემდგომ,
მათ შორის მიგრაციის საკითხებიც. ბუნებრივია ძალებიც რომლებიც უტევენ გლობალურ დემოკრატიას,
ეცდებიან ეს სათავისოდ გამოიყენონ და იყენებენ კიდევაც.
სწორედ ამ რეალობას ეხმიანება რუბიო და მისი ხედვა ფაქტობრივად იმ ევროპის დაბრუნების მცდელობაა, რომელიც იყო ინდუსტრიული, ტრადიციული და საკუთარ
თავზე
პასუხისმგებელი.
რეინდუსტრიალიზაცია
აქ
მხოლოდ
ეკონომიკური
პარამეტრი
არ
არის
— ეს
ნიშნავს
ძლიერი
საშუალო
კლასის
აღდგენას,
რაც
ნებისმიერი
სახელმწიფოს
და მისი მედეგობის ხერხემალია.
ტრადიციული
ღირებულებების
რენესანსი
კი
პირდაპირ
კავშირშია
კერისა
და
ოჯახის
დაცვის
ინსტინქტთან,
რაც
საბოლოო
ჯამში
საერთო
სამშობლოს
დაცვის
მზაობაში
გადადის.
რუბიოს
გზავნილი
და მთლიანად MAGA-ს
იდეოლოგია, ევროპას სთხოვს გასცდეს პოსტმოდერნულ ილუზიებს, დაუბრუნდეს საკუთარ იდენტობას და გააცნობიეროს, რომ ცივილიზაციის
გადარჩენა
მხოლოდ
მატერიალისტური სოციალური
კონტრაქტით
შეუძლებელია
— ამას
სჭირდება
რწმენა,
ტრადიცია
და
იმ
ღირებულებების
ფლობა,
რომლებიც
სიცოცხლეზე
მეტად
ფასობს.
ამერიკა რა თქმა უნდა ცივილიზაციურად ევროპის
შვილია და ეს პირდაპირ ითქვა კიდეც მიუნჰენში.
ამერიკის დამფუძნებელი მამებისთვის ევროპასთან კავშირი
იყო ცივილიზაციური, მაგრამ არა სტრუქტურული. მათ სწამდათ, რომ ამერიკის გადარჩენა დამოკიდებული
იყო მის უნარზე, შეენარჩუნებინა საკუთარი ბრძოლის ნება და იდენტობა, რათა არ გამხდარიყო
ევროპული გეოპოლიტიკური თამაშების უბრალო სათამაშო მაშინ.
დამფუძნებელი მამებიც აღიარებდნენ ამერიკის ევროპულ
ფესვებს. თომას პეინი (ინგლისური წარმოშობის ამერიკელი განმანათლებელი, რევოლუციონერი
და პუბლიცისტი, რომლის იდეებმაც დიდი როლი ითამაშა ამერიკის დამოუკიდებლობისა და ფრანგული
რევოლუციის იდეოლოგიურ მომზადებაში.) თავის ცნობილ ნაშრომში „საღი აზრი“ (Common
Sense) წერდა, რომ ევროპა და არა მხოლოდ ინგლისი, იყო ამერიკის „მშობელი“. თუმცა, მათი
მთავარი მიზანი იყო ამერიკული საზოგადოების დაცვა ევროპული დესპოტიზმისგან, კლასობრივი
იერარქიებისა და მუდმივი ომებისგან. იმ
უბედურებისგან რაც იმ პერიოდში ევროპის კონტინენტზე ტრიალებდა.
დამფუძნებლებისთვის ამერიკა იყო ევროპული ღირებულებების (თავისუფლება,
რაციონალიზმი) საუკეთესო ვერსია, რომელიც ევროპის „დაცემული“ პოლიტიკური სისტემისგან
შორს უნდა განვითარებულიყო. ვაშინგტონი თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში
(Farewell Address) აფრთხილებდა ერს ევროპასთან მყარი პოლიტიკური ალიანსების წინააღმდეგ.
მისი აზრით, ევროპას ჰქონდა თავისი „პირველადი ინტერესები“, რომლებიც ამერიკას არ ეხებოდა.
მისი დანაბარები იყო ამერიკული იზოლაციონიზმის საყრდენი გარკვეული დროით. თუმცა, ისტორიამ
ამერიკას დასავლური ცივილიზაციის მედროშეობა არგუნა და იძულებული გახადა პოლიტიკურ-სტრუქტურული
გაერთიანებაც მომხდარიყო ევროპასთან, აქ პირველ რიგში ნატო იგულისხმება ცხადია. რუბიომაც
ახსენა, რომ ამერიკას არ სრუს ამ სტრუქტურულ ერთიანობას რაიმე საფრთხე შეექმნას, არამედ
პირიქით. რასაც დღეს რუბიო „რეციპროკულობას“ უწოდებს — ალიანსი მხოლოდ მაშინ არის გამართლებული,
თუ ის ორივე მხარის ეროვნულ ინტერესებსა და ნებას (Will to Fight) თანაბრად
ემსახურება.
თუ ევროპა დაკარგავს თავის იდენტობას და ბრძოლის ნებას,
ის დაკარგავს იმ ფასეულობებსაც, რომლებზეც ამერიკა აღმოცენდა. სწორედ ამიტომ არის რუბიოსთვის
(და ამერიკული კონსერვატიზმისთვის) კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპის „გამოღვიძება“.
დღეს
მარტო დემოკრატია და ადამიანის უფლებები არ კმარა სამყაროში სადაც მგლები დათარეშობენ.
ევროპამ უნდა იპოვოს ბალანსი „რევესტერნიზაციასა“ (რომელსაც
ამერიკა სთხოვს) და უსაფრთხოების მოთხოვნებს შორის. დემოკრატიას სჭირდება თავისი „არსენალი“
— როგორც მატერიალური, ისე ღირებულებითი. ევროპის გადარჩენა პრაქტიკული ინტერესებიდან
მათ შორის მეტაფიზიკურ/ეროვნულ ღირებულებებზე დაბრუნებით არის შესაძლებელი, რათა შიდა
ფრაგმენტაცია გარე საფრთხეების წინაშე კაპიტულაციად არ იქცეს.
გიორგი ანთაძე
15.02.2026
https://www.rand.org/ard/projects/will-to-fight.html
https://www.youtube.com/watch?v=o9DNWK6WfQw
No comments:
Post a Comment