Showing posts with label საქართველო. Show all posts
Showing posts with label საქართველო. Show all posts

February 15, 2026

ევროპის ეგზისტენციალური კრიზისი და უსაფრთხოების ახალი პარადიგმა

 ქვემოთ რასაც დავწერე, შეიძლება საკამათო იყოს და ასეც არის, თუმცა მე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ უსაფრთხოების ჭრილში და ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამაჩნია, იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობს მარკო რუბიო და დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაცია მაგას თაოსნობით, ევროპის ვარდნაში და რა კავშირი აქვს მას უსაფრთხოების გაგებასთან ამერიკის, როგორც ამ უსაფრთხოების მიმწოდებელთან.

მარკო რუბიოს ბოლო გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იყო მხოლოდ რიგითი პოლიტიკური განცხადებაეს იყოგამოღვიძების ზარიმთელი დასავლური ცივილიზაციისთვის და იმ ეგზისტენციალური კრიზისის აღიარება, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას. როდესაც ჩვენ ევროპისდაცემაზევსაუბრობთ, პრობლემა მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტების სიმცირეში ან ტექნიკურ ჩამორჩენაში არ არის; პრობლემა გაცილებით ღრმაა  ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ადამიანი, მიუხედავად ციფრული ჰიპერ-კავშირებისა, უფრო მარტოსული და ატომიზებული გახდა, ვიდრე ოდესმე. პოსტ-სიმართლისა და სოციალური ქსელების გარემომ ინდივიდი კიდევ უფრო გამორიყა იმ ტრადიციული ერთობებიდან, როგორიცაა ოჯახი, ეკლესია თუ ლოკალური თემი, რამაც პირდაპირი დარტყმა მიაყენა მათ შორის უსაფრთხოების  სამშობლოსგანცდას, იდენტობას და აშ. ამ კონტექსტში მახსენდება 2024 წლის და მანამდელი RAND-ის კორპორაციის კვლევები ბრძოლის ნებაზე, რომ ბრძოლის ნება (Will to Fight) არის ომის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. საუკეთესო ტექნოლოგიაც კი უსარგებლოა მისი გამოყენების ნებისა და გამძლეობის გარეშე.



September 09, 2024

საქართველო – კულტურა და ისტორია ვს. დემოკრატია?

 


(კახა კაციტაძე)

   ამ ტექსტში  ასე შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ჩვენ შევეხებით იმას, თუ როგორი იყო საზოგადოდ ხელისუფლების აღქმა ტრადიციულ ქართულ კულტურაში და რამდენად არის ეს აღქმა ადაპტირებადი დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ექსისტენციალური კითხვა ასე ჟღერს: იყო თუ არა ისტორიულ ქართულ კულტურაში ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას თუ პირუკუ: იმისათვის, რათა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს კულტურულ და ისტორიულ ტრადიციაზე და ნულიდან დავიწყოთ ახალი ქართველების მშენებლობა.

  პოლიტიკურად ანგაჟირებული დავა “ქართველობის” შენარჩუნების თუ დაკარგვის, ისევე როგორც ეროვნული ტრადიციების როლზე, ამ კითხვაზე დაიყვანება. ერთნი თავდადებით იცავენ “ძველ”, “ნაღდ” ქართველობას, სხვები ასევე თავდადებით უარყოფენ მას, ამკობენ რა ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “გურჯობა” და “გრუზინცობა”. არადა უმნიშვნელოვანესია ის, რომ არც ერთ დაჯგუფებას თუგინდ ზედაპირული ანალიზიც კი არა აქვს ჩატარებული იმისა თუ რაში მდგომარეობს ისტორიული ქართული კულტურის ბირთვი. მეტიც, ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ამ საკითხს ეხება, ძალიან ცუდად იცნობს იმას, თუ რა არის “დასავლეთი”, და საერთოდ არ იცნობს ქართულ კულტურას (იმის გაცნობიერება, რომ მოსაწყენი სუფრა და გრძელი სადღეგრძელოები ცუდია, სულაც არ ნიშნავს თითქოს რაიმე უწყი ქართულ კულტურაზე).

August 20, 2024

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ  ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

შესავალი

ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.

წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.  ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო  მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში. 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები

 ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები.

ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ანოტაცია

ნაშრომი ეხება სახელმწიფოს სისტემური მოდელის განხილვას. დაზუსტებულია ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისას მოიხმარება. ნაჩვენებია, რომ  როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და შესაბამისად ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება იმ ძირითადი სისტემების მიხედვით (ცხრა), რომლებიც სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემათა მეტასისტემის სტრუქტურას (მატრიცას) ქმნიან.

ავტორის შესახებ

ალექსანდრე მჭედლიშვილი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (სამხედრო დაზვერვა). 2000–2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. გაიარა სტაჟირება აშშ, თურქეთისა და რუმინეთის   უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე.  2004 წლიდან თადარიგში. ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.

ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია

 

ტაქტიკა
საყოველთაო გაგებით თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.
წარმოდგენილი სტატია არის ნაწილი მონოგრაფიისა, რომელიც ეხება ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორიას ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა დაპყრობამდე. Mმონოგრაფიაში სხვასთან ერთად განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია, აღჭურვილობა, ფორტიფიკაცია, კომუნიკაციები, ლოგისტიკა, სხვადასხვა კამპანიები და ა.შ. წარმოდგენილი სტატიის უკეთ გაგებისათვის უცილებელია აღინიშნოს კვლევის იმ მონაკვეთის ძირითადი შედეგი, რომელიც ეხება იბერიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. შესაბამის მონაკვეთში, დასაბუთებულია, რომ ძველი იბერიის და კოლხეთის არმიების ძირითად დამრტყმელ ძალას მძიმე ე.წ. კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (იხ.ნახატი I, 2, 3). მათ გარდა ქართულ სახელმწიფოთა არმიებში შედიოდნენ საშუალო და მსუბუქი მოისარი ქვეითები და საშუალო/მსუბუქი კავალერია. ასეთი ორგანიზაციის არსებობის (რომელიც დაწვრილებით სხვა სტატიაში იქნება განხილული) გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ხელოვნების ისეთი ელემენტის სპეციფიკის გასათვალისწინებლად, როგორიც არის ტაქტიკა.

ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი


(2004)

http://newmexiken.com/wp-content/images/2006/12/AntietamLights.jpg

  დ.თევზაძე;

ხშირად, საბრძოლო მოქმედებათა დასრულების შემდეგ, როდესაც მსჯელობის საგანი ამ ქმედებათა შეფასება ხდება, ისმის კითხვა:რატომ დაიღუპა ჯარისკაცი? ზოგს ჯარისკაცის დაღუპვა ბუნებრივად მიაჩნია:ომია და ჯარისკაცი უნდა დაიღუპოს. ზოგს, ამდაგვარი ახსნა არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ ასეთი რამ აუცილებელი არ არის, თუმცა შესაძლოა, რომ ჯარისკაცი დაიღუპოს. აღნიშნული კალამბური არ გახლავთ და ომის წარმოების მიმართ ორ სხვადასხვა მიდგომას, ორ სხვადასხვა ფილოსოფიას გამოხატავს. პირველის მიხედვით, ჯარისკაცი ომის მასალაა, რომელიც ომის დროს უნდა დაიხარჯოს. მეორის მიხედვით, ჯარისკაცი საბრძოლო ქმედებათა ცენტრალური ფიგურაა, რომლის წარმატება (საბრძოლო ამოცანის შესრულება) მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს. სხვათაშორის, ამ მიდგომის უკან დგას არა იმდენად ჰუმანიზმი, რამდენადაც ცივი, პრაგმატული გათვლა:პირველი, დაღუპული ჯარისკაცი ამოცანას ვერ ასრულებს და მეორე, დაღუპულთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შესაძლოა პოლიტიკური სირთულეები შექმნას და პოლიტელიტისთვის ომის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს. სხვა საქმეა, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულება სიცოცხლის მაღალი რისკის შემცველია და უმეტესად შეგნებულ თავგანწირვას გულისხმობს.

ჯ. კაშია- ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში

 ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში

ჯანრი კაშია

ქართული კულტურის პარადიგმა
და გამოწვევები ცვალებად გეოპოლიტიკურ დაფაზე
.

ეროვნული უსფრთხობის კონცეფციის შესახებ

      ეროვნული უსფრთხოება სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის ის სეგმენტია, რომელიც თავისთავში მოიცავს მთელი სახელმწიფოებრივი სისტემის სურათს. თუ სახელმწიფო მთელი თავისი მრავალფეროვანი ელემენტებით განხილულ იქნება როგორც ჰოლოგრამა, შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხობა წარმოადგენს ამ ჰოლოგრამის კვინტესენციას ან, არქეტიპს (ურფორმას). ადამიანის ან ადამიანთა საზოგადოების (მთლიანობაში პიროვნების, ოჯახის, ერისა და სახელმწიფოს) არსებობა შეძლება დავახასიათოთ როგორც გარკვეულ საზღვრებში ურთიერთის გვერდით მოსახლე და ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა (ინდივიდთა, ოჯახთა და ჯგუფთა) მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობა. ეს ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც ვუწოდებ უსაფრთხობის ველს.უსაფრთხოების მშვიდობიანი ველი არის ის პირობა, რომლითაც ყალიბდება და იქმნება თავისუფალი და მდგრადი საცხოვრისი ყველასათვის, ვინც ამ ველში ცხოვრობს და სადაც, თუ მოვიშვე¬ლიებთ ქრისტიანულ ფორმულას, რომლითაც რუსთველი ასრულებს თავის სახელმწიფოებრივი ყოფიერების ფილოსოფიას, ‘თხა და მგელი ერთად სძოვს’.

August 18, 2024

ქართული გეოპოლიტიკის „აღმოსავლეთის ექსპრესი“

 ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს,  პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ გაჟღერებულ იქნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე ადის, კერძოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო ქართული აუდიტორიისთვის და ვნებათაღელვაც გამოიწვია. ვფიქრობ საინტერესო იქნება განვიხილოთ აღნიშნული განცხადება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სანამ არ გავრცელდება კონკრეტული შეთანხმების ტექსტი, თუ რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, მანამდე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ანალიზის გაკეთება, რაც მოკლებული იქნება კონკრეტული მიმართულებების განხილვას. თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა არსებული გლობალური და ლოკალური სურათის გათვალისწინებით, მაინც არის შესაძლებელი.




გლობალური კონტექსტი


„ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის თვისობრივად ახალ ხასიათზე ვფიქრობთ არავინ იდავებს. ისეთი მომენტები, როგორიცაა გლობალიზაცია, თვისობრივად ახალი კონფლიქტების წარმოშობა არაერთხელ გამხდარა პოლიტოლოგთა კვლევის საგანი, თუმცა ეს პერიოდი და დამდგარი ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა „ცივი ომის“ როგორც ბიპოლარული პერიოდის დაპირისპირების დასრულებით და მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზირებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა გამოიწვია.

მაკრონი და გეოპოლიტიკა

 ქართული საზოგადოების რეაქცია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებულია და უმეტესად, ემოციებით გაჯერებული. ზოგადად, პრაგმატული და მშვიდი რეაგირება ამა თუ იმ მოვლენასა თუ ინფორმაციაზე, საზოგადოებრივი და მედიასივრცის ძლიერი მხარე არ არის..

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან“, ერთსულოვანი აღშფოთება მოჰყვა მედიასა და სოციალურ ქსელებში.


რა შეიძლება იდგეს მაკრონის ამ სიტყვების უკან? რამდენად ლეგიტიმურია ეს ხედვა დღეს?


საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბათ ნაკლებად იცის ჩვენი საზოგადოების ფსიქო-ემოციური, ისტორიული და, მე ვიტყოდი, საკრალური დამოკიდებულება, რაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ისტორიულად ახასიათებს.



სულხან-საბა ორბელიანის ევროპული ვოიაჟი ქართულ პოლიტიკურ დისკურსში დღემდე აქტუალურია და ეს საკმარისი მაგალითია, დავრწმუნდეთ - რიგითი ქართველისთვის მისი ევროპასთან კუთვნილება, ან არკუთვნილება მგრძნობიარე თემაა და განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში.

August 17, 2024

5 ივლისის გაკვეთილები - ეროვნული ღირებულებები და ეროვნული უსაფრთხოება

მოვლენები რომელის მომსწრენიც გუშინ გავხდით შეფასებას იმსახურებენ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ჭრილშიც.  ასევე მართებულად მიმაჩნია ჩემი მოსაზრება გამოვხატო ქრისტიანობის და ზოგადად მართლმადიდებლობის ისტორიულ როლზე და მის ადგილზე დღევანდელობაში, ვინაიდან ტრადიციებისა და რწმენის საკითხი ჩვენი პოლიტიკური ველის განუყოფელ თემებად იქცა.

ბუნებრივია ჩვენი მსჯელობა, მხოლოდ დილეტანტური მიმოხილვაა ზემოთ აღნიშნული ცნებების ისტორიულ ადგილსა და როლზე ჩვენს ცნობიერებაში, თუმცა, რამდენიმე მოსაზრების დაფიქსირება მნიშვნელოვნად ჩავთვალე გუშინ, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში განვითარებული მოვლენების ფონზე და აუცილებლად მივიჩნიე, დამეკავშირებინა ეროვნული  უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტთან.


ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ყველანაირი თეორიული მსჯელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სტრატეგიული დაგეგმარების სფეროში,  იწყება ღირებულებების განსაზღვრებით.  



ხშირად როდესაც საქართველოში ღირებულებებზე საუბრობენ, მაშინათვე მოიშველიებენ ხოლმე ილია ჭავჭავაძის მიერ მოცემულ ქართულ სამებას - მამული, ენა, სარწმუნოება. მაგრამ როგორია ამ სამების შემადგენლების თანამედროვე გაგება, ან გნებავთ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მათი განცდა?

ნატო-ში გაწევრიანება და საქართველოს „დიდი სტრატეგია“

 ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოსაზრებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად ახლებური მიდგომისა და მოდელის შესახებ. „ნატო-ს იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს, ძალიან რთული იქნება. თუმცა, თუ ტერიტორიების დაბრუნება ნატო-ს მოქმედებების ფუნდამენტური პოზიცია არ იქნება, ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გააადვილებს.“ - ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი სტავრიდისი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს. 


ამერიკელი ადმირალი პირველი არ არის, ვინც ამგვარ განცხადებას აკეთებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ადრეც მოვისმინეთ მსგავსი მოსაზრებები. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „The Heritage Foundation“-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი ასევე, შეეხნენ ამ საკითხს სხვადსხვა დროს.

 

August 14, 2024

რეგიონალური სამხედრო დისბალანსი და საქართველო : დასკვნები მსჯელობისათვის


12 ივნისი, 2020 წ.
„ომი - ეს მგელია და იგი შესაძლოა თქვენს კარებთანაც მოვიდეს.”
ბერნარდ შოუ


ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, მისი ერთ-ერთი ძალისმიერი გამოვლინება. ჯარი კი ის ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფო მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიმართავს. ნებისმიერი ჯარის პირველადი ამოცანა რა თქმა უნდა მასზედ დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება არის, იმ უფლებამოსილების რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული.

ზოგადად, ნებისმიერი არმია მხოლოდ ორ მდგომარეობაში იმყოფება - ომობს ან ემზადება ომისათვის. ესაა მისი ამოსავალი უმთავრესი ფუნქცია, რა თქმა უნდა სხვა მხარდამჭერ ამოცანებთან ერთად. რაც არ უნდა წარმატებული იყოს მისი, როგორც სახელწმიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის მხარდამჭერი დანიშნულებით გამოყენება, პირველ რიგში მისი ავკარგიანობა ზემოთ ნახსენები უზენაესი მიზნისა და ფუნქციის განხორციელების პრიზმაში განიხილება, რაც არის მისი მზაობა შემდეგი ომისათვის რომელიც შეილება ოდესმე იყოს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ქვეყნის თავდაცვის ძალების ამოცანები ჩვენს კონსტიტუციაშია მოცემული.

საქართველოს სამხედრო სტრატეგია – კონცეპტუალური ხედვა

 საქართველოს სამხედრო სტრატეგია-

კონცეპტუალური ხედვა

შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ავტორის შესახებ

თადარიგის გენერალი გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი, დაიბადა 1960 წელს, თბილისში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992-2004 წლებში.1992-96 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველო¬ში (სამხედრო დაზვერვა) და სხვა ოფიცრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.1996 წლიდან აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექციის უფროსი. 2003 წელს, როგორც თავდაცვის

ეროვნული აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის განვითარებას. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველო – აშშ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებში, სადაც წარადგინა ქართული მხარის ხედვა საქართველოს სამხედრო სტრატეგიის შესახებ.2004 წლიდან, გ. გოგაშვილი, როგორც ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან, მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და სემინარებში. არის მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მას მიენიჭა 2003 წელს, აშშ თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ.

August 01, 2024

გეოპოლიტიკის დაბრუნება და საქართველო სტრატეგიულ მარტოობაში


მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი გახდა. მსოფლიოში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ორ ძირითად დასკვნამდე მივყავართ, რომ როგორც ბუნება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები ვერ იტანს ძალის სიცარიელეს. იგი აუცილებლად ავსებს მას და არ არსებობს გარანტია, რომ ეს ძალა თავისი არსით პოზიტიური იქნება, ამიტომ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული აზროვნება კვლავინდებურად აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და დასაცავად.




თავისებურად აისახებოდა ეს ცვლილებები საქართველოს გეოპოლიტიკურ გარემოზეც.  2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ პერიოდში საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ორი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური-ტექტონიკური მოვლენა მოხდა. პირველი- სამოქალაქო ომი სირიაში და მის მიერ გამოწვეული რყევები. მეორე კი ყირიმისა და უკრაინის მოვლენები. ვფიქრობ არსებული გეოპოლიტიკური გარემო სწორედ ამ ორი მოვლენის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის  ძირითად საგარეო პოლიტიკური  მიზნები, რომელის საქართველოს დღეს გააჩნია.