Showing posts with label სტრატეგია. Show all posts
Showing posts with label სტრატეგია. Show all posts

December 13, 2025

„სამხედრო ძალის გამოყენება“



 თავდაცვის მდივნის, პატივცემული კასპარ უ. უაინბერგერის მიერ ეროვნულ პრეს-კლუბში წარმოსათქმელად მომზადებული სიტყვა, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი.

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 1984 წელი


"გმადლობთ მოწვევისთვის, რათა დღეს აქ ვიმყოფებოდე ეროვნული პრეს-კლუბის წევრებთან ერთად — ჯგუფთან, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავარი აზრი, რომლის ხაზგასმასაც ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ვაპირებ, არის ის, რომ წარმატებული დემოკრატიის ყველაზე კრიტიკული ელემენტი — ჩვენი ძირითადი მიზნების გარშემო არსებული მხარდაჭერისა და თანხმობის მტკიცე კონსენსუსია. პოლიტიკა, რომელიც იმის მკაფიო გააზრების გარეშე ყალიბდება, თუ რისი მიღწევა გვსურს, ვერასდროს იმუშავებს. და თქვენ ეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს ამ გააზრების ჩამოყალიბებაში.

იმ მრავალ პოლიტიკურ საკითხს შორის, რომლის გაგებასაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ — და რაც სჭირდებათ კიდეც — არცერთი არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც ის, რაც ჩვენს დღევანდელ თემას უკავშირდება: სამხედრო ძალის გამოყენება. შეკავების პოლიტიკა (Deterrence) მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ საბჭოთა კავშირს ეცოდინება ჩვენი მტკიცე ერთგულება მშვიდობის შენარჩუნებისადმი... და მხოლოდ კარგად ინფორმირებული საზოგადოებისგან შეგვიძლია მოველოდეთ იმ ეროვნულ ნებასა და ერთგულებას.

January 20, 2025

ტრამპი, გრენლანდია და ამერიკის წყლები - რას გვიყვება გეოპოლიტიკა

ტრამპის მხრიდან საუბარი პანამის, გრენლანდიის და კანადის შესახებ თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა წმინდა გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ამერიკისთვის ტრადიციული ხედვების გამოვლენაა ეს ყველაფერი. ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს გეოპოლიტიკის ჭრილში.

მოგეხსენებათ, ეტიმოლოგიურად ტერმინი გეოპოლიტიკა შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან: Geo მიწა და Politikos- ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქალაქთან: სახელმწიფოსთან, მოქალაქესთან და ა.შ. შესაბამისად ამ დისციპლინის განვითარებაში უდიდესი როლი გეოგრაფიულმა დეტერმინიზმმა და მასთან დაკავშირებულმა სწავლებებმა შეიტანა. 


ტრამპის მიერ გაჟღერებული აქვენტები სწორედ კლასიკური გეოპოლიტიკით არის განმსჭვალული. რატომ პირდაპირ ასე? რას ნიშნავს გეოპოლიტიკური მიდგომა? რას ითვალისწინებს იგი?

August 20, 2024

ნატო-ს ქვეყნების სახმელეთო ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ძირითადი მახასიათებლები

  რეზიუმე: სამხედრო ლოგისტიკა წარმოადგენს ომის თეატრში სამხედრო ძალებისა და იარაღის სისტემების გადატანისა და უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცესებისა და შესაძლებლობების ერთობლიობას.  ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამხედრო მოქმედების წარმატებისთვის.  ეს განსაკუთერებით ნათლად აჩვენა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულმა საომარმა ოპერაციებმა და კამპანიებმა.  მათ დოქტრინებში ხაზგასმით აღინიშნება, რომ თანამედროვე პირობებში ლოგისტიკა  - სამხედრო მოქმედებებისთვის საჭირო მასალების, ნაგებობებისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის პროცესის ინტეგრირებულ სერიას წარმოადგენს.



საკვანძო სიტყვები: ლოგისტიკური სისტემა, ტექნიკური უზრუნველყოფა, საჯარისო რემონტი, საველე რემონტი.
    ჯარების ყოველმხრივი და უწყვეტი  ლოგისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს უმეტეს ქვეყანაში ითვლება საბრძოლო მოქმედებების წარმატებით განხორციელების ძირითად ფაქტორად.  ლოგისტიკის სისტემის მნიშვნელობა ყველას მიერ არის აღიარებული და თანამედროვე პირობებში უცხოელი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით, ის უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.  Eეს განსაკუთრებით სახმელეთო ძალებს ეხება, ვინაიდან, ნატო-ს ფარგლებში სწორედ ამ სახეობას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მისი მობილურობის, მანევრურობის, ურთიერთქმედების, დარტყმის ოპერატიული სიღრმის გაზრდის თვალსაზრისით.  ოპერაციებისა და სამხედრო კამპანიების მსვლელობა და შედეგები უშუალოდაა დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, თუ რამდენად სრულად და დროულად იქნება უზრუნველყოფილი ჯარები ყველა აუცილებელი საშუალებით, რამდენად ჩქარა დაბრუნდებიან მწყობრში დაჭრილები და ავადმყოფები, აგრეთვე, აღდგენილი დაზიანებული შეიარაღება და ტექნიკა.  ამდენად აქსიომას წარმოადგენს ის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ლოგისტიკური უზრუნველყოფას მოკლებული ჯარები ვერ შეძლებენ თავისი საბრძოლო შესაძლებლობების რეალიზებას.

ტანკები ბრძოლის ველზე

 “ისინი იქცნენ მოუწყვლად მხეცებად და მათი (ერაყელების) ღამის კოშმარად”

აშშ საზღვაო ქვეითთა ტაქტიკური საბრძოლო ჯგუფ ”ტარავას” მეთაური


ვახტანგ კაპანაძე
ბრიგადის გენერალი

პირველ რიგში მათთვის, ვინც ვეღარ ხედავს ტანკების მომავალს, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში, მინდა განვაცხადო - ტანკები წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას ავღანეთში!  მოკავშირეთა ოპერაციის ფარგლებში თავდაპირველად ტანკები გამოყენებულ იქნა კანადელებისა და დანიელების მიერ 2006 წლიდან.  მათმა ”ლეოპარდებმა” აქტიურად მიიღეს მონაწილეობა აშშ და ავღანეთის სამთავრობო ჯარების მთავარ შეტევაში პენჯაბის რაიონში, ხოლო მდინარე ზარის ნაპირებზე ორგანული 120 მმ-იანი ქვემეხით ეფექტურად ახორციელებდნენ აშშ-ს 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლების მხარდაჭერას. ავიაციასთან, არტილერიასა და ინჟინრებთან მჭიდრო ურთიერთქმედებით ტანკებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს მოწინააღმდეგის განადგურებაში ჰოუზ-ე-მედანთან, ნალგამთან და სანგსართან.   საცეცხლე და დარტყმითი შესაძლებლობების გამოყენებასთან ერთად, ტანკები ეფექტურად ასრულებენ ქვეითებისთვის დანაღმულ ველებზე გასასვლელების მომზადებისა და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან დაცვის ფუნქციებს.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა

(გიორგი გოგაშვილი)

შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ  ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

შესავალი

ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.

წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში.  ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო  მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში. 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები

 ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნის პრინციპები.

ნაშრომს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ანოტაცია

ნაშრომი ეხება სახელმწიფოს სისტემური მოდელის განხილვას. დაზუსტებულია ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნისას მოიხმარება. ნაჩვენებია, რომ  როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების სტრატეგიაზე და შესაბამისად ისაზღვრება საფრთხეები, აუცილებელია მათი კლასიფიცირება იმ ძირითადი სისტემების მიხედვით (ცხრა), რომლებიც სახელმწიფოს, როგორც ამ სისტემათა მეტასისტემის სტრუქტურას (მატრიცას) ქმნიან.

ავტორის შესახებ

ალექსანდრე მჭედლიშვილი- დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქ.მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (სამხედრო დაზვერვა). 2000–2003 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსი. გაიარა სტაჟირება აშშ, თურქეთისა და რუმინეთის   უმაღლეს სამხედრი–პოლიტიკურ კურსებზე.  2004 წლიდან თადარიგში. ბოლო სამხედრო წოდება – ბრიგადის გენერალი. 2003 წლიდან გეო–სტრატეგიული კვლევების ჯგუფის თანადამფუძნებელი.

ომის ოთხი თაობა


თანამედროვე სამხედრო თეორიაში ომებს ზოგადად ყოფენ ოთხ თაობათ.ქვემოთ თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ ამ თაობებს დ მის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს.ნუმერაცია სათავეს იღებს ვესტფალიის შემდგომი პერიოდიდან, მას შემდეგ რაც საერთაშორისო არენაზე გამოსვლას იწყებენ ე.წ. ნაცია სახელმწიფოები.
პირველი თაობა
•დაახლოებით მოიცავს 1648-1860 წწ;
• ხაზისა და კოლონის ტაქტიკა სადაც ბრძოლის ველი უკვე         დისცპლინირებული და ორგანიზირებულია;
•ორგანიზირებულმა ბრძოლის ველმა შექმნა სამხედრო დისციპლინის კულტურა;
•უმრავლესობა ნიშნებისა რაც განასხვავებს სამხედროებს სამოქალაქოებისგან სწორედ ამ პერიდში შეიქმნა: უნიფორმები, მისალმებები, წოდებათა დიფერენცია.
picture21

ვესტფალიის ზავი

•1648 წელს, ვესტფალიის ზავით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი.ხელშეკრულებებს ხელი 1648 წლის 24 ოქტომბერს მოეწერა და მონაწილეობდნენ: წმინდა რომის იმპერატორი ფერდინანდ მესამე, გემრანელი პრინცები, საფრანგეთი და შვედეთი;
• ცნობილია როგორც საერთაშორისო ურთერთობათა სისტემის ფუძემდებელი აქტი.იგი გულისმობდა:

-  სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და პოლიტიკური    თვითგამორკვევის ფუნდამენტურ უფლებას;

-  სახელმწიფოთაშორის (ლეგიტიმური) თანაშწორობის პრინციპს;

-  ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.

ევგენი მესნერი-”ამბოხი ომი”

 

messner

(სტატია დაწერილია 2008 წელს)

პოლკოვნიკმა ევგენი მესნერმა (1891-1974), დაამთავრა მიხაილოვსკის საარტილერიო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემიის სწრაფი კურსი.იგი მონაწილეობდა პირველ მსოლიო ომში და ასევე იყო კორნილოვსკის დამრტყმელი დივიზიის შტაბის უკანასკნელი უფროსი.პრაკტიკული სამხედრო საქმიანობის გარდა ევგენი მესნერი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აქტიურ სამხედრო თეორიულ საქმიანობასაც ეწეოდა და არა ერთი საინტერესო ნაშრომის ავტორია.სწორედ მას ეკუთვნის თეორია ე.წ. “ამბოხი-ომის” შესახებ.

 მესნერი სხვადასხვა პერიოდში, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში მომხდარ მრავალ ლოკალურ ომსა და კონფლიკტებში, ტერორზიმსა და პოლიტიკურ ექსტრემიზმში ხედავდა მომავლის შეიარაღებული დაპირისპირებების ძირითად ფორმას.

ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია

 

ტაქტიკა
საყოველთაო გაგებით თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.
წარმოდგენილი სტატია არის ნაწილი მონოგრაფიისა, რომელიც ეხება ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორიას ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა დაპყრობამდე. Mმონოგრაფიაში სხვასთან ერთად განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია, აღჭურვილობა, ფორტიფიკაცია, კომუნიკაციები, ლოგისტიკა, სხვადასხვა კამპანიები და ა.შ. წარმოდგენილი სტატიის უკეთ გაგებისათვის უცილებელია აღინიშნოს კვლევის იმ მონაკვეთის ძირითადი შედეგი, რომელიც ეხება იბერიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. შესაბამის მონაკვეთში, დასაბუთებულია, რომ ძველი იბერიის და კოლხეთის არმიების ძირითად დამრტყმელ ძალას მძიმე ე.წ. კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (იხ.ნახატი I, 2, 3). მათ გარდა ქართულ სახელმწიფოთა არმიებში შედიოდნენ საშუალო და მსუბუქი მოისარი ქვეითები და საშუალო/მსუბუქი კავალერია. ასეთი ორგანიზაციის არსებობის (რომელიც დაწვრილებით სხვა სტატიაში იქნება განხილული) გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ხელოვნების ისეთი ელემენტის სპეციფიკის გასათვალისწინებლად, როგორიც არის ტაქტიკა.

ჯ. კაშია- ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში

 ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში

ჯანრი კაშია

ქართული კულტურის პარადიგმა
და გამოწვევები ცვალებად გეოპოლიტიკურ დაფაზე
.

ეროვნული უსფრთხობის კონცეფციის შესახებ

      ეროვნული უსფრთხოება სახელმწიფოებრივი ჰოლოგრამის ის სეგმენტია, რომელიც თავისთავში მოიცავს მთელი სახელმწიფოებრივი სისტემის სურათს. თუ სახელმწიფო მთელი თავისი მრავალფეროვანი ელემენტებით განხილულ იქნება როგორც ჰოლოგრამა, შეიძლება ვთქვათ, რომ უსაფრთხობა წარმოადგენს ამ ჰოლოგრამის კვინტესენციას ან, არქეტიპს (ურფორმას). ადამიანის ან ადამიანთა საზოგადოების (მთლიანობაში პიროვნების, ოჯახის, ერისა და სახელმწიფოს) არსებობა შეძლება დავახასიათოთ როგორც გარკვეულ საზღვრებში ურთიერთის გვერდით მოსახლე და ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა (ინდივიდთა, ოჯახთა და ჯგუფთა) მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობა. ეს ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც ვუწოდებ უსაფრთხობის ველს.უსაფრთხოების მშვიდობიანი ველი არის ის პირობა, რომლითაც ყალიბდება და იქმნება თავისუფალი და მდგრადი საცხოვრისი ყველასათვის, ვინც ამ ველში ცხოვრობს და სადაც, თუ მოვიშვე¬ლიებთ ქრისტიანულ ფორმულას, რომლითაც რუსთველი ასრულებს თავის სახელმწიფოებრივი ყოფიერების ფილოსოფიას, ‘თხა და მგელი ერთად სძოვს’.

ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება"

 

ტერორიზმთან განსაზღვრებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სიტუაცია არ იძლევა ერთიანი ნათელი წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალებას მის ბუნებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არცერთი არსებული დეფინიცია არ აღწერს ტერორიზმს სრულად და რჩება არაერთი ლეგიტიმური შეკითხვა.

დღეს არსებული ტერორიზმის ნებისმიერი დეფინიცია როგორც წესი აღწერს მის რომელიმე ასპექტს, ან რამდენიმეს. თუმცა ჩვენის აზრით არ ასახავს ტერორიზმის ბუნებას. დეფინიციების უმრავლესობაში ტერორიზმის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციის, ან უწყების მიერ არის მოცემული დეფინიცია და იგი განმარტებულია ამ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის ჭრილში. ასეა როგორც გაეროს, ან ევრო კავშირის დეფინიციების შემთხვევაში, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ მოყვანილი დეფინიციებშიც.

ჩვენი სტატიის მიზანი არ არის ამ დეფინიციების კონკრეტული განხილვა, მათი ზოგადი ნაკლოვანების ხასიათზე უკვე აღვნიშნეთ, რომ არცერთი განხილული დეფინიცია არ იძლევა ტერორიზმის ნათელ განმარტებას, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ტერორიზმის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას აღწერს, ამასთან არ ეხება მის არსს. ის გამოხატულებები რაც ტერორიზმს ახასიათებს იმდენად ზოგადი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელს ქმნის რამენაირად ტერორიზმის განმარტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.

36 სტრატაგემა

ტერმინი „სტრატაგემა“ ძველი ბერძნული სიტყვა strategema- დან (στρατήγημα - სამხედრო ხრიკი, ეშმაკობა, ჩინ. 計 პალ ცზი)  მოდის, რაც ზოგადად სამხედრო საქმეს ან სამხედრო ხრიკს, ეშმაკობას აღნიშნავდა.ძველ ჩინეთში ტერმინი (ჩინურად: ჩჟიმოუ, ფანლუე, მოულუე და ა.შ.) ასევე  რაიმე სახის ეშმაკობის ან ხრიკის შემცველ სტრატეგიულ გეგმას აღნიშნავდა. საინტერესოა თვითონ ამ ჩინური ტერმინის სემანტიკა: ბინომი „ჩჟიმოუ“ მაგალითად ერთდროულად აღნიშნავს გონიერებას, მოხერხებულობას, იმპროვიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამხედრო საქმის სპეციფიკას, როგორც ისეთი საქმიანობის არეს სადაც მუდამ რჩება შემთხვევითობისა და სიურპრიზების არეალი, რაც იგივე კლაუზევიცის აზრით ომის ბუნების ორგანული ნაწილია.


სტრატაგემების ამდაგვარი გაგება შორეულ წარსულში ჩაისახა და პირველ რიგში სამხედრო და პოლიტიკური ორთაბრძოლასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სტრატაგემების და ზოგადად სტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია ძველი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოაზროვნის სუნ-ცზის ტრაქტატმა „ომის ხელოვნება“, რომელიც ფაქტობრივად სტრატეგიული გათვლების  სწორედ სტრატაგემებად გააზრებას მოითხოვს.სტრატაგემა თავისი შინაარსით ალგორითმის მსგავსად ორგანიზებას უწევს ჩანაფიქრის განსახორციელებელ მოქმედებათა  თანამიმდევრულობას.

August 17, 2024

ომის ცხრა პრინციპი - რატომ ჩავარდა რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში

 „ომი სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“

სუნ ძი


ერთ თვეზე მეტია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და დღეს ცალსახად შეიძლება საუბარი რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო კამპანიის წარუმატებლობაზე, დაზვერვის, ლოგისტიკის ჩავარდნაზე, დიდი შენაერთების მართვის უუნარობაზე. თუმცა უპირველესად თვალშისაცემია არასწორი დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის შედეგები. თუ რუსეთის გენერლების მოქმედებებს და ზოგადად სამხედრო კამპანიის მიმდინარეობას მივუსადაგებთ ომის დამკვიდრებულ პრინციპებს, მაშინათვე ნათელი გახდება, რომ თითქმის ომის არცერთი პრინციპი არ იქნა კამპანიის მიმდინარეობის დროს რუსების მიერ დაცული, რაც შესაბამის შედეგებში აისახა. ვფიქრობ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს რას წარმოადგენს ზოგადად ე.წ. „ომის 9 პრინციპი“ დასავლურ სამხედრო აზროვნებაში და რას გვეტყვიან ეს პრინციპები, თუ მათ რუსეთის სამხედრო კამპანიის პრიზმაში გავაანალიზებთ. ამის შემდგომ დღეს უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანის ფიასკო უფრო ლოგიკური და გასაგებიც იქნება.

 
არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთა სწორედ იმპლემენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმვისთვის და მოქმედებებისთვის, დაწყებული საბრძოლო შენაერთებიდან გაგრძელებული საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.

ვეინბერგერიდან ზურაბიშვილამდე: რატომ არ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი


როგორც კარლ ფონ კლაუზევიცის ცნობილი გამონათქვამით ვიცით - ომი ეს პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. სინამდვილეში ამ ციტატის უკან საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალების გამოყენების საკმაოდ რთული მექანიზმია, რომელიც ხშირად, საერთაშორისო ვითარების გათვალიწინებით, ჩახლართულ კომბინაციებს და გარემოებებს ქმნის, რაც ართულებს სამხედრო ინსტრუმენტის წარმატებულ გამოყენებას. ამიტომ აუცილებელია, ავანტიურული პოლიტიკური მიზნების არსებობის შემთხვევაშიც კი, გონიერმა და რაციონალურმა სამხედრო აზროვნებამ შესაბამისი გავლენა მოახდინოს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე მსოფლიოს ნაწილი და განსაკუთრებით ქართული საზოგადოება, მისთვის ჩვეული ემოციურობით ელოდებოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას - ყველას აინტერესებდა დაიწყებოდა თუ არა ახალი დიდი ომი აშშ-ს და ირანს შორის, რომელიც შესაძლო მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაზრდილიყო. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი საპასუხო განცხადებებმა ეს მოლოდინი მალევე გააქრო და ქართულმა საზოგადოებამაც შვებით ამოისუნთქა, მორიგი აპოკალიპტური ისტერია ქართულ სოციალურ ქსელში გადაიდო და იგი „არანაკლებ მნიშვნელოვანმა“ მეორედ მოსვლის საკითხმა ჩაანაცვლა.

August 15, 2024

ავღანური სინდრომი

 ისინი (თავისუფალი სამყაროს ლიდერები) არ ცდილობენ წავიდნენ თავისი უშუალო სტრატეგიული მიზნის იქით, რომელიც  „ომის მოგებაში“ მდგომარეობს და ისტორიული გამოცდილების საპირისპიროდ თვლიან, რომ სამხედრო გამარჯვება მშვიდობამდე მიგვიყვანს .. წმინდა სამხედრო სტრატეგია უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო შორსმჭვრეტელი და უფრო ფართო პერსპექტივის მქონე „დიდი სტრატეგიით“. - ლაიდელ ჰარტი

იმპერიების სასაფლაო“ - ხშირად ასე უწოდებენ ავღანეთს და ერთი შეხედვით ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, მართლაც ასეა - 1989 წლის 13 თებერვალს უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. 2021 წლის 31 აგვისტოს უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავი ტოვებდა ქაბულის აეროპორტს. ორივე შეთხვევაში მსოფლიოს ზესახელმწიფოების მიზნები განსხვავებული იყო ავღანეთის მიმართ, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე სახელმწიფო დამარცხებული დაბრუნდა უკან - ომის შედეგად ვერცერთმა ვერ შეძლო დაატოვებინა იმდაგვარი მშვიდობა რაც საშუალებაც მოგვცემდა გვეთქვა, რომ ომი გამარჯვებით დასრულდა. ტრილიონობით დახარჯული დოლარი, მილიარდობის ღირებულების თალიბანის ხელში მოხვედრილი სხვა და სახვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა,  ქვეყნის გაურკვეველი მომავალი და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებული თალიბანი. ამას თან ერთვის სხვა რეგიონალური მოთამაშეების გაძლიერებული პოზიციები - ასეთია ამშ-ს ყველაზე ხანგრძლივი ომის არა სრული შედეგების ჩამონათვალი. 

August 14, 2024

რეგიონალური სამხედრო დისბალანსი და საქართველო : დასკვნები მსჯელობისათვის


12 ივნისი, 2020 წ.
„ომი - ეს მგელია და იგი შესაძლოა თქვენს კარებთანაც მოვიდეს.”
ბერნარდ შოუ


ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, მისი ერთ-ერთი ძალისმიერი გამოვლინება. ჯარი კი ის ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფო მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიმართავს. ნებისმიერი ჯარის პირველადი ამოცანა რა თქმა უნდა მასზედ დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება არის, იმ უფლებამოსილების რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული.

ზოგადად, ნებისმიერი არმია მხოლოდ ორ მდგომარეობაში იმყოფება - ომობს ან ემზადება ომისათვის. ესაა მისი ამოსავალი უმთავრესი ფუნქცია, რა თქმა უნდა სხვა მხარდამჭერ ამოცანებთან ერთად. რაც არ უნდა წარმატებული იყოს მისი, როგორც სახელწმიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის მხარდამჭერი დანიშნულებით გამოყენება, პირველ რიგში მისი ავკარგიანობა ზემოთ ნახსენები უზენაესი მიზნისა და ფუნქციის განხორციელების პრიზმაში განიხილება, რაც არის მისი მზაობა შემდეგი ომისათვის რომელიც შეილება ოდესმე იყოს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ქვეყნის თავდაცვის ძალების ამოცანები ჩვენს კონსტიტუციაშია მოცემული.

საქართველოს სამხედრო სტრატეგია – კონცეპტუალური ხედვა

 საქართველოს სამხედრო სტრატეგია-

კონცეპტუალური ხედვა

შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე ჟურნალში-  “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”

ავტორის შესახებ

თადარიგის გენერალი გიორგი რევაზის ძე გოგაშვილი, დაიბადა 1960 წელს, თბილისში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992-2004 წლებში.1992-96 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველო¬ში (სამხედრო დაზვერვა) და სხვა ოფიცრებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული სამსახურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.1996 წლიდან აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულებამდე, მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის ფორმულირებასა და განვითარებასთან. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს პრეზიდენტის _ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის სამხედრო ინსპექტორი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექციის უფროსი. 2003 წელს, როგორც თავდაცვის

ეროვნული აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა სამხედრო წვრთნისა და განათლების სისტემის განვითარებას. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საქართველო – აშშ ორმხრივ თავდაცვით კონსულტაციებში, სადაც წარადგინა ქართული მხარის ხედვა საქართველოს სამხედრო სტრატეგიის შესახებ.2004 წლიდან, გ. გოგაშვილი, როგორც ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან, მონაწილეობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებზე გამართულ შეხვედრებსა და სემინარებში. არის მეცნიერებათა მაგისტრი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც მას მიენიჭა 2003 წელს, აშშ თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ.