რეზიუმე: სამხედრო ლოგისტიკა წარმოადგენს ომის თეატრში სამხედრო ძალებისა და იარაღის სისტემების გადატანისა და უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცესებისა და შესაძლებლობების ერთობლიობას. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამხედრო მოქმედების წარმატებისთვის. ეს განსაკუთერებით ნათლად აჩვენა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულმა საომარმა ოპერაციებმა და კამპანიებმა. მათ დოქტრინებში ხაზგასმით აღინიშნება, რომ თანამედროვე პირობებში ლოგისტიკა - სამხედრო მოქმედებებისთვის საჭირო მასალების, ნაგებობებისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის პროცესის ინტეგრირებულ სერიას წარმოადგენს.
ჯარების ყოველმხრივი და უწყვეტი ლოგისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს უმეტეს ქვეყანაში ითვლება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით განხორციელების ძირითად ფაქტორად. ლოგისტიკის სისტემის მნიშვნელობა ყველას მიერ არის აღიარებული და თანამედროვე პირობებში უცხოელი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით, ის უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. Eეს განსაკუთრებით სახმელეთო ძალებს ეხება, ვინაიდან, ნატო-ს ფარგლებში სწორედ ამ სახეობას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მისი მობილურობის, მანევრურობის, ურთიერთქმედების, დარტყმის ოპერატიული სიღრმის გაზრდის თვალსაზრისით. ოპერაციებისა და სამხედრო კამპანიების მსვლელობა და შედეგები უშუალოდაა დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, თუ რამდენად სრულად და დროულად იქნება უზრუნველყოფილი ჯარები ყველა აუცილებელი საშუალებით, რამდენად ჩქარა დაბრუნდებიან მწყობრში დაჭრილები და ავადმყოფები, აგრეთვე, აღდგენილი დაზიანებული შეიარაღება და ტექნიკა. ამდენად აქსიომას წარმოადგენს ის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ლოგისტიკური უზრუნველყოფას მოკლებული ჯარები ვერ შეძლებენ თავისი საბრძოლო შესაძლებლობების რეალიზებას.

