ამ ტექსტში ასე შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ჩვენ შევეხებით იმას, თუ
როგორი იყო საზოგადოდ ხელისუფლების აღქმა ტრადიციულ ქართულ კულტურაში და რამდენად
არის ეს აღქმა ადაპტირებადი დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ექსისტენციალური კითხვა ასე ჟღერს: იყო თუ არა ისტორიულ ქართულ კულტურაში ისეთი
მომენტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების
დამკვიდრებას თუ პირუკუ: იმისათვის, რათა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე დემოკრატიულ
სახელმწიფოდ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს კულტურულ და ისტორიულ ტრადიციაზე და ნულიდან
დავიწყოთ ახალი ქართველების მშენებლობა.
პოლიტიკურად ანგაჟირებული დავა “ქართველობის” შენარჩუნების თუ დაკარგვის, ისევე როგორც ეროვნული ტრადიციების როლზე, ამ კითხვაზე დაიყვანება. ერთნი თავდადებით იცავენ “ძველ”, “ნაღდ” ქართველობას, სხვები ასევე თავდადებით უარყოფენ მას, ამკობენ რა ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “გურჯობა” და “გრუზინცობა”. არადა უმნიშვნელოვანესია ის, რომ არც ერთ დაჯგუფებას თუგინდ ზედაპირული ანალიზიც კი არა აქვს ჩატარებული იმისა თუ რაში მდგომარეობს ისტორიული ქართული კულტურის ბირთვი. მეტიც, ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ამ საკითხს ეხება, ძალიან ცუდად იცნობს იმას, თუ რა არის “დასავლეთი”, და საერთოდ არ იცნობს ქართულ კულტურას (იმის გაცნობიერება, რომ მოსაწყენი სუფრა და გრძელი სადღეგრძელოები ცუდია, სულაც არ ნიშნავს თითქოს რაიმე უწყი ქართულ კულტურაზე).
ერთ-ერთი უბედურება, რომელიც საბჭოეთში ყოფნამ მოგვიტანა, დამოუკიდებლობის
დაკარგვის გარდა, იყო ის, რომ ქართული აზრი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა დასავლეთის
ინტელექტუალურ სივრცეში მიმდინარე პროცესებისაგან. ჩვენ გამოვტოვეთ ის
მიმართულებები, რომლებიც სათანადო მეთოდებსა და პარადიგმებს იძლეოდნენ ქართული
კულტურის ფუნდამენტალურად ახლებური გადააზრებისათვის : ჰერმენევტიკა,
ფენომენოლოგია, ფსიქოანალიზი, სტრუქტურალიზმი...
ამიტომაც არის, რომ ხელისუფლების აღქმის თემა ქართულ კულტურაში სრულიად ყამირი
თემაა. ის, რომ ქართულ აზროვნებაში აქამდე არ დასმულა კითხვა ქართულ კულტურაში
ხელისუფლების აღქმის შესახებ, შემთხვევითი გარემოება არ არის. საბჭოურ რეალობაში
ხელისუფლების თემა, ისევე როგორც ადამიანური ყოფიერების რიგი სხვა ასპექტები,
ტაბუდადებული იყო (ამგვარი ტაბუს ჩინებული მაგალითი იყო პატიოსანი საბჭოთა
მოქალაქის ცნობილი განცხადება ამერიკელებთან გამართული ტელეხისას, რომელსაც
“პერესტროიკის” გარიჟრაჟზე ჰქონდა ადგილი. საბჭოთა მოქალაქემ მაშინ სრული
სერიოზულობით განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს). აბსოლუტური
ხელისუფლების არსიდან გამომდინარეობს ის, რომ ხელისუფლების არსზე ყოველი
რეფლექსია ტაბუს ექვემდებარება.
ასე რომ საბჭოთა საქართველოში აპრიორი ვერ გაჩნდებოდა კითხვა ხელისუფლების
შესახებ, ხელისუფლების რეფლექსური დისკურსი. თუმცა ასევე ვერ გაჩნდებოდა ის
ცარისტული რუსეთის შემადგენლობაში მყოფ საქართველოშიც. ამასაც ცარისტული
ხელისუფლების ბუნება განაპირობებდა.Aასევე ვერ გაჩნდებოდა ეს დისკურსი შუა
საუკუნეებში, ვინაიდან ამ თემასაზე რეფლექსიას არსად, არც ერთ შუასაუკუნებრივ
კულტურაში არ ჰქონია ადგილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული შუასაუკუნეები
ევროპულზე რამოდენიმე საუკუნით მეტხანს გრძელდება და თითქმის უშუალოდ ეკვრის
რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, გასაგებია, რომ ქართულ აზროვნებაში უბრალოდ არ
არსებობდა სააზროვნო სივრცე ხელისუფლების დისკურსზე დისკუსიის გაშლისათვის
(პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის ხანაში ამ საკითხისათვის ცხადია არავის
ეცალა).
მაგრამ
რატომ არ დადგა ეს საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თანაც ინტერნეტის
ეპოქის პირობებში? აქ ვფიქრობ, რამოდენიმე ფაქტორმა ითამაშა თავისი როლი.
პირველ ყოვლისა ხაზს გავუსვავთ იმას, რომ დასავლეთში ხელისუფლების დისკურსის
შესახებ კითხვა პირველ ყოვლისა ფილოსოფოსებს შორის ჩნდებოდა. საბჭოთა
საქართველოში, უფრო ზუსტად მისი არსებობის ბოლო პერიოდში, როდესაც მატ-ნაკლებად
თავისუფალი ფილოსოფიური კვლევების შესაძლებლობა გაჩნდა, თავად ფილოსოფიის აღქმა
იყო სპეციფიკური. ფილოსოფია ითვლებოდა სივრცედ, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალი
იყო რეჟიმის სიბინძურეებთან შეხებისაგან. ფილოსოფია რეჟიმისგან ერთგვარი
თავშესაფარი იყო. თავშესაფარი იყო იმ ადამიანთათვის, რომელთაც არ სურდათ რაღაც
ფორმით ყოფილიყვნენ ინტეგრირებულნი რეჟიმის დისკურსში და ამავე დროს სურდათ საერო
პირებად დარჩენილიყვნენ (იგულისხმება, რომ ამგვარი თავშესაფარს ეკლესიაში არ
ეძებდნენ).
ამგვარი
იზოლირება, სრულიად გასაგები კომუნისტური რეჟიმის პირობებში, გულისხმობდა
ფილოსოფიის განრიდებას ყოველივე იმისგან რაც პოლიტიკას ეხებოდა.
პოლიტიკა თავისთავად გაიაზრობოდა, როგორც ბინძური საგანი, რომელიც არც იმსახურებს
იმას, რომ მასზე რაიმე რეფლექსია განხორციელდეს. ფილოსოფია წმინდა შემეცნებას უნდა
ემსახურებოდეს და შესაბამისად უპირატესად გნოსეოლოგიის, ონტოლოგიის, აქსიოლოგიისა
და ესთეტიკის სფეროებით უნდა შემოიფარგლებოდეს.
ამ
მიდგომის ინერცია დღესაც შეიმჩნევა. არადა ჰეგელის გნოსეოლოგია და ონტოლოგია,
ისევე როგორც მისი ისტორიის ფილოსოფია, ლოკის და ჰობსის გნოსეოლოგია ან ჰაიდეგერის
ნააზრევი არა მხოლოდ თავისთავად, ფილოსოფიურად არის საინტერესო (ეს ისედაც
ნათელია), არამედ იმდენადაც რამდენადაც გვეხმარება პასუხი გავცეთ იმ აქტუალურ
კითხვებზე ჩვენს ირგვლივ რომ ჩნდებიან (კითხვების ამგვარი ადეკვატური დაყენების
ნიმუშები მერაბ მამარდაშვილის ნააზრევშია საძიებელი). თუ კომუნისტურ ხანაში ამ
კითხვებიდან ერთგვარი განრიდება, ერთგვარი ინტელექტუალური ჰიგიენა, სრულიად
გასაგები იყო, ახლა მას არავითარი გამართლება არ აქვს. ფილოსოფოსებები სადღაც
იმქვეყნიურში ვერ ჩავიკეტებით, აქ ვცხოვრობთ, მუნ ვართ და კეთილი უნდა ვინებოთ ამ
მუნყოფნაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხოთ.
მეორე
მიზეზი იმისა, რომ საერთოდ არ დამდგარა კითხვა ხელისუფლების ბუნების შესახებ
ქართულ კულტურაში, ჩვენი ინტელექტუალური წრეების ოპოზრტუნიზმი იყო. მათი
გამყიოდველობა ჭეშმარიტების მიმართ დ უგვანი მცდელობები გამხდარიყვნენ რომელიმე
ხელისუფლების კარის მეხოტბენი. აქ არსბითი არ არის ვინ ემლიქვნელებოდა
გამსახურდიას, ვინ შევარდნაძეს და ვინ – სააკაშვილს. მთავარია, რომ ადამიანები
რომელთაც მიუკერძოებლად უნდა ეაზრათ ხელისუფლების არსზე, თავად გამოდიოდნენ
რომელიღაც ხელისუფლების აპოლოგეტის, ხშირად მლიქვნელების როლშიაც კი. ბუნებრივია
ისინი სერიოზულად ვერ დააყენებდნენ საკითხს ხელისუფლების არსის გაგებაზე ტრადიციულ
ქართულ კულტურაში (პლუს მათ ამ სფეროში დასავლური კვლევების ნოუ ჰაუებიც ძალიან
ცუდად იცოდნენ და კიდევ უფრო ცუდად იცნობდნენ ქარტულ კულტურას).
ამ და მთელირიგი სხვა მიზეზების გამო, ქართულ ისტორიულ კულტურაში ხელისუფლების
არსის გაგების შესახებ კითხვა აქამდე სერიოზულად არ დამდგარა და სერიოზული კვლევის
საგანი არ გამხდარა. Aარ გამხდარა უპირველეს ყოვლისა ფილოსოფიური თვალთახედვით.
ამიტომ ამ ტექსტში ვერ შეხვდებით რაიმე ვრცელ მითითებებს ქართულ ფილოსოფიურ
ტექსტებზე სადაც აკადემიურად გაიაზრება რამდენად ადაპტირებადია ქართული ისტორიული
კულტურა დემოკრატიული დისკურსის კონტექსტებისადმი. ვერ შეხვდებით იმიტომ, რომ
ამგვარი მითითება მოითხოვს იმ ვრცელი ტექსტების არსებობას, სადაც გაშლილადაა
განხილული საკითხი ხელისუფლების აღქმაზე ქართულ ისტორიულ, ან თუგინდ თანამედროვე
კულტურაში. ასეთი ვრცელი ტექსტები კი არ არსებობენ.ამისდამიუხედავად ეს ტექსტი
მაინც ფილოსოფიურ ხასიათს ატარებს, როგორც საკითხის დაყენების ისე კვლევის ლოგიკის
თვალსაზრისით.
ხელისუფლების დისკურსის შემსწავლელი ტექსტების აუცილებლობას მხოლოდ ფილოსოფიური
მოთხოვნები არ განაპიროებებენ. დასავლეთის ინტელექტუალური ცხოვრების ისტორია
ნათლად და ცალსახად ადასტურებს, რომ ხელისუფლების აღქმის გლობალური თუ ლოკალური
პარადიგმა ჯერ ფილოსოფიურად უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ გავრცელდეს
კულტუროლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური და მენტალური ისტორიის,
ანთროპოლოგიის თუ სხვა სფეროებში. ეს რასაკვირველია არ ნიშნავს, თითქოს ქართულ
კულტურაში ხელისუფლების აღქმის და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ადაპტირებადობის
პრობლემა მხოლოდ იმათი მონოპოლიაა ვისაც ჯიბეში ფილოსოფოსის დიპლომი უდევთ.
ლაპარაკია იმაზე, რომ თავად კვლევა, საკითხის დაყენება და გადაწყვეტა უნდა
ატარებდეს ფილოსოფიურ ხასიათს, თუგინდ სხვა რაკურსით და სხვა ჭრილში (სოციალურში,
კულტურულში, ფსიქოლოგიურში) იყოს დაყენებული.
ამრიგად
ამ ტექსტს რამოდენიმე სპეციფიკური მოიმენტი ახასიათებს. თემაც, ფილოსოფიური
მიდგომის ცდაც და ერთგვარად ბრიკოლაჟური ხასიათიც. ფრანგულ სტრუქტურალიზმში
ბილიარდიდან აღებული ტერმინი “ბრიკოლაჟი” გულისხმობს იმას, რომ მე ბურთს ბილიარდის
ლუზში ვაგდებ არა პირდაპირი დარტყმით , არამედ არეკვნის ხერხის გამოყენებით. ამ
დროს ბურთს ლუზში მე ბორტზე არეკვნით ვაგდებ. სამხედროები ამგვარ მიდგომას
არაპირდაპირი მოქმედების (მიდგომის) სტრატეგიას ეძახიან (strategy of indirect
approach).
მოკლედ
ბრიკოლაჟური ტექსტი გულისხმობს საგნის არსზე არაპირდაპირ გასვლას. საგნის არსი
როგორც აღვნიშნეთ ისაა, რომ გავარკვიოთ: რამდენად ადაპტირებადია დასავლური
დემოკრატიული ღირებულებები ტრადიციული და ისტორიულ ქართული კულტურის კონტექსტში.
ამ კითხვაზე პასუხს კი ბრიკოლაჟურად მივიღებთ : იმის კვლევით თუ როგორ
აღიქმებოდა ხელისუფლება ქართულ კულტურაში.
ტრაგიკომიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების აღქმის სპეციფიკას ქართულ
კულტურაში, მართალია გაკვრით და მარგინალური ფორმით ეხებიან, ისეთი დიდი
დასავლელი მოაზროვნეები, როგორიც მარკ ბლოკი და მირჩა ელიადე, ხოლო თავად
საქართველოში თემა სრულიად დაუმუშავებელია. მირჩა ელიადე თავისი ცნობილი ნაშრომის
“Iმაგეს ეტ შყმბოლეს”-ის მესამე თავში კლოსის, ვეზენდონკის და სერგი მაკალათიას
ნაწერებზე დაყრდნობით მიუთითებს კვანძების, ჯაჭვების და ბორკილების როლზე ქართულ
არქაულ ტრადიციაში. ელიადე თვლის რომ კვანძების და კვანძების არქაული მეუფის
შესახებ წარმოდგენის ერთ-ერთი მთავარი წყარო კავკასიაშია საძიებელი (ამ მეუფის
შესახებ წარმოდგენა კი ელიადეს მიხედვით გადამწყვეტია ხელისუფლების არსის არქაული
გაგებისათვის).
ბლოკის განთქმულ ნაშრომი “სასწაულმოქმედი ხელმწიფენი” რამდენჯერმე არის მითითება
ხელისუფლების საკრარულობის აღქმაზე ქართულ კულტურაში, რაც გამოიხატება ქართველთა
რწმენაში, რომ ბაგრატიონთ მეფეებს ბეჭზე ჯვრის თუ არწივის ფორმის მქონე ხალი აქვთ.
მარკ ბლოკი რაღაც ფორმით გამოთქვავს იმედს, რომ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით
გაშუქდება. თუმცა იმედი იმედად დარჩა. მარკ ბლოკი საფრანგეთის წინააღმდეგობის
მოძრაობაში მონაწილეობისათვის გესტაპომ დახვრიტა, ხოლო საქართველოში ამ საკითხის
გაშუქება არც არავის მოუნდომებია (ზემოთ ნახსენებ გარემოებათა, აგრეთვე კვლევის
წარმოებასთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ და ტექნიკურ სირთულეთა გამო).
Aამრიგად
ეს პირველი ქართული ფილოსოფიური ტექსტია ქართულ კულტურაში ხელისუფლების აღქმის შესახებ.
როგორც პირველი მცდელობა ის თავისუფალი ვერ იქნება ნაკლოვანებებისაგან. ავტორი
სიამოვნებით მიიღებს და გაითვალისწინებს ნებისმიერ არგუმენტირებულ შენიშვნას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაშრომის ფორმამ და მოცულობის რეგლამენტირებულობამ
ერთგვარად შეზღუდა კვლევის არეალი, თუმცა იმედია თემის აქტუალიზაციასთან ერთად
საკითხის სხვა ასპექტებიც გაშუქებაც დაიწყება.
ხსენებულმა გარემოებებმა განაპირობეს ის, რომ ავტორი შუა საუკუნეების კულტურით
ისაზღვრება და მხოლოდ გაკვრით ეხება საკითხს ხელისუფლების აღქმაზე არქაულ ან
თანამედროვე ქართულ კულტურაში. არადა არქაულ ქართულ კულტურაში ხელისუფლების
საკრარული აღქმის კვალი ნათლად იკვეთება. ეს გამოიხატება არა მხოლოდ
ხელისუფლებასთან დაკავშირებული სიტყვების “ხელის-უფალი”, “ხელ-მწიფე” ეტიმოლოგიაში
(რომელიც ხელის მისტიკურ ძალაზე დაიყვანება), არამედ კვანძების, ბორკილების,
სკვნისა და ახსნის მითოლოგემის ფართოდ გავრცელებაში ქართულ ფოლკლორში. მაგალითად
ქართული შელოცვა:
“ავედი
მაღალსა მთასა, გადავხედე შავ ზღვასა,
დედა
სკნიდა, შვილი ხსნიდა,
სკნელს
მხსნელი აჭარბებდა,
შეჭრეტილი,
შეღრეკილი გეიხსნა და გეიშალა(იხ.ჰომო, 62)
ჩემს წიგნში “ჰომო მილიტარის” ვცადე დამესაბუთებინა, რომ ქართულ მიტოსის ღთაება
ვობი გამოდიოდა კვანძების საკრარულ მეუფედ, მსგავსად უინდური ვარუნასი 2. ასეთი
მეუფის არსებობა ადასტურებს იმას, რომ ქართულ არქაული ტრადიციაში ხელისუფლების
არქაული გაგების დაფიქსირება დანამდვილებით შეიძლება. მაგრამ ეს საკითხი ჩვენი ამ
ნაშრომისთვის საინტერესო არ არის, ვინაიდან არც ერთი არქაული აზროვნების (მათ
შორის ქართულის, უფრო ზუსტად ქართველურის) გაგებაში პრინციპულად ვერ დადგება
საკითხი რამდენადაა ხელისუფლების ეს (არქაული) გაგება ადაპტირებადი დემოკრატიის
კონტექსტისადმი.
სულ სხვაა შუასაკუნეები, რომლებიც თუ დიდ უმბერტო ეკოს დავუჯერებთ უკვე და კვლავ
დაგვიდგა. წინააღმდეგ ლიბერალებს შორის გავცელებული აზრისა, შუა საუკუნეების
კულტურის რიგი არსებითი ელემენტები ადაპტირებადია დემოკრატიული სისტემის
ღირებულებებისადმი. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ რომ ამგვარი ელემენტები ისტორიულ
ქართულ კულტურაშიც (ვიმეორებ ჩვენს შემთხვევაში ასეთი მხოლოდ შუა საუკუნეების
კულტურაა) მოიპოვება. ამასთან მკითხველს ვთხოვ ახსოვდეს ნაშრომის ბრიკოლაჟური
ხასიათი და გაითვალისწინოს, რომ ყველგან, მათ შორის ერთი შეხედვით თემიდან
მოშორებული საკითხების კვლევისაც კი, ამ ტექსტს ერთი მთავარი მიზანი აქვს: პასუხი
გასცეს კითხვას რამდენადაა ადაპტირებადი ქართული კულტურა დასავლური დემოკრატიული
ღირებულებებისადმი და გვჭირდება თუ არა ამ კულტურაზე უარის თქმა რათა თანამედროვე,
დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ერად ვიქცეთ.
- Hომო Mილიტარის,
თბილისი, 2009, გვ.62
- იქვე, გვ.60-63
წუწუნა პარადიგმები
საყოველთაოდ ცნობილია ის ძირითდი პარადიგმები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა და ხდება საქართველოს ისტორიის აღქმა. ისინი რაღაც ფორმით ერთ ზეპარადიგმაზე: “ედესღაც დიდი ყოფილა საქართველოზე” დაიყვანებიან. იგულისხმება, რომ საქართველო ოდესღაც დიდი ყოფილა, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო დაკნინებულა. თუმცა ოდესმე რომელიღაც დიდი და ბრძენი მმართველის (არა აქვს მნიშვნელობა გამსახურდიას, შევარდნაძის თუ სააკაშვილის) წყალობით ერთხელაც გაბრწყინდება.
რატომ
დაკნინდა საქართველო? არავითარი სერიოზული ანალიზი იმ პოლიტიკური, ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული ფაქტირებისა, რომელმაც 15-ე საუკუნიდან მოყოლებული
საქართველოს მდგრადი დეგრადაცია (უნდა გვახსოვდეს რომ დეგრადაციაც ზუსტად ისევე
შეიძლება იყოს მდგრადი, როგორც აღმავლობა) გამოიწვია არ ხდება. ხდება მითითება
მხოლოდ იმაზე, რომ მტერი შეუდარებლად ბრავალრიცხოვანი იყო. ამავე დროს ხაზი
გაესმის იმასაც, რომ ქართველები ისეთი მაგრები ვართ, რომ ეს მრავალრიცხოვანი
მტრებიც კი ვერაფერს დაგვაკლებდნენ, შიდაგამცემლობა რომ არა. ქართველებს რომ
შიდაგამცემლობა აღმოგვეფხვრა და ერთ მუშტად შევკრულიყავით, თემურ-ლენგსაც და
შაჰ-აბაზსაც ცხვირ-პირს დავუნაყავდით.
ამგვარი პროპაგანდისტული კლიშის სათევე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებშია საძიებელი,
თუმცა საქართველოს ისტორიის გააზრებისას წამყვან მიდგომად ბოლო ორი საუკუნეა იქცა.
ამგვარი მიდგომა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, გაბატონებული იყო საბჭოთა
საქართველოშიც, რაც აისახა სტალინის მიერ მოწონებულ საეტაპო ფილმში “გიორგი
სააკაძე”. ფილმში სპეციალური კონტრასტული პიარსაშუალებებით ერთმანეთს
უპირისპირდებიან საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი გიორგი სააკაძე და
შინაგამცემი შადიმან ბარათაშვილი. ეს უკანასკნელი რომ არა, შაჰ-აბასი ვერც
ვერაფერს დაგვაკლებდა.
მიდგომა, რომელიც ეროვნულ ისტორიას იაზრებს მტრების მრავალრიცხოვნებისა და
შინაგამცემლობის თვლსაზრისით, მხოლოდ საქართველოსათვის როდია დამახასიათებელი. მას
სხვადასხვა სახით ვიპოვით მაგალითად ბალკანელ ხალხებთან: ბულგარელებთან,
რუმინელებთან, სერბებთან. ასე რომ აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ქართველთათვის
დამახასიათებელ უცნაურობაზე. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ანალიზის
საგანი სწორედ ქართულ საზოგადიოებაში და ისტორიკოსთა შორის საყოველთაოდ
გაბატონებული ამგვარი მიდგომა იქნება.
გაბატონებული
მიდგომა ამბობს: საქართველოს უბედურების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ ჩვენი სიმცირე
და მტრის სიმრავლეა (ეს თავისთავად იგულისხმება), არამედ შიდაგამცემლობა და
ურთიერთგაუტანლობა. ეს მიდგომა რელიეფურ და ჩინებულ გამოხატულებას გიორგი
I-ის წინასასიკვდილო სიტყვებში ჰპოვებს კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის
მარჯვენიდან”. ქართველთა წარუმატებლობა თითქოს პირველ ყოვლისა იმის ბრალია, რომ
შიდაგამცემელთა და გატანელთა გადამკიდე ერთ მუშტად ვერ ვიკრებოდით.
ეს მიდგომა საუსრულებლად პიარდებოდა სტალინის პერიოდში და დღევანდელი ოფიციალური
პიარის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს.
ამ
მიდგომიდან განომდინარეობდა კონკრეტული დასკვნა: საქართველოს დიდი მმართველი იყო
მხოლოდ ის, ვინც დაუნდობლად ამოშანთავდა შიდაგამცემლებს, რაც საქართველოს
საშუალებას მისცემდა გარე მტრები დაემარცხებინა და კვლავ “დიდად” ქცეულიყო.
ამგვარი იდეებით აღსავსეა დღევანდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
(ოფიციალურიც და არაოფიციალურიც) და ფორუმები.
ამ პროგრამის ყველაზე სრულყოფილად გატარებას დავით აღმაშენებელს მიაწერენ. რათა
ხაზი გაუსვან ამ პროგრამის გატარებასთან დაკავშირებულ სირთულეს, დიდ მეფეს,
რომელიც მაქსიმალურად ერიდებიოდა სისხლის დაღვრას, სისხლის წვიმების
დაყენებას მიაწერდნენ.
არადა
ლაპარაკია “გალობაი სინანულისაი”-ს ავტორზე, რომელსაც სიკვდილით მთავარი
მტერი - ბაღვაშიც კი არ დაუსჯია. ეპიზოდი კ.გამსახურდიას “დავით აღაშენებელში”
სადაც ლაპარაკია ბაღვაშის ძელზე გასმაზე, ავტორის მხატვრული წარმოსახვის ნაყოფია,
რომელიც არც ერთ ისტორიულ წყაროში არ დასტურდება. მაგრამ ეს პუბლიკისათვის
არსებითი არაა. მთავარია უნდა იყოს ძლიერი ხელისუფლალი, რომელიც რკინის ხელით
ამოშანთავს შინაგამცემებს და ამის შემდეგ ძლევს გარე მტრებს.
ყურადღება თანმიმდევრობაზეა მისაქცევი. ჯერ დაუნდობლად უნდა ამოიშანთოს შიდა
მტრები, შემდეგ მოხერხდება გარე მტრების დაძლევა და მხოლოდ ამის შემდეგ
საქართველოს გაბრწყინება. ესაა მეორე მითი გარე მტრებთან მარტოდმარტო გმირულად
მეომარი და ყველას მიერ მიტოვებული საქართველოს მითის პარალელურად (ამ უკანასკნელს
მე “გონდორის მითი” ვუწოდე”).
მაგრამ შიდაგამცემთა ამოშანთვა მხოლოდ ძლიერი, მეტიც, აბსოლუტური
ხელისუფლების პირობებში შეიძლება. ამიტომ გარე მტრებ/შიმაგამცემთა სიმრავლოს
შესახებ თეზისიდან, აუცილებლობით გამომდინარეობს მტკიცება, რომ საქართველოს
გადარჩენა მხოლოდ აბსოლუტურ ხელისუფლებას შეუძლია. ამით მართლდებოდა ხელისუფლერბის
აბსოლუტიზაციის მცდელობები როგორც განსახურდიას, ისე შევარდნაძის და ისე სააკაშვილის
მმართველობის პერიოდში (მთავარი პიარ-სტერეიოტიპი: “რა დროს დემოკრატიააა, როდესაც
მტერი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას და ქვეყანა შიდაგამყიდველებითაა სავსე. მთელი
ხელისუფლების ერთი პირისათვის გადაცემაა საჭირო”).
ჩვენ თავს გვახვევენ მიდგომას, რომლის თანახმად დემოკრატია ფუფუნებაა, რომლის
უფლება მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ქვეყანა
გაბრწყინდება. მანამდე კი კვაზიდემოკრატიას უნდა დავჯერდეთ.ამ ლოგიკით გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა მხოლოდ 1990 წელს უნდა
დაემკვიდრებინათ, მანამდე კი სანამ ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ გდრ, არსებობდა,
ძალაუფლება ერთი ფიურერისათვის უნდა გადაეცათ. საბედნიეროდ გერმანელ;ები ასე არ
მოიქცნენ.…
დაუსრულებელი
წუწუნი აბსოლუტურ ხელისუფლების არარსებობაზე საქართველოს ისტორიისადმი მიდგომის
მთავარი ელემენტია. დაუსრულებლად მივტირით აბსოლუტურ ხელისუფალს, რომელიც
რკინის ხელით ამოშანთავდა შიდაგამცემლობას, დაამარცხებდა გარე მტრებს და
გააბრწინებდა იბერიას. ამასთან ამგვარი რკინის ხელის როლი, უცნაური მეტამორფოზების
პირობებში, შეძელო სხვა ქვეყნის ხელისუფალს, მაგალითად სტალინს შეესრულებინა
(სტალინი შესანიშნავად ჯდებოდა აღწერილ სქემაში, რასაც ჩანს თავადაც ხვდებოდა და
დაუნდობელ პიარექსპლუატაციას უწევდა ამ მომენტს).
თქვენ წარმოიდგინეთ ამ როლს გრიგოლ ორბელიანი, მართალია არაპირდაპირ, რუსეთის
იმპერატორი ნიკოლოზ I-საც კი აკისრებდა:
ხელმწიფევ
ჩვენო,
ძლიერო
ბრძენო,
ნიკოლოზ
დიდო სულგრძელობითა!
მხედარნი
შენნი,
ერთგულნი
მხნენი,
ვჰსვამთ
სადღეგრძელოს მოწიწებითა!
. . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თამარის დღენი,
დიდების
დღენი,
შენ
მოუვლინე შენსა ივერსა!...1.
ამ
მომენტს დაწვრილებით ქვემოთ არაერთგზის შევეხებით. ახლა მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ
არცთუ დიდი ხნის წინ, გრ.ორბელიანის პარადიგმას, გარკვეული მოდიფიკაციით,
ქართველები კვლავაც ვიყენებდით. სახელდობრ რაღაც იმის მსგავს როლს, რომელსაც
გრიგოლ ორბელიანი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს აკისრებდა, დღევანდელი ქართველები
ამერიკის პრეზიდენტ ჯ .დაბლიუ ბუშ-უმცროსს ვაკისრებდით (არადა მისი იმედი მგონი
მამამის ჯ. დაბლიუ ბუშ - უფროსსაც არ ჰქონია). ასე რომ აბსოლუტური ხელისუფლის და
რკიბის ხელის იდეა რაღაც ზენაციონალური იდეაც კი იყო, რომლის მეშვეობითაც
გაოაზრებოდა ყოველივე რაც საქართველოს ცხოვრებაში მოხდა, ხდება და მოხდება.
აბსოლუტური ხელისუფლების აბსოლუტური სიკეთის მითი საქართველოში არ არის შეთხზული.
არც ბულგარეთში, რუმინეთში ან სერბეთში. ის 19-ე საუკუნის გერმანულ ნაციონალისტურ
ისტორიოგრაფიაშია საძიებელი.
გავიხსენოთ რომ 19-ე საუკუნემდე გერმანია მართლაც კალეიდოსკოპურად იყო
დაქსაქსული. ზოგიერთი ცნობით იყო მომენტები, როდესაც სამასზე მეტი სხვადასხვა
სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არსებობდა. და ეს მაშინ, როდესაც გერმანელთა უშუალო
თუ ზღვისიქითა მეზობლებში ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი მიდიოდა (საფრანგეთი,
ინგლისი, ჰოლანდია).
გერმანელთა ეს დაქსაქსულობა საერთაშორისო – სამართლებრივად გააფორმა ვესტფალიის
1648 წლის ზავმა. ამ ზავმა დაასრულა ოცდაათწლიანი ომი. ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი
იყო ავსტრიის საიმპერატორი კარის მცდელობა, მთელი გერმანია მოაქციათ ავტსრიის
მმართველი დინასტიის, ჰაბსბურგების სკიპეტრქვეშ. ამასთან ჰაბსბურგებს
მაინცადამაინც იმდენად გართიანებული და გაბრწყინებული გერმანიის ხილვა კი არ
აინტერესებდათ, რამდენადაც მსოფლიო კათოლიკური მონარქიის შექმნა მათი დინასტიის
მეთაურობით.
ავტსრიის
ეს მცდელობა აღიკვეთა. აღიკვეთა უპირველეს ყოვლისა კათოლიკური საფრანგეთის,
პროტესტანტული შვეციის (იმხანად მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე
სახელმწიფო) და გერმანიის პროტესტანტული მმართველების გაერთიანებული ძალისხმევით
(პრუსიის სამეფო ამ დროს ფაქტიბრივად არც არსებობდა, უფრო ზუსტად ბრანდენბურგის
მეორეხარისხოვანი სამთავროს სახით იყო წარმოდგენილი).
___________
1.გრიგოლ
ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, თბ.1959,გვ. 98-99;
მხარეების
მოტივაცია სრულიად გამჭვირვალე იყო. საფრანგეთი, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის
იმპერიის ერთმორწმუნე იყო, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა თავის აღმოსავლეთ
საზღვარზე ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნას. გერმანიის დაქსაქსულობის
შენარჩუნებისაკენ მიმართულ პოლიტიკის პოლიტიკას ატარებდა საფრანგეთის ყველა
ხელისუფლალი: ანრი IV-ის კანცლერ სულით დაწყებული, ნაპოლეონით დამთავრებული.
პიკანტური დეტალია : კათოლიკური ავსტრიის მცდელობები უნივერსალური კათოლიკური
მონარქიის შექმნის გზაზე გერმანიის გაერთიანებისა, ჩაშალა ორმა კათოლიკე
კარდინალმა: რიშელიემ და მაზარინიმ (შეთავსებით საფრანგეთის სამეფოს პირველმა
მინისტრებმა).
სხვათა შორის შვედების ამოცანა გარკვეულწილად სარკისებური იყო ჰაბსბურგებისა. თუ
ეს უკანასკნელნი მსოფილო კათოლიკური იმპერიის შექმნას აპირებდნენ, შვედები ოდნავ
ნაკლებად ამბიციური იდეით გამოდიოდნენ : შვედეთის თაოსნობით უნდა შექმნილიყო დიადი
პროტესტანტული კონფედერაცია ნორვეგიის პოლარული ზონებიდან ალპებამდე. თუმცა ეს
სხვა საკითხია.
მოკლედ
ასე თუ ისე, გერმანია გაუერთიანებელი დარჩა. თუმცა გერმანიის გაერთიანების
მოთხოვნა გერმანული თვითცნობიერების ნაწილად იქცა. სხვათა შორის ცნობილი სიტყვები
გერმანიის ჰიმნიდან: “დოიჩლანდ, დოიჩლანდ უბერ ალეს”, წინააღმდეგ გავრცელებული
აზრისა, სულაც არ ამკვიდრებს შეხედულებას თითქოს გერმანელები სხვა ერებზე მაღლა
დგანან. იმ კონტექსტში რომელშიც ეს ტექსტი დაიწერა, ეს მხოლოდ შემდეგს
გულისხმობდა: მთლიანად გერმანიის ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე რომელიმე
გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პარტიკულარული ინტერესები.
გერმანიის
ერთიანობის მოთხოვნამ გერმანელება მიიყვანა მათი დაქსაქსულობის მიზეზების
ძიებამდე. თანაც ეს ძიებები დროში ემთხვევა ისტორიის მეცნიერების ჩამოყალიბებას,
რაშიც გერმანალებს არაუკანასკნელი წვლილი მიუძღვის.
ახალ
ისტორიოგრაფიულ დისკურში გერმანელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი დაქსაქსულობის
მიზეზი იყო ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე და ადგილობრივი ნობილიტეტის
თვითნებობა თუ შიდაგამცემლობა (ამ ნობილიტეტის სათავე შუა საუკუნეების
ვასალიტრეტურ სისტემაშია საძიებელი, რომელზეც ქვემოთ ბევრს ვილაპარაკებთ).
ცენტრალური ხელისუფლება რომ სუსტი არ ყოფილიყო, გერმანია არა მხოლოდ ერთიანი
იქნებიოდა, არამედ მის არაკეთილმოსურნეთ ბდღვირს აადენდა. ეს აზრი ნაპოლეონის
დამარცხების შემდეგ გერმანელ ინტელექტუალთათვის აქსიომად იქცა. დავა მხოლოდ
იმაზეღა იყო ვინ იქნებოდა ის ძლიერი ხელისუფლელი რომელიც გერმანიას გააერთიანებდა
და გარე მტრებს შემუსრავდა. ამ როლზე ორი ძირითადი კანდიდატი გამოიკვეთა: პრუსია
და ავსტრიის იმპერია. ბოლოს პრუსიამ იმძლავრა და თავის ჰეგემონიის ქვეშ
გააერთიანა გერმანია.
გაერთიანებული გერმანია უმოკლეს პერიოდში იქცა მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკურ და
ალბათ ნომერ პირველ კულტურულ და სამხედრო სახელმწიფოდ. ამან გერმანელებში კიდევ
უფრო გააძლიერა რწმენა, რომ გერმანიის არგაბრწყინების მთავარი მიზეზი
დაქსაქასულობა და შიდაგამცემელთა წყალობით გამარჯვებული პარტიკულარიზმი იყო.
თავისთავად ცხადად იქნა მიჩნეული, რომ გაერთიანებული გერმანია უძლეველი იყო.
გაერთიანება კი მხოლოდ აბსოლუტური ხელისუფლების პირობებში შეიძლებოდა. აქედან
ლოგიკურად გამომდინარეობს თვალსაზრისი, რომ აბსოლუტური, ერთ ხელში კონცენტრირებული
ხელისუფლება ერის ისტორიისათვის თავისთავად არის აბსოლუტური სიკეთეა. გერმანიიდან
ამ თვალსაზრისმა გავრცელება მის მეზობლებსიც იწყო.
ჩვენთვის მაინცადამაინც საინტერესო არაა, როგორ აისახა ეს მიდგომა ვთქვათ
საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ნაღრძობ ტვინში. თუმცა ჩვენს თემასთან
არსებით კავშირშია როგორ აისახა ეს გერმანული მიდგომა მაშინდელი რუსეთის იმპერიაში,
რომლის შემადგენლობაშიც საქართველოც შედიოდა.
რუსეთში უკვე არსებობდა ისეთი აბსოლუტური, თვითმოპყრობელური ხელისუფლება, რომლის
არსებობასაც გერმანელი ნაციონალისტები ერის გაერთიანების და გაბრწყინების
აუცილებელ პირობად სახავდნენ. შესაბამისად რუსეთში ეს თეორია ვერ მიიღებდას
ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტის სახეს. სამაგიეროდ მან მიიღო აბსოლუტური
ხელისუფლების აპოლოგიის სახე. რუსისათვის აბსოლუტური ხელისუფლება იქცა არა
მომავალი გაბრწყინების, არამედ ბრწყინვალე აწმყოს შენარჩუნების პროექტად.
რუსულმა პიარმა ამ იდეის ექსპლუატაცია იმით დაიწყო რომ განაცხადა: აი, გერმანიის
მაგალითზე შეხედეთ რა მოაქვს დაქსაქსულობას, ანაქრიას და შიდაგამცემლობასო. და
მადლიერები იყავით, რომ ერთი ხელმწიფე - იმპერატორი გყავთ, რომლის წინაპრების
აბსოლუტურმა მმართველობამ გააბრწინა მისი ქვეშევრდომებიო (რუსეთის იმპერიას
გაბრწყინებულად მარტო რუსები კი არა, გრიგოლ ორბელიანიც მიიჩნევდა). ამიტომ თუ
რუსეთს სურს მარადიულად იყოს გაბრწყინებული, მარადიულად უნდა არსებობდეს
აბსოლუტური ხელისუფლებაო.
რუსმა ისტორიკოსებმა სასწრაფოთ შეთხზეს ამ თეზისის დამტკიცებისათვის აუცილებელი
ისტორიოსოფიული კონცეფცია. იმის გამო, რომ რუსეთში არ არსებობდა გერმანული
(საერთოდ დასავლეთევროპული ან თუგინდ ქართული) ტიპის ნობილიტეტის ფენა, რუსეთის
ისტორია ორი ძალის - ხელისუფლებისა და თემის(რუსული “ობშჩინა”) ბრძოლის
ისტორიად გამოცხადდა.
ამ თეორიით ხელისუფლება ცენტრალისტური, პოზიტიური ტენდენციის მატარებელი იყო, თემი
- პარტიკულარისტულის, ჩამორჩენილის. იმისათვის რომ რუსეთი გაბრწყინებულიყო
ხელისუფლებას თემზე უნდა გაემარჯვა, რისთვისაც მას (ხელისუფლებბას) აბსოლუტისტური
ხასიათი უნდა მიეღო. ხელისუფლების აბსოლუტიზაციის ამ პოზიტიურ პროცესში ყველაზე
თვალსაჩინო ფიგურებად ივანე მრისხანე და პეტრე I მიიჩნეოდნენ. ეს კონცეფცია
ყველაზე ნათლადაა გადმოცემული რუსი ისტორიკოსის სერგეი სოლოვიოვის ნაწერებში
(შემდეგ ეს კონცეფცია წარმატებით იქნა მიღებული სტალინური პიარის შეიარაღებაზე).
ამრიგად,
მსგავსად სამხედრო საქმისა და განათლების სისტემისა, ძირითადი ისტორიოგრაფიული
პარადიგმა რუსეთში გერმანიიდან იქნა “იმპორტირებული”. მართალია რუსეთის იმპერიის
თავისებურებებმა ამ კონცეფციას თავისი დაღი დაასვა, მაგრამ ეს ჩვენთვის არსებითი
არაა. არსებითია ის, რომ რუსეთის გზით ეს გერმანული კონცეფცია საქართველოში მოხვდა
და გადამწყვეტიო როლი შეასრულა ქართველების მიერ თავისი წარსულის აღქმის
დისკურისის ჩამოყალიბებაში.
აქ
ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი გასათვალისწინებელია, რომ კონცეფციის
ექსპორტი საქართველოში რუსეთიდან ხდებოდა, მაგრამ საქართველოს ისტორიის რამოდენიმე
რეალია უფრო ახლოს იყო გერმანულთან, ვიდრე რუსულთან.
სახელდობრ, საქართველოში მსგავსად გერმანიისა და განსხვავებით რუსეთისაგან,
არსებობდა ვასალიტეტის განვითერებული სისტემა, რაც გულისხმობდა სუასაუკუნებრივი
ევროპული ტიპის ნობილიტეტის მნიშვნელოვანი ფენის არსებობას. აქედან გამომდინარე,
ერის გაბრწყინებისათვის ხელისშემშლელი შიდაგამცემლის როლში ვერაფრით გამოვიდოდა
თემი, რომელიც მხოლოდ მთაში იყო შემორჩელი, ისიც რუსულისგან აბსოლუტურად
განსხვავებული სახით.
შესაბამისად ნათელი წარსულის დამაქცეველი შინაგამცემლის როლში გერმანული
(პოლონური, ბულგარული და ა.შ) დისკურსის მსგავსად მხოლოდ ნობილიტეტი შეიძლებოდა
გამოსულიყო. სხვათა შორის ეს ვითარება შესანიშნავად გამოიყენეს ბოლშევიკებმა,
რომელთაც ნობილიტეტთან სრულიად სხვა, მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან
გამომდინარე ანგარიშები ჰქონდათ. სტალინმა ამ პროცესს საერთოდ გრანდიოზული
ისტორიული მისტიფიკაციის სახე მისცა.
მეორე არსებითი მომენტი იმასია, რომ გერმანიის მსგავსად, საქართველოს მაშინდელ
მდგომარეობას ვერაფრით დავარქმევთ ბრწყინვალეს. ქართველთა ინტელექტუალური ელიტა
თავს იცნობიერებდა, როგორც ბრწყინველე წარსულის მომდევნო უსიხარულო აწმყოში
გაჭედილს და გერმანელთა მსგავსად სასოებით ელოდა გაბრწყინებულ მომავალს (რომლის
სიმბოლოდაც ბაზალეთის ძირას დავანებული ოქროს აკვანი იყო). აქედან გამომდინარე,
გერმანული მოწოდება ვერ მიიღებდა არსებული ხელისუფლების აპოლოგისტური დოქტრინის
ხასიათს, როგორც ეს რუსეთში მოხდა. მას გაბრწყინებული მომავლის ძირითადი კონცეპტის
სახე უნდა მიეღო.
თუმცა რეალობამ ამ აბსტრაქტულ მსჯელობაში კორექტივი შეიტანა. ზემოყვანილი ციტატები
19-ე საუკუნის საქართველოს ისეთი საკვანძო ფიგურისა, როგორიც გრიგოლ
ორბელიანი იყო, ამტკიცებს, რომ საქართველოში მოხდა გაუგონარი სალტო - მორტალე და
გერმანულმა იდეამ ერთდროულად, ოღონდ სხვადასხვა მიმართებით, მოახერხა მიეღო,
როგორც მომავლის პროექტის, ისე მაშინდელი დღევანდელობის აპოლოგიის სახე. მომავლის
გაბრწყინების იდეა დაუკავშირდა აწმყოში არსებული აბსოლუტური ხელისუფლების ,
სახელდობრ იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მმართველობის აპოლოგიას, რასაც “სადღეგრძელოში” აქვს
ადგილი. გრიგოლ ორბელიანის პარადიგმით საქართველოს მომავალი გაბრწყინდება, მაგრამ
გაბრწყინდება ნიკოლოზის თვითმპყრობელობის წყალობით. აი ქართული სინთეზის
ვარიანტი ძლიერი ხელისუფლების განმაბრწყინებელ როლზე გერმანული და რუსული
თეზისებისა!
ამასთან
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობდა მეორე, უმნიშვნელოვანესი და ქართველთათვის
საბედნიერო მომენტიც. 19 - ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი
ინტელექტუალური ფიგურა – ილია - პოლიტიკური მსოფლმხედველობით ლიბერალი იყო და
შესაბამისად აპრიორი ვერ იქნებოდა აბსოლუტური ხელისუფლების როგორც ერის
გაბრწყინების გარანტის მომხრე. ეს სათანადოდ აისახებოდა კიდეც 19-ე საუკუნის
მეორე ნახევრის ქართულ ნაციონალისტურ იდეოლოგიაზე.
ზუსტად ასევე , პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, აბსოლუტური ხელისუფლების
მოწინააღმდეგეები იყვნენ ილიას მთავარი ოპონენტები, შეიძლება ითქვას
მოწიი\ნააღმდეგეებიც კი. ჯერ “მესამედასელები”, ხოლო შემდეგ სოციალ-დემოკრატები.
შესაბამისად 20-ე საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში პრაქტიკულად არ აღმოჩნდა
მეტ-ნაკლებად გავლენიანი ინტელექტუალური დაჯგუფება, რომელიც მომავლის გაბრწყინებას
ხელისუფლების გააბსოლუტურებასა და შიდაგამცემელთ გაჟუჟვას დაუკავშირებდა. პირიქით
ორივე დაჯგუფება, თუმცა საპირისპირო მიმართულებებით, ერის კონსოლიდირების
მოთხოვნებით გამოდიოდა.
ყოველივე
ეს იქცა იმ ერთი შეხედვით უცნაური ფაქტის ამხსნელ წინაპირობად, რომ 1918-21
წლის საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემა ბევრად უფრო დემოკრატიული და
ტოლერანტული იყო (გამწარებულ, ლანძღვა-გინებამდე მისული დისკუსიების
მიუხედავად), ვიდრე გამსახურდიას, შევარდნაძის ან სააკაშვილის რეჟიმები.
არადა ეს უკანასკნელნი დამოუკიდებლობის პირველი გამოცხადებიდან თითქმის ერთი
საუკუნის შემდეგ ჩაისახნენ. როგორ შეიძლებიოდა მომხდარიყო დემოკრატიულობის ასეთი
დეგრადაცია ასი წლის გამოცდილების შემდეგ, თანაც გლობალიზაციისა და
პოსტინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, თითქოს გამოცანად რჩება. ამ გამოცანის ახსნა
კომუნისტური ტოტალიტარიზმის ეპოქაში, განსაკუთრებით მის სტალინურ პერიოდშია
საძიებელი.
ისტორიაში ალბათ ძნელია მოიძებნოს იმ დონის აბსოლუტური ხელისუფლების მატარებელი
როგორიც სტალინი იყო. ამასთან, ის უბრალოდ კი არ სჯერდებოდა ამ
ხელისუფლებას, არამედ მის ლეგიტიმაციას სხვადასხვა ფორმებითა და საშუალებებით
გამუდმებით ახდენდა. მათ შორის ისტორიულ რეალიებზე აპელირებით.
გავიხსენოთ სტალინის ეპოქის ყველაზე ცნობილი ისტორიულად ანგაჟირებული ფილმები:
“ივანე მრისხანე”, “პეტრე პირველი” და “გიორგი სააკაძე”. არ შევეხებით ამ ფილმების
მხატვრულ მხარეს. აღვიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამ ფილმებს, მაშინდელი რეალიების
გათვალისწინებით მხატვრულად სუსტს ნამდვილად ვერ უწოდებ. ჩვენთვის არსებითია ის,
რომ სამივე ფილმს საფუძლად ერთი სქემა უდევს: ერის გაბრწყინებისათვის მებრძოლი
მამა, რომელსაც თავისი მიზნის მიღწევაში ხელს უშლიან დიდგვაროვანი შინაგამცემნი და
გარეშე მტერნი. ეს დიადი ერის მამა დიადი მიზნის მისაღწევად არაფერს,
არავითარ მსხვერპლს არ ერიდება. მთავარი მსხვერპლი სამივეს დაღუპული ვაჟია (თუმცა
ცხადია ეს ვაჟები სრულიად სხვადასხვა გარემოებებში იღუპებიან). ერის მამა იყენებს
რა მის ხელთ არსებულ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, აბსოლუტურ თუ სრულ
ხელისუფლებას, ბოლოსდაბოლოს აღწევს სასურველ მიზანს (“გიორგი სააკაძის” რაღაც
მომენტში მთავარი გმირი შაჰ-აბასის მხარდაჭერასაც კი იყენებს. ირანის შაჰი ფილმის
ამ მონაკვეთში რაღაც იმის მსგავსად გამოდის როგორც ეს გრიგოლ ორბელიანს
წარმოედგინა საქართველოს გამაბრწყინებელ ნიკოლოზ I-ის მიმართ).
ამრიგად
სტალინის ეპოქის კვაზიისტორიული ფილმების დისკურში მეორდება ერთიდაიმავე
პიარსქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფლალი –ხელისშემშლელი
შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი –
აბსოლუტური ხელისუფლებაზე დამყარებული გამარჯვება (“გიორგი სააკაძის” შემთხვევაში
ასეთი ხელისუფლების არარსებობით გამოწვეული დამარცხება, რაც ქართველთათვის ნიშანდობლივი
უნდა ყოფილიყო) – ერის გაბრწყინება. სამეულს (ივანე მრისხანე, გიორგი სააკაძე,
პეტრე პირველი) მეოთხე წევრი აკლია. მეოთხე წევრის გამოცნობა ძნელი არ აერის. ეს
თავად იოსებ სტალინია: მასზე მთლიანად და გამონაკლისის გარეშე ვრცელდება აღწერილი
სქემა: ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფალი –ხელისშემშლელი
შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი -
ერის გაბრწყინება. ივანე მრისხანის, პეტრე პირველისა და გიორგი სააკაძის
განდიდებით იოსებ სტალინი საკუთარ თავს განადიდებდა, ხოლო საკუთარ აბსოლუტური
ხელისუფლების გარე ძალების და მათთან დაკავშირებული შიდაგამცემების ძლევის
აუცილებლობით ასაბუთებდა.
საქართველოსთვის, სადაც სტალინისადმი სპეციფიკური მიდგომა არსებობდა, სქემამ
თავისებური და ნიშანდობლივო მოდიფიკაცია განიცადა. აღებული იქნა არა გამარჯვებული
ხელმწიფე, როგორც ამას რუსეთში ჰქონდა ადგილი (ალექსანდრე ნეველი, პეტრე პირველი
ან ივანე მრისხანე, რომელიც მიუხედავად კატასტროფული მარცხისა სტალინმა
ეიზენშტეინის მეშვეობით გამარჯვებულად გააპიარა), არამედ დამარცხებული პოლიტიკური
მოღვაწე.
სტალინის სააკაძე საქართეველოს გაბრწყინებისათვის ებრძვის გარეშე მტრებს და
შინაგამცემლებს, ებრძვის თავდადებულლდ ისე როგორც დიდ მოღვაწეს შეშვენის. ამ
ბრძოლაში შვილსაც კი წირავს მსხვერპლად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მარცხდება. რატომ?
რა უნდა დაასკვნას ქართველმა ამ მარცხიდან? ის რომ გიორგი სააკაძეს აკლდა
ივერიის გაბრწყინებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტი - აბსოლუტური ხელისუფლება.
ამიტომ ვერ დაძლია შიდაგამცემლები და გარეშე მტრები.
შესაბამისად, საქართველოს გააბრწყინებს ის ქართველი რომელიც მართალია დიდი
იმპერიის მმართველია, მაგრამ ქართველია, საქართველოზე ზრუნავს და ყველაფერს იზამს
ივერიის გაბრწყინებისათვის. და გააბრწყინებს კიდეც, რამეთუ ის არის ბრძენი
მმართველი, რომელიც აბსოლუტურ ხელისუფლებას ფლობს. ამ სტალინურ პაირში ერთმანეთს
უცნაურად ერწყმის გრიგოლ ორბელიანის პარადიგმა საქართველოს გამაბრწყინებელ
ნიკოლოზზე, საქართველოს სევდიანი ისტორია, რუსეთის გავლით გერმანიიდან
იმპორტირებული პარადიგმა შინაგამცემ დიდგვაროვნებსა და აბსოლუტური ხელისუფლების
სიკეთეზე... თანაც ეს ყველაფერი ილიას ავტორიტეტს ამოფარებული მკვიდრდება.
ეს
სტერეოტიპი სტალინურმა პიარმა ისე ჩაგვიდო ქართველებს თავში, რომ დღემდე ვერ
ამოგვიგდია. დღესაც საქართველოს ისტორიას ამ პრიზმით ვუყურებთ. აბსოლუტური
ხელისუფლება და აბსოლუტური ცენტრალიზაცია აბსოლუტური სიკეთეა, რომლის არარსებობამ
მართალია წარსულში დააქცია საქართველო, მაგრამ თუ აწ-მყოფი ბრძენი ხელისუფალი
(გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ შემდგომი) დაამკვიდრებს აბსოლუტურ
ხელისუფლებას, საქართველო მომავალში აბსოლუტურად გაბრწინდება.
ცხადია ამ დროს აწმყო ხელისუფლების ამოცანად ამ ხელისუფლების ერთგული პიარი აბსოლუტური
ხელისუფლების მიღწევას აცხადებს. გამსახურდიას დროს ეს იყო “ჯერ დამოუკიდებლობა,
შემდეგ დემოკრატია”. შევარდნაძის დროს : “შევარდნაძეს უნდა დავუჯეროთ, მის გარდა
ვერავინ აღგვიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერავინ მოიზაიდავს დასავლურ ფულს”.
სააკაშვილის დროს: “რა დროს დემოკრატიაა, როცა მტერი თბილისიდან ორმოც კილომეტრში
დგას”.
ასევე
სტალინური პიარის წიაღში იძერწებოდა მძლავრი და ვერაგი გარეშე მტრისა და
შინაგამცემთა ხატებანი. გამსახურდიას დროს ეს იყო “იმპერია” და მისი
მომხრე შინაგამცემები: სხვადასხვა ჯურის “პუტჩისტები” და შევარდნაძე (უბედურმა
კომუნისტებმა იმ დონეზეც ვერ გაქაჩეს, რომ შიდაგამცემლების როლი შეესრულებინათ).
შევარდნაძის დროს ასეთ როლში გამოდიოდნენ “რუსეთის რეაციული ძალები” და მათი
აგენტი შიდაძალები: “ზვიადისტები”, იგორ გიორგაძე და სხვა მისთანანი. სააკაშვილის
დროს უვერაგესი და უცბიერესი აბსოლუტური გარე მტერი ცხადია პუტინია, ხოლო
შიდაგამცემები ოპოზიციონერები: სხვადასხვა “გრეჩიხები” , გუბაზები,
ბურჯანაძეები თუ ნოღაიდელები.
იგივე მხოლოდ ერთი რამ რჩება: მოსაძებნია ხელისუფლალი რომელიც ჩაჯდება სტალინურ
სქემაში : ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფლალი –ხელისშემშლელი
შიდაგამცემები – მათთან შეკრული გარეშე მტერი – მსხვერპლად გაღებული ვაჟიშვილი (ეს
უკანასკნელი უკვე სქემის არააუცილებელ, ფაკულტატურ ელემენტად იქცა. პოსტმოდერნის
ხანა საკრარულ-რიტუალურ მსხვერპლს აღარ საჭიროებს, ყოველ შემთხვევაში პირდაპირი
გაგებით) - ერის გაბრწყინება. სანამ ამ სქემაზე მოთხოვნა არსებობს,
არავითარი წინსვლა საქართველოს არ ექნება.
აბსოლუტური
ხელისუფლების დისკურსის ბატონობის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ზემოთაც ვთქვით, იმ
ადამიანების ოპორტუნიზმი და უპრინციპობაა, ვინ საქართველოში ლიბერალური იდეოლოგიის
დამაკვიდრებლად აცხადებდნენ თუ აცხადებენ თავს. კომიკურია, მაგრამ როგორც
გამსახურდიას, ისე შევარდნაძის დროსაც და დღესაც მრავლად არიან ადამიანები,
რომლებიც თავს ლიბერალებად ასაღებენ და ლიბერალიზმის სახელით ამართლებენ
ნებისმიერი ხელისუფლების დაუფარავ სწრაფვას აბსოლუტური, ლამის თვითმპყრობელური
ძალაუფლებისაკენ. საქართველოში ილიას გზას არ გაუმარჯვია არც დამოუკიდებლობის წინ
და არც დამოუკიდებლობის შემდეგ (საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ილიას ავტორიტეტს
ხელისუფლება სტალინის დროსაც კი იყენებდა). გაიმარჯვა სტალინის გზამ, რაც იმაში
გამოიხატა, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული სამივე პირი
დემოკრატიას და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას კი არ ცდილობდა, არამედ
აბსოლუტური ხელისუფლების მიღწევას. საქართველოს რეალური ისტორიას ამ დისკურსიდან
კონსტრუირებული კვაზიისტორია ენაცვლებოდა. სქემამ იმდენად კარგად იმუშავა, რომ
ჩვენეული ლიბერალიზმის თუ კვაზილიბერალიზმის აპოლოგეტებმა მართლა დაიჯერეს რომ
სტალინური ისტორია საქართველოს რეალური ისტორიაა და დაასკვნეს, თუ ქართველებს
დემოკრატია გვინდა საკუთარ ისტორიაზე უნდა ვთქვათ უარიო.
თვით ზვიად გამსახურდიაც კი, რომელიც როგორც ნაციონალისტი, თითქოს ილიას გზის
გამაგრძელებელი იყო, პოლიტიკური დისკურსის უმნიშვნელოვანეს საკითხში -
ხელისუფლების ხასიათის გაგებაში ილიას ლიბერალიზმის კი არა, სტალინის აბსოლუტიზმის
გამგრძელებელი იყო. მასაც საქართველოს წარმატება წარმოდგინა ხსენებული სქემით:
ერის გაბრწყინებისათვის მზრუნველი ხელისუფლალი – ხელისშემშლელი შიდაგამცემები –
მათთან შეკრული გარეშე მტერი – ერის გაბრწყინება. შესაბამისად გამსახურდიას, ისევე
როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა უმრავლესობისათვის,
აბსოლუტური ხელისუფლების დაუფლება ერთგვარ თვითმიზნადაც კი განიხილებოდა (ამას
როგორც ვიღაც რევანშისტი-ნეოკომუნისტი სიხარულით კი არ ვამბობ, არამედ
გულისტკივილით ვამბობ, როგორც ამ მოძრაობის ერთი რიგითი წევრი). ეს კი ესევე შორს
იყო ილიას ლიბერალური კონცეფციიდან როგორც გენერალი მამუკა ყურაშვილი – სამხედრო
სტრატეგიიდან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისტორიულ ქართულ კულტურაში იმ ელემენტების
ძებნა, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეწყოთ დემოკრატიის დამკვიდრებისათვის, თითქოს
უიმედო წამოწყებაა. თითქოს დემოკრატიის მისაღწევად უარი უნდა ვთქვათ ჩვენს
ქართველობაზე, როგორც ამას “თავისუფლების ინსტიტუტის” ადეპტები გვიქადაგებენ.
თითქოს საქართველოს ისტორია არშემდგარი თურქმენბაშების, პარდონ გურჯიბაშების
ისტორიაა და მეტი არაფერი. არადა ქვემოთ სწორედ საპირისპიროს დავასაბუთებთ.
ჩვენს ისტორიულ კულტურაში მოიპოვება ძლიერი ელემენტები და ტენდენციები, რომლებიც
დასავლური დემოკრატიის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მთავარია ეს ელემენტები და
ტენდენციები იქნეს რეალიზებული და არა აბსოლუტური ხელისუფლების სტალინისეული
ტენდენცია. ილიას გზაზე შედგომა სწორედ ამას ნიშნავს და არა გაუთავებელ და
მოსაწყენ ლაყბობას ეროვნულობის შესახებ. ქართველობა არ არის მდგომარეობა რომელსაც
ერთხელ მიაღწევ და ამით ყველაფერი დასრულდება. ქართველობა ყოველ თაობაში, ყოველ
ისტორიულ ეპოქაში ქართველობის ახლებურად ხდომასა და თვითდამკვიდრებას ნიშნავს.
ბალადა დასავლეთზე და აღმოსავლეთზე, საქართველოსა და დემოკრატიაზე
დიდი მწერალი, რედიარდ კიპლინგი, რომელსაც ჩვენში უპირველესად “მაუგლის” ავტორად იცნობენ,
თავის ცნობილ თხზულებაში “ბალადა დასავლეთსა და აღმოსავლეთზე” წერდა:
East
is East, and West is West, and never the twain shall meet,
Till
Earth and Sky stand presently at God’s great Judgment Seat;
But
there is neither East nor West, Border, nor Breed, nor Birth,
When
two strong men stand face to face, tho’ they come from the ends of the earth!
მოკლედ
დასავლეთი დასავლეთია და აღმოსავლეთი აღმოსავლეთიო. სულად მეორედ მოსვლამდეც კი
ვერ შეხვდებიან ერთმანეთსო გვეუბნება ავტორი, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდისტები
ბრიტანული იმპერიის აპოლოგეტად აცხადებნენ (არც იყო გასაკვირი, საბჭოეთის
მოძულე ბევრ ტიპთან ძმაკაცობდა, მათ შორის ჩერჩილთან და ცნობილ ანტისაბჭოთა ჯაშუშ
სიდნეი რეილისთან).
მართალია კიპლინგმა მთლად არ მოგვიკლა გული და გვითხრა “თუ ორი “ჯიგარი”
(ასე შეიძლება ითარგმნოს ქართულ-თბილისურად სტრონგ მენ) პირისპირ შეიყრება, არც
დასავლეთია და არც აღმოსავლეთიო”, მაგრამ ეს ახლა არსებითი არ არის. არსებითია ის
რომ კიპლინგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთს უპირიპირებდა.
ეს დაპირისპირება, როგორც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვნახავთ დასავლურ ცნობიერებას
დასაბმისგან, ჰეროდოტესგან მოყოლებული, და მანამდეც გასედევს.
თუმცა”დასავლეთ-აღმოსავლეთის” დღევანდელი პარადიგმა უფრო ახალი დროის გარიჟრაჟზე,
XVII - XVIII საუკუნეებისათვის დაიბადა და სრულ რეალიზაციას, ოღონდ ძალიან
განსხვავებული ფორმით, განმანათლებლურ და რომანტიკულ მიდგომებში ჰპოვა.
მაგრამ
არის კი სწორი დასავლეთის და აღმოსავლეთის ასეთი დაპირისპირდება? მით უფრო, რომ
დასავლეთის და აღმოსავლეთის გზისგასაყარზე მცხოვრებმა ჩვენმა პუბლიკამ ერთზეც ისე
მცირედ უწყის, როგორც მეორეზე. თუმცა დასავლეთის და აღმოსავლეთის ბუნდოვნად
გააზრებული დაპირისპირებას ჩვენი პუბლიკა უპირველის ყოვლისა კულტურის სფეროს
უკავშირდება და უკავშირებს.
“დასავლეთი” ჩვენს პუბლიკის საკმაოდ დიდ ნაწილში პირველ ყოვლისა ყოველივე
გარყნილობის, სისაზიზღრისა და პირფერობის განსახიერებაა. ეს სხვასთან ერთად ჩვენი
სასახელო “რეფორმატორების” კულტურთრეგერული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც პუბლიკა
იქმადე მიიყვანა, რომ დაავიწყა: ყველა ყველა და ბოლო –ბოლო ყველა სახის სქესობრივი
გარყვნილება აღმოსავლეთის პროდუქტია და არა დასავლეთის (არავინ თქვას “კამა-სუტრა”
კეთილშობილთა პანსიონის “ბარიშნების” დილის გამამხნევებელი ვარჯიშებისთვის იყო
განკუთვნილიო).
ამ “დასავლეთზე” ჩვენი პუბლიკის ცნობიერებაში მიწეპებულია მეორე ცნებაც:
დემოკრატია, რომელსაც მოსახლეობის მოზრდილ ნაწილში ასევე უარყოფითი კონოტაცია აქვს.
შეგვიძლია გავიხსენოთ ჯაბა იოსელიანის ცნობილი გამონათქვამი დემოკრატიისა და
ლობიოს განსხვავების შესახებ.
მოკლედ
ჩვენში “დასავლეთმა” და “დემოკრატიამ”, რომლებიც ოციოდე წლის წინ ყველაზე
ამაღლებული და ღირებული ცნებები იყვნენ, საპირისპირო მნიშვნელობა შეიძინეს. ეს
შემთხვევითი არაა. თუმცა ცნებათა ღირებულების მნიშვნელობის ამგვარი ტრანსფორმაციის
მიზეზების კვლევა ამჟამად ჩვენ მიზანს არ წარმოადგენს. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ,
რომ ამ ოც წელიწადში ჩვენს საზოგადოებას მეტი არც დასავლეთზე შეუტყვია
(უმრავლესობას სადა აქვს იმის ფული რომ დასავლეთს ეწვიოს) და არც დემოკრატიაზე (ეს
ოცი წელი ხომ დემოკრატიის შუქურაანთებულ ოაზისში ვცხოვრობდით).
პრინციპში ქართველების მიერ დასავლეთის აღქმის არასრულფასოვნების სათავე რუსეთის
იმპერიაში ორასწლოვან ყოფნაშია საძიებელი. ეს იმპერია თავად იყო არასრულფასოვანი
დასავლეთის აღქმაში. მას გამუდმებით ერთდოულად სძულდა კიდეც დასავლეთი, ეშინოდა
კიდეც მისი და შურდა კიდეც. იგი ერთდროულად აღიქვავდა თავს დასავლეთის ნაწილადაც
და მის ანტიპოდადაც.
დასავლეთის ჩვენეული აღქმის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი კომუნისტური რეჟიმის
70-წლიანმა ბატონობამ შეასრულა. “დასავლეთის”, როგორც “გარყვნილი” ცივილიზაციის
გაგების ფესვები შეიძლება ბევრ რუს მოაზროვნესთან ვპოვოთ: დოსტოევსკიდან
სოლოვიოვამდე. მაგრამ დასავლეთის როგორც აბსოლუტური გარყვნილების და საერთოდ
აბსოლუტური ბოროტების განსახიერების სრული პიარიზაცია ამხანაგ
სტალინის დამსახურებაა.
გარდა
დისკურსისა ერის გამაბრწყინებელ, შვილისშემწირველ მამაზე, რომელსაც ერის
გაბრწყინებაში ხელს გარე მტერთა ინტერესებით მოქმედი შიდაგამცემლები უშლიან,
სტალინმა შექმნა თეორია, დასავლეთის, როგორც აბსოლუტური და თანაც
ლპობადი მტრის შესახებ, რომელზეც საბჭოთა იმპერიაში თაობები იზრდებოდნენ. ამ
თეორიის თანახმად დასავლეთი ყოველგვარი ბოროტების ბუდეა. ამ თეორიის
დანერგვა ძალიან ადვილი იყო მარტივი მიზეზის გამო. ეს გარყვნილი და აბსოლუტური
მტერი - დასავლეთი საბჭოთა ადამიანთა უმრავლესობას თვალითაც არ ენახა.
მოკლედ ისეა, დღეს კიმ ჩენ ირ-ის დამშეულ ჩრდილოკორეელებს რომ ჰგონიათ:
“დასავლეთში” (აქ სამხრეთ კორეა) ხალხი შიმშილით იხოცება და რომ ბოლო მსოფლიო
ჩემპიონატში ჩრდილო კორეამ ბრაზილია დაამარცხა.
ამასთან
“დასავლეთის” ბოროტი ზრახვები სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებში სხვადასხვანაირად
იყო გაპიარებული (სწორედ ისე, როგოც სლავიანურ რესპუბლიკებში ამხანაგ სტალინს
სლავიანური სახე ჰქონდა, კავკასიაში -კავკასიური, ხოლო აზიაში სულაც მონღოლოიდურად
გამოიყურებოდა).
ეთნიკურ
რუსს დასავლეთი უნდა აღექვა, როგორც ბოროტი ძალა, რომელსაც თვალი სულ იმაზე
უჭირავს როგორ დაიპყროს “მატუშკა-რასია” და მიითვისოს მისი ბუნებრივი სიმდიდრეები.
მუსულმანური
აღმოსავლეთის შემთხვევაში “დასავლეთი” ერთდროულად უნდა გაპიარებულიყო, როგორც ქრისტიანობის
ზეაგრესიული კერა და ამავდროულად ათეიზმის ბუნაგი (გენიალურია, მაგრამ ასეა!).
ქართველების შემთხვევაში მუშაობა მიდიოდა იმაზე, რომ დასავლეთი საქართველოს
მტერია, იმიტომ რომ სურს ჩვენი კულტურა გათქვიფოს და ჩვენი ასიმილაცია მოახდინოს
(ისე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ სტალინისსდროინდელი ანტიდასავლური
პიარკლიშეების საქართველოში გაცოცხლებაში ლომის წილი დასავლეთის ლიდერების,
განსაკუთრებით შეუდარებელი ბუში-უმცროსის პოლიტიკასაც მიუძღვის).
მოკლედ
კითხვას დასავლეთისა და დემოკრატიის შესახებ ჩვენში აქტუალობა არ დაუკარგავს. მისი
აქტუალობას განსაზღვრავს ის, რომ ადვილად გამოსაცნობ მიზეზთა გამო, დასავლეთის
დღევანდელ ქართულ აღქმაში სტალინური პარადიგმა სულ უფრო ნათლად იკვეთება ცანცარა
ე.წ. რეფორმატორების მიდგომის ალტერნატივად. ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში თემის
აქტუალობა მხოლოდ თუ გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. კურიოზია, რომ
12-ე საუკუნის ქართველი “დასავლელს” “ფრანკს” უფრო პოზიტიურად აღიქვავდა
ვიდრე სტალინის პარადიგმით გაჯერებული 21-ე საუკუნის ქართველი, რომელიც ამავე დროს
თავს ნაციონალისტადაც მიიჩნევს.
ცხადია ასევე გაიზრდება აქტუალობა მეორე კითხვისა: რამდენად ორგანულია ჩვენი
კულტურისათვის დასავლეთი და მისი ღირებულებათაგანი, რომელთაგან უპირველესს სწორედ
დემოკრატია წარმოადგენს? ამასთან გამოითქმება შიში რომ არსებობს ქართული კულტურის
დასავლურ კულტურაში გათქვეფის საფრთხე.
ამგვარი მიდგომა არასწორია. ჯერ ერთი, როგორც ისტორია გვიჩვენებს საქართველოში
კულტურის აყვავებას სწორედაც რომ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც ჩვენი
ქვეყანა უფრო მეტად იყო ინტეგრირებული იმ სამყაროში, რომელიც დროის იმ მოცემული
მომენტებისათვის მომავალი “დასავლეთის” უფრო ახლო ან შორეულ წინამორბედად
შეიძლება განვიხილოთ. განა შეიძლება იმის მტკიცება, რომ უმჭიდროესმა ურთიერთობამ
ელინისტურ სელევკიდების იმპერიასთან (რომლიხ ინიციატორიც ფარნავაზი იყო),
სამოკავშირეო ურთიერთობამ რომთან და შემდეგ ბიზანტიასთან, უმჭიდროვესმა კავშირმა
ჯვაროსნებთან რამენაირი საფრთხე შეუქმნა ქართულ კულტურას? პირუკუ! ყველა ეს
პერიოდი უკავშირდება ქართული კულტურის აყვავებას.
სამაგიეროდ
16-17 საუკუნეებში. დასავლეთთან ყოველგვარი ურთიერთობის პრაქტიკული გაწყვეტის
პირობებში ადგილი აქვს არნახულ დეგრადაციას, რომლიდან გამოსვლა მხოლოდ 18-ე
საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. კრიზისიდან გამოსვლა ემთხვევა გიორგი
XI-ის, სულხან-საბას, ვახტანგ VI-ისა და სხვების ინიციატივით დაწყებულ კავშირების
აღდგენას დასავლეთთან. ასე რომ დასავლური კულტურა არასოდეს იყო მიზეზი ქართული
კულტურის დეგრადირებისა.
ამას
გარდა “დასავლეთის” და “აღმოსავლეთის” დაპრისპირების გააზრება კულტურულ კონტექსტში
სრულიად გაუმართლებელია თუგინდ იმიტომ რომ რაიმე ლაპარაკი “აღმოსავლეთზე”, როგორც
რაღაც ერთიან კულტურაზე უბრალოდ არაკორექტულია. ახლოაღმოსავლურ ისლამურ კულტურას,
სწორედაც რომ კულტურული თვალსაზრისით ბევრად რამ აქვს საერთო დასავლეთის
კულტურასთან, ვიდრე მაგალითად ჩინურ კულტურასთან. მალაურ-ისლამურ კულტურაზე
(ინდონეზია, მალაი) ინდური კულტურის გავლენა არანაკლებია (თუ მეტი არა), ვიდრე
არაბულისა. ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, იმას
ადასტურებს, რომ დიხოტომიური დაპირისპირება “დასავლური კულტურა -
აღმოსავლური კულტურა” ძალიან ბანალურ ხასიათს ატარებს. “აღმოსავლური
კულტურა” გულისხმობს არა რაღაც ერთიან მთელს, რომელიც შინაარსობრივად
უპირისპირდება “დასავლურ”-ს, არამედ დასავლურისგან უბრალოდ განსხვავებულ,
არა - დასავლურს ნიშნავს. ერთიანი პოზიტიური ნიშნების თვალსაზრისით სხვაგვარი
ლაპარაკი “აღმოსავლურ” კულტურაზე უბრალოდ გაუმართლებელია.
ჩვენი მიდგომა სრულაიდ განსხვავებულია და ემყარება ცხოვრების წესს, ღირებულებებს,
ისტორიულ ერთობას და რაც მთავარია - სოციალ-პოლიტიკური ინსტიტუტების მსგავსებას.
პირველ
ყოვლისა შევეხოთ საერთო ღირებულებებს. ჰანტინგთონი განსაზღვრავდა რა “დასავლეთის”
არსს, აღნიშნავდა:” . ამ ხაზის (იგულისხმება წარმოსახვითი ხაზი, რომელიც მაშინდელ
დასავლეთ ევროპას აღმოსავლეთ ევროპიდან ჰყოფდა-კ.კ.) ჩრდილოეთით და დასავლეთით
ხალხი ან პროტესტანტია, ან კათოლიკე, მათ თავიდანვე გაიზიარეს საერთო ევროპული
გამოცდილება - ფეოდალიზმი, რენესანსი, რეფორმაცია, განმანათლებლობა, ფრანგული
რევოლუცია, ინდუსტრიული რვოლუცია; ზოგადად მათი ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია,
ვიდრე აღმოსავლეთის ხალხებისა და, ალბათ, ისინი უკვე შინაგანად მზად არიან უფრო
აქტიურად ჩაერთონ საერთო ევროპულ ეკონომიკაშიც და დემოკრატიული პოლიტიკური
სისტემებიც განამტკიცონ. ამ ხაზიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით ხალხი ან
მართლმადიდებელია, ან მაჰმადიანი; ისტორიულად ისინი ოტომანურ ან ცარისტულ იმ
პერიებს ეკუთვნოდნენ და დანარჩენ ევროპაში მიმდინარე განმსაზღვრელ მოვლენებთან
მხოლოდ ოდნავი, ზერელე შეხება თუ ჰქონდათ; ზოგადად მათი ეკონომიკური განვითარების
დონე უფრო დაბალი”.1
როგორც არ უნდა სადისკუსიო იყოს ჰანთინგტონის ეს მტკიცება, უეჭველია რომ იგი
მიიჩნევდა (რაც ამ სტატიის ავტორთან პირად საუბრებშიც არაერთხელ
დაუდასტურებია): “დასავლეთი” ჩამოყალიბდა ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა
ანტიკურობა, ქრისტიანობა, ევროპულ ფეოდალიზმში (ლაპარაკია ვასალიტეტური ტიპის
ფეოდალიზმზე, იხ.ქვემოთ) , რენესანსი, რეფორმაცია, ახალი დროის მეცნიერება და
ტექნიკა, 17-18 საუკუნეების სოციალური, პოლიტიკური და ინტელექტუალური ძვრები,
რომელთაც დინასტიურიდან ეროვნულ სახელმწიფოებზე გადასვლა მოჰყვა, ინდუსტრიული
რევოლუცია, განმანათლებლობა, რომანტიზმი და სხვა. ამ მოძრაობათა ნაწილი მაინც
მოგვეპოვება საქართველოს ისტორიაში.
ჩვენი შუა საუკუნეების პოლიტიკური სისტემა, რომელიც ვასალიტეტს და მიწაზე კერძო
საკუთრებას ემყარება თითქმის იდენტურია დასავლეთევროპული სისტემისა და სრულიად
გნსხვავდება იმისგან, რასაც ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ აღმოსავლეთში (იაპონიის
გამოკლებით, სადაც არსებობდა ვასალიტეტის და მიწაზე კერძო საკუთრების
განვითარებული სისტემა, რამაც თავისთავად გააადვილა იაპონიის ვესტერნიზაციის
პროცესი), არამედ ბიზანტიასა და რუსეთში.
სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილების სამართლებრივ საფუძველზე შეზღუდვის
მცდელობა, რომელიც ყუთლუს გამოსვლაში გამოიხატა აგრეთვე დასავლური
პარლამენტარიზმის (პირველ ყოვლისა “მაგნა ქარტას” ვგულისხმობ) ანალოგია. სხვა
საქმეა, რომ ჩვენი ისტორიკოსების უმრავლესობა ამოდიოდა ჯერ კიდევ ცარისტულ
ისტორიულ მეცნიერებაში გაბატონებული ვითომცპოსტულატიდან : “რაც უფრო
თვითმპყრობელურია ხელისუფლება მით უფრო კარგია ის სახელწიფოსთვის”. ამიტომ როგორც
წესი ეს გამოსვლა “რეაქციულად” ფასდებოდა და ასეთად ინერგებოდა ჩვენს
ცნობიერებაში. სხვათა შორის “ჭკვიანი აბსოლუტური მმართველის” და “ვაცალოთ ბატონოს”
მავნე იდეებმა ხელი შეეწყო მზაობის ჩამოყალიბებას მიგვეღო დამოუკიდებლობის
შემდეგ ჩამოყალიბებული პაროდიულ-თვითმპყრობელური რეჟიმები.
ამრიგად
“დასავლეთი” ნიშნავს საერთო სოციოკულტურული მემკვიდრეობით დაკავშირებული ხალხების
ერთობას. მაგრამ, გარდა სოციოკულტურული ინსტიტუტებისა, გადამწყვეტი როლი ენიჭება
სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ხასიათსაც. ”დასავლურად” შეიძლება დახასიათდეს
ის საერთაშორისო სამართალსუბიექტი, რომელშიც სახელმწიფო და ხელისუფლება არსებობს
მოქალაქეთათვის და არა პირუკუ. დასავლეთში პირველად ყალიბდება ცნება მოქალაქისა,
რომელიც როგორც თავისუფალი ადამიანი ქვეშევრდომის ცნებას უპირისპირდება.
_____________________
- საზოგადოება
და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი
- თბ.: ჩIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999, გვ.96
“დასავლეთი” უპირველეს ყოვლისა არის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ,
კულტურული სტრუქტურების, იმსტიტუტების და მენტალიტეტის უაღრესად თავისებური
ერთიანობა. პოლიტიკურ სფეროში “დასავლეთი” ნიშნავს: “ქვეყანა იმართებოდეს
მოქალაქეთა ინტერესების გამომხატველი კანონებით და არა ცალკეული პირების
ნება-სურვილით”. ამის განსახორციელებლად დასავლური პოლიტიკური სისტემის აუცილებელი
პირობაა ხელისუფლების შტოების დანაწევრება და ურთიერკონტროლი. ხელისუფლების არც
ერთ შტოს არა აქვს უპირატესობა მეორე შტოს წინაშე. ბუნებრივია, ხელისუფლების ყველა
შტო სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნების გზით ყალიბდება.
დასავლური პოლიტიკური სისტემა გულისხმობს საზოგადოებისათვის აქტუალური ყველა
საკითხის საჯარო განხილვას და ფართო დისკუსიებს პოლიტიკური ლიდერების
მონაწილეობით. დასავლური პოლიტიკური სისტემა გულისხმობს ქმედით და ეფექტიან
სამოქალაქო და საზოგადოებრივ კონტროლს შეიარაღებულ ძალებზე, უშიშროებისა და
წესრიგის დაცვის ორგანოებზე.
“დასავლეთი”
გააზრებული სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, გულისხმობს სამოქალქო საზოგადოებას,
ყველა მოქალაქის თანასწორობას კანონის წინაშე, რომელიც მოქალაქეს ხელს არ უშლის იმ
მოქმედებაში, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება. საზოგადოებრივ სტრუქტურაში
რაოდენობივად დიდად სჭარბობს ე.წ. საშუალო ფენა, რომელიც დაინტერესებულია
სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩენებით.
“დასავლეთი” ეკონომიკური თვალსაზრისით გულისხმობს კლანების კონტროლიდან თავისუფალ
ღია საბაზრო ეკონომიკას, მეურნეობრიობის ისეთ ტიპს, როდესაც სახელმწიფო მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთვება ეკონომიკის რეგულირებაში. ღია საბაზრო
ეკონომიკა თავისი არსებობის უმთავრეს პირობად გულისხმობს ერთმანეთისაგან ბიზნესისა
და პოლიტიკის სრულ გამიჯვნას და პოლიტიკოსთა მხრიდან ბიზნესში ჩარევის ყოველ მცდელობას
გამორიცხავს. ამასთან ასეთი ეკონომიკა გულისხმობს გარკვეულ გარანტიებსაც
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა წინაშე. საშუალო კლასის ოდენობა და სოციალურად
დაუცველ პირთა დახმარების პროგრამებს მინიმუმამდე დაჰყავთ სოციალური უთანასწორობა.
ამავე დროს “დასავლეთი” გულისხმობს მოქალაქეთა ძირითადი უფლებების გარანტირებულ
დაცვას, მასობრივი ინფორმაციის თავისუფალი საშუალებების სისტემას, ცენზურის და
თვითცენზურისგან თავისუფლებასა და ჟურნალიტების ინტერესების დაცულობას.
“დასავლური” საზოგადოება მედიის და საჯარო დისკუსიების წარმოების გზით ახერხებს
იმას, რომ ერისათვის უმნიშვნელოვანესი ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით,
საზოგადოების წევრების მაქსიმალურად დიდი ნაწილის ინტერესების დაცვით მიიღება.
ყველა
ხსენებული ასპექტით უფრო სწორი იქნება ვილაპარაკოთ “დასავლეთისა” და “არა - დასავლეთის”
დაპირისპირებაზე სოციოკულტურული და პოლიტიკური ინსტიტუტების ორგანიზაციის
თვალსაზრისით, ვიდრე კულტურულ დაპირისპირებაზე “დასავლეთსა” და “აღმოსავლეთს”
შორის. გასაგებია, რომ “აღმოსავლეთს”, ერთიანი და საკუთრივი კულტურული შინაარსი არ
გააჩნია. სრულიად გაუგებარია რა ნიშნით ვაერთიანებთ ეთმანეთთან მარაკოელი ან
ბურკინაფასოელი თუარეგების, ყირგიზების, ინდონეზიელების, ჩუქჩებისა და იაპონელების
კულტურას. ან რას ვუშვებით აფრიკულსა და წყნაროკეანულებს კულტურებს (არაფერი რომ
არ ვთქვათ ლათინურ ამერიკაზე). ამიტომ ცხადია, რომ თუ გვსურს კორექტული ლაპარაკი,
უნდა ვილაპარაკოთ “დასავლეთსა” და “არადასავლეთზე”, ამასთან “დასავლეთი” უპირველეს
ყოვლისა სწორედაც გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტების
არსებობას გულისხმობს, ხოლო “აღმოსავლეთი” ამ ინსტიტუტების არარსებობას.
რასაკვირველია ისეთი დასავლური ინსტუტუტები, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი
სახელმწიფო და ღია საბაზრო ეკონომიკა “აღმოსავლურ” სივრცეშიც შეიძლება შეიქმნას.
იაპონია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი ამის შესანიშნავი მაგალითებია. მაგრამ ეს
რასაკვირველია არ აქარწყლებს მტკიცებას, რომ “დასავლეთი” სწორედასც რომ გარკვეული
პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ინსტიტუტების ერთობლიობაა, რომელთა
შორის დემოკრატიას უპირველესი ადგილი უჭირავს. ამიტომ კითხვა დემოკრატიის
ელემენტების არსებობის შესახებ ქართულ კულტურაში, ბუნებრივად მოითხოვს პასუხს
კითხვაზე: რამდენად არის ქართულ კულტურაში ის ელემენტები, რომლებიც საკუთარი
რეალიზაციისათვის იმგვარ ინსტიტუტებს მოითხოვენ, რომლებმაც დასავლეთში დემოკრატია
შექმნეს. ესაა უმთავრესი კითხვა, რომელსაც წარმოდგენიულმა ტექტმა უნდა გასცეს პასუხი.
ბიზანტია, საქართველო და ავტორიტარიზმი
2010 წლის ივნისში ფრანგულმა გაზეთმა “ლიბერასიონმა” გამოაქვეყნა ელენ
დესპიკ-პოპოვიჩის მასალა სათაურით “სტალინმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა” .
მასალაში სხვათა შორის ვკითხულობთ: “ „რაც უფრო დაძაბული ხდება რუსეთთან
ურთიერთობები, ქართველები მით უფრო მძაფრად გრძნობენ საბჭოთა წარსულისგან
გამიჯვნის მოთხოვნილებას“, – მიაჩნია პოლიტოლოგ თორნიკე გორდაძეს. „ადრე
ადამიანები ხშირად ამბობდნენ, რომ ჩვენი კომუნისტები მოსკოველი კომუნისტებისგან
განსხვავდებიან“. თუმცა, საბჭოთა დროშიც, განსაკუთრებით ბრეჟნევის ეპოქაში
ქართველები მაინც ახერხებდნენ იმის მიღწევას რაც სურდათ, კორუფციის და ნათესაური
კავშირების გამო. დღეს კი ისინი კავკასიელი ხალხებიდან ევროპისკენ ყველაზე მეტად
მიისწრაფვიან. „ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ბიზანტიურმა მემკვიდრეობამ ჩვენ
ევროპის გზას აგვაცდინა და რომ მართლმადიდებლობამ ავტორიტარული ხელისუფლების
მოდელი შექმნა“, – ხაზგასმით აღნიშნავს პოლიტოლოგი” http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11524).
მე რასაკვირველია ვერ ვიტყვი, რომელ ანონიმურ ისტორიკოსებზე ლაპარაკობს უცნობი
პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე (უცნობი იმ აზრით რომ საეჭვოა საქართველოში მოიძებნოს
ვინმე, რომელსაც მისი პოლიტიკური ტექსტები წაკითხული ჰქონდეს), მაგრამ მისი
გამონათქვანი ერთი რამითაა ნიშანდობლივი. უცნობი პოლიტოლოგი ასახავს ჩვენი
კვაზიინტელექტუალური ელიტაში გავრცელებულ პრიმიტულ “სილოგიზმს”:
წანამძღვარი 1: “ბიზანტია მართლმადიდებლური და ავტორიტარული სახელმწიფო იყო”.
წანამძღვარი 2 : “რუსეთი რომელიც აგრეთვე მართლმადიდებლური სახელმწიფოა და
ბიზანტიის მემკვიდრედ იაზრებს თავს, ავტორიტარული სახელმწიფოა.”
დანასკვი:
მაშასადამე ბიზანტიამ და მართლმადიდებლობამ თავს მოგვახვიეს ავტორიტარიზმი.
ჰიპერდასკვნა:
ჩვენს კულტურაზე ბიზანტიურმა კულტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა. მაშასადამე ჩვენს
ისტორიულ კულტურაში დემოკრატიის ვერავითარ ელემენტებს ან საწყისებს (ისე
ძველბერძნულად “ელემენტი” სწორედაც “საწყისს” ნიშნავს) ვერ ვპოვებთ. შესაბამისად
თუ გვსურს ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო, ისტორიულ მემკვიდრეობაზე უნდა ვთქვათ
უარი.
ძნელი მისახვედრი არაა რატომ ჩავსვი სიტყვა “სილოგიზმი” ბრჭყალებში. იმიტომ რომ
ასეთი მსჯელობა სინამდვილეში არავითარი სილოგიზმი არ არის, ვინაიდან დანასკვი
ლოგიკურად არ გამომდინარეობს წანამძღვრებიდან, თუმცა ეძიე ლოგიკა ჩვენი
“ექსპერტების” ნაწერებში.
საქართველოს ისტორიაში ჩახედული ნებისმიერი ოდნავ განათლებული ადამიანისათვის
ნათელია, რომ ხელისუფლების ბიზანტიური და ქართული მოდელები აბსოლუტურად
განსხვავედებიან ერთმანეთისგან. ვიმეორებთ აბსოლუტურად განსხვავდებიან. ამ
განსხვავების დასანახად საჭიროა ანალიზი იმისა თუ რით განსხვავდებოდა საქართველოში
არსებული ფეოდალიზმის სისტემა ბიზანტიურისაგან. თუმცა ამ განსხვავების ნათლად
დასანახად საკითხის უფრო გლობალურ კონტექსტში გაშუქებაა საჭირო.
თუ შუა საუკუნეების ისტორიას ფეოდალური ისტორიის თვალთახედვით განვიხილავთ (
“ფეოდალური ისტორია” კი ბევრად ფართო ცნება, ვიდრე “შუა საუკუნეების ისტორია”;
მაგალითად ზოგიერთი მკვლევარი ფეოდალურ წამონაქმნად მიიჩნევს პართიას, რომელმაც
თავისი არსებობა ჩვ. წელსთაღრიცხვის 224 წელს შეწყვიტა და ამდენად ვერაფრით
იქნებოდა “შუასაუკენებრივი” წამონაქმნი).
ამგვარი
“ფეოდალური საზოგადოების კვლევისას შეიძლება გამოიყოს მმართველობის ან
ხელისუფლების ორ სხვადასხვა ტიპზე აგებული სახელმწიფო. ერთს პირობითად
მმართველობის ძველაღმოსავლური ან ბიზანტიურ – რუსულ - ჩინური ტიპი შეიძლება
ვუწოდოთ, ხოლო მეორეს - მმართველობის დასავლეთევროპულ – ქართულ - იაპონური ტიპი.
პირველი
ტიპისათვის დამახასიათებელია ძლიერი, აბსოლუტური ხასიათის ცენტრალური ხელისუფლება
(ცხადია ეს იდეალია, რეალობაში ეს ხელისუფლება ზოგჯერ მაინც საკმაოდ სუსტია),
სახელისუფლო ვერტიკალის ორწევრიანობა პრონციპით: ტი ნაჩალნიკ ია დურაკ, ია
ნაჩალნიკ ტი დურაკ. დამახასიათებელია მოხელეთა და ბიუროკრატთა მეტად განტოტვილი
სისტემა, რომლებიც არცთუ უმნიშვნელო გავლენას ახდენენ უზენაესი აბსოლუტური
ხელისუფლის: ფარაონის, იმპერატორის და ა.შ. გადაწყვეტილებებზე.
ძლიერი ბიუროკრატია, როგორც ხელისუფლების წყარო, ძირითადად დედაქალაქასა და
ადმინისტრაციულ ცენტრებშია თავმოყრილი. სამხედრო და ადმინისტრაციული
ხელმძღვანელობა (გადასახადების აკრების არცთუ უმნიშვნელო ფუნქციის ჩათვლით)
შეიძლება ერთი პირის ხელშიც იყოს თავმოყრილი.
ხელისუფლების ხასიათის თვალსაზრისით ესაა აბსოლუტური ხელისუფლება, რომელიც
შეზღუდულია მხოლოდ უზენაესი ხელისუფლის ნებით. ხელისუფლება არათუ მიდრეკილია
საკრარულობისაკენ, არამედ ხშირად თეოკრატიის ხასიათს ატარებს. “თეოკრატია” აქ
მეტისმეტად მარტივად და სიტყვა-სიტყვით გაიგება: როგორც ხელისუფლების პირველი
პირის გაღმერთება. თანაც “გაღმერთება” ზოგჯერ გაიგება არა მეტაფორული, არამედ
პირდაპირი აზრით – მისი ღმერთად გამოცხადება.
ბუნებრივია
ხელისუფლის ზეობის საკრალიზაცია და დეიფიკაცია ამავდროეულად იწვევს აგრეთვე
ხელისუფლების, როგორც ასეთის, საკრალიზაციას და დეიფიკაციასაც. თუმცაღა ხელისუფლება
ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად კონცენტრირებულ სახეს ატარებს,
მაგრამ რეალურად ის დანაწევრებულია ბიუროკრატიის სხვადასხვა სეგმენტებს შორის.
ცენტრალური რგოლი (დედაქალაქში თავმოყრილი) ცხადია ყველაზე ძლიერი სეგმენტია,
რომელშიც გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა სხვადასხვა კლანებს შორის. ეს ბრძოლა
აისახება ადგილებზეც, სადაც გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ცენტრალური კლანების
სხვადასხვა წარმომადგენლები ებრძვიან, ებრძვიან ადგილობრივი სამოქალაქო და
სამხედრო ადმინისტრატორები, აგრეთვე ადგილობრივი დიდგვაროვნები.
ამრიგად
სახელმწიფოებრივი მოწყობის ძველაღმოსავლური ტიპი, მიუხედავად აბსოლუტური ხასიათისა
(იურიდიული თვალსაზრისით), ფაქტობრივად ფრაგმენტირებულია სხვადასხვა კლანებსა და
დაჯგუფებებს შორის. აბსოლუტურ მმართველს საუკეთესო შემთხვევაშიი შეუძლია ისინი
“დააჩმოროს” და თავის სამსახურში ჩააყენოს, ოპტიმალურ შემთხვევაში მას შეუძლია
რაღაც ბალანსს მიაღწიოს მათ შორის (თუმცა გარკვეულ ბალანსს “დაჩმორების” ვარიანტიც
გულისხმობს); დაბოლოს უბრალოდ იქცეს ტიკინად ამ სხვადასხვა დაჯგუფებების ხელში.
იმისმიუხედავად, რომ ფორმალურ-იურიდიულად მმართველობის ამგვარი ტიპი აბსოლუტური
მონარქიის ხასიათს ატარებს, ის, ხელისუფლების განხორციელების ფორმით უფრო
საჯარო-ანონიმური და ნაკლებად პერსონიფიცირებულია (ხელისუფლებას რეალურად
ბიუროკრატია ანხორციელებს, რომელიც ისევე როგორც ნებისმიერი ბიუროკრატია, ანონიმურ
ხასიათს ატარებს). ამ მხრივ, ერთი შეხედვით, ეს სისტემა უფრო ახლოს უნდა
იყოს საჯარო-ანონიმურ ხელისუფლებაზე დამყარებულ დასავლურ მოდელთან, ვიდრე უფრო
პერსონიფიცირებული სისტემა. მაგრამ დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ.
ამგვარ
სისტემაში ბუნებრივია არსებობს საკუთრების ერთადერთი და აბსოლუტური ფორმა.
ყოველივეს მესაკუთრე უზენაესი ხელისუფალი, აბსოლუტური მმართველია. ეს პირველ რიგში
ეხება იმას, რაც ინდუსტრიალ ეპოქამდე ყოველი სიმდიდრის წყაროს წარმოადგენდა -
მიწას. ფორმალურად მიწის ნებისმიერი ნაკვეთი მონარქის საკუთრებაა, ანუ არ არსებობს
კერძო საკუთრება მიწაზე. მიწა სახელწიფოს საკუთრებაა, უფრო ზუსტად მონარქის
საკუთრება, რომელიც ამ სახელმწიფოს განასახიერებს (ან პირუკუ სახელმწიფო
განასაზიერებს მონარქს).
რასაკვირველია მონარქმა შეიძლება ვინმეს მიწა განკარგვაში გადასცეს, მაგრამ ეს
სწორედაც რომ დროებით მფლობელობაში გადაცემაა და არა კერძო საკუთრება
მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით. მაშინაც კი, როდესაც გარდაცვლილის მამულს
აბსოლუტური მონარქი მის შვილს გადასცემს, ეს კერძო მფლობელობაში გადაცემის კი არა,
მიწის განკარგვის წყალობის აქტია. ამიტომაცაა, რომ ამ ტიპის
მემკვიდრეობაშემორჩენილ ქვეყნებში მიწის ყიდვა-გაყიდვის დაკანონება დღეს, 21-ე
საუკუნეშიც კი ჭირს.
ასევე
განუყოფელია მონარქის საკუთრება სულიერ სფეროში. ძველ აღმოსავლეთში ის უზენაესი
ქურუმიცაა, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობის მონოპოლიის უფლება აქვს. მაგალითად ძველ
ეგვიპტეში ფარაონი ერთადერთ ქურუმად ითვლებოდა. კი მაგრამ - იკითხავს
გაკვირვებული მკითხველი - განა ეგვიპტესი ქურუმთა მთელი კასტა არ არსებობდაო?
რასაკვირველია არსებობდა, მაგრამ ესენი ასე ვთქვათ განმკარგველი ქურუმები იყვნენ,
რომელთაც უზენაესი ქურუმის, ფარაონის ნებით ქურუმობა სამუდამო მფლობელობაში კი არ
ჰქონდათ გადაცემული, არამედ დროებით განკარგვაში. ზუსტად ისევე, როგორც
მიწათმფლობელებს მიწა საკუთრებაში კი არ გადაეცემოდათ, არამედ დროებით
სარგებლობაში გადაეცემოდათ ერთადერთი და უზენაესი მიწათმპყრობლის-ფარაონის მიერ.
სულ სხვა ვითარება გვაქვს ფეოდალიზმის მეორე ტიპში, რომელსაც ჩვენ დასავლეთევროპულ
– ქართულ - იაპონური ვუწოდეთ (აღვნიშნავთ, რომ იაპონურ კულტურაზე ჩინური კულტურის
გავლენა არანაკლები იყო, ვიდრე ბიზანტიური კულტურის გავლენა – ქართულზე. თუმცაღა ხელისუფლების ორგანიზაციის იაპონური ფორმა ისევე განსხვავდებოდა ჩინურისაგან,
როგორც საქართველოში ისტორიულად არსებული ხელისუფლების ტიპი – ბიზანტიურისაგან).
ხელისუფლება აქაც საკრარულ ხასიათს ატარებს. მაგალითად ინგლისსა და საფრანგეთში
ლამის 18-ე საუკუნემდე სჯეროდათ, რომ მონაქის ხელის შეხებას შეეძლო სურავანდით
ავადმყოფი მოერჩინა. ქართველებს სჯეროდათ რომ ბაგრატოვნებს ბეჭზე ჯვრის (მარკო
პოლოს ცნობით) ან არწივის (კრისტეფორე კასტელის ცნობით) ფორმის ხალი ჰქონდათ, რაც
ცხადია მათ საკრარულობაზე მიანიშნებდა. ამრიგად ცნობილი ლექსი: “ ღიმილის
ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, თექვსმეტი წლისა შევსრულდი...” წმინდა
მონარქიული ხასიათის ლექსია (გავიხსენოთ. რომ უზარმაზარ სივრცეზე, შუა აზიიდან
ირლანდიამდე მეფე ტახტზე თხუთმეტი წლის შესრულების შემდეგ ადიოდა. თხუთმეტი
წლისები ადიან ტახტზე მეფე არტურიცა და ვახტანგ გორგასალიც). რაც შეეხება იაპონიის
იმპერატორს, მას 20-ე საუკუნეშიც კი აკრძალული ჰქონდა გამგებლობაში
მყოფი კუნძულების დატოვება: ითვლებოდა, რომ ამ შემთხვევაში იაპონიაზე გადმოღვრილი
მადლი დაილეოდა.
ხელისუფლების საკრარულობის მიუხედავად, მეორე სისტემაში ხელისუფლება არ
ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. რასაკვირველია ამით ის არც დანაწევრებულობას იძენს,
ხელისუფლებების დანაწევრების კლასიკური ცნების დამიხედვით. ხელისუფლება, თუ
შეიძლება ასე ითქვას, დანაწევრებული კი არ არის, არამედ გადანაწილებულია.
განსხვავებით პირველი ტიპის სისტემისგან, სადაც ამგვარ გადანაწილებას ბიუროკრატიულ
კლანებს შორის არაფორმალური ბალანსის ხასიათი აქვს, მეორე ტიპის სისტემაში
ხელისუფლების ასეთი გადანაწილება საჯაროდ და იურიდიულად ხორციელდება.
აქ
საქმე გვაქვს არა წყალობასთან, არამედ ორმხრივი ურთიეთობების გაფორმებასთან,
რომლის დროსაც ორი პირი – ზემდგომი და ქვემდგომი გარკვეულ ორმხრივ ვალდებულებებს
იღებენ ერთმანეთის მიმართ.
ამგვარ
ვალდებულებათა ურთიერთგაფორმებას დასავლეთ ევროპაში “ჰომაჟი” ეწოდებოდა (ლათინური
სიტყვიდან “ჰომო” რაც კაცს ნიშნავს). ჰომაჟის დროს ერთი პირი საჯაროდ და ყველას
გასაგონრად აცხადებდა, რომ ის ამისა და ამის “კაცი ხდებოდა”. ზემდგომი პირი
სიუზერენად იწოდება, ქვემდგომი - ვასალად. მარტივად რომ ვთქვათ ეს იყო ვასალიტეტუის
საყოველთაიოდ ცნობილი სისტემა.
სიტყვა ვასალი მოდის კელტური “Hwas”-იდან, რაც სიტყვა - სიტყვით ახალგაზრდა
მამაკაცს ნიშნავდა. სავარაუდოა, რომ ეს სიტყვა რაღაცნაირად ენათესავება
ქართულ “ვაჟ” - სა და ჩრდილოკავკასიურ *ვას-ს, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა “ძმის” მნიშვნელობა.
თუმცა ფუნქციონალურად მისი შესატყვისია ქართული “ყ(რ)მა”, რომელიც დასაბამისეულად
არავითარ დამაკნინებელ ასოციაციას არ იწვევდა და მხოლოდ ახალგაზრდა (თანაც ძალიან
ფართო ასაკობრივი ამპლიტუდით) მამაკაცს აღნიშნავდა. “ჰომაჟის” შესაბამის ქართულ
სიტყვათა შორის ვგონებ ყველაზე ცნობილი უნდა იყუოს ზმნა “ეყმო”, რომელიც
დასაბამისეულად აგრეთვე არავითარ დამამცირებელ მნიშვნელობას არ შეიცავდა.
ჰომაჟის აქტისას სუზერენი და ვასალი საჯაროდ იღებდნენ ურთიერთვალდებულებებს.
მაგალითად ვასალი კისრულობდა ერთგულად ემსახურა თავისი სუზერენისათვის, საჭიროების
შემთხვევაში სამხედრო ძალით დაეცვა მისი ინტერესები, წლის განმავლობაში გარკვეული
დროით მოეხადა სამხედრო ბეგარა და ა.შ.
სუზერენი თავის მხრივ ვალდებულებას იღებდა ყოფილიყო სამართლიანი ვასალის მიმართ,
დაეცვა მისი ინტერესები და საკუთრება ვინმეს მიერ ხელყოფისაგან, სხვადასხვა ფორმით
ეზრუნა ვასალზე და ა.შ. ამ ორმხრივი საჯარო - იურიდიული აქტის შესრულების შემდეგ
ვასალსა და სუზერენს შორის უკვე სათანადო სამართლებრივი ურთიერთობა მყარდებოდა.
ამასთან “სუზერენის” და “ვასალის” ცნებები შეფარდებით ხასიათს ატარებდა და არა
აბსოლუტურს. რომელიმე დიდგვაროვანი ჰომაჟისას მეფის მიმართ ვასალის როლში
შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ წვრილი აზნაურის მიმართ - სუზერენის როლში. ამრიგად
ვასალიტატურ სისტემას გაცილებით მაღალი მომცველობის მქონე ვერტიკალური ხასიათის
ინტეგრაციული უნარი ჰქონდა, ვიდრე პირველ სისტემას. პირველ სისტემაში ვერტიკალური
იერარქია არაფორმალურ და წყვეტად ხასიათს ატარებდა (ვერტიკალის სხვადასხვა
საფეხურები ერთმანეთში უფრო მკვეთრად და ნაკლებ ნარნარად გადადიოდნენ). მაშინ
როდესაც ვასალიტეტურ სისტემაში იერარქია უფრო უწყვეტი, ნაკლებად მკვეთრი და
შედარებით ნარნარი იყო.
თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორმხრივი სამართლებრივი ვალდებულება სწორედაც რომ ორმხრივ
ხასიათს ატარებდა და არა საჯარო -საზოგადოებრივს (გავიხსენოთ ცნობილი გამოთქმა
“ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არა არის”). ამრიგად ის საზოგადოებას მოიცავდა
ოდენ, ან ყოველშემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ვერტიკალურ და არა ჰორიზონტალურ
განასერს. თუმცა ნათელია, რომ ძველაღმოსავლურ –ბიზანტიურ – ჩინურ - რუსულთან
შედარებით დემოკრატიის ჩანასახებს თუ რტოებს შეუდარებლად მეტად შეიცავდა (ცხადია
“აღმოსავლური” აქ პირობითი ტერმინია. მაგალითად ძველი პართიის პოლიტიკური სისტემა,
აწყობილი ვასალიტეტური იერარქიის რთულ სისტემაზე, გაცილებით უფრო ახლოს იდგა
დასავლეთევროპულთან - ვიდრე ზოგადბიზანტიური).
ამრიგად
ვასალიტეტურ ტიპში ხელისუფლება განპიროვნებულია, პერსონიფიცირებულია. თუმცა ეს
პერსონიფიკაცია არ ემყარება ოდენ არაფორმალურ ურთიერთობებს. აქ პირად ურთიერთობებს
გარკვეული იურიდიული ნორმების ხასიათიც აქვს მიღებული. ვიღებთ პარადოქსულ
ვითარებას: ერთის მხრივ მეორე მოდელი პირველზე შეუდარებლად მეტად ემყარება პირად
ურთიერთობებს და მასში საჯარო-ანონიმური ურთიერთობები, რომლებიც “დასავლეთის”
ქვაკუთხედს წარმოადგენს, მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ მეორეს მხრივ
ვასალიტეტური სისტემა გაცილებით უფროა სამართლებრივად დარეგულირებული (თუგინდ
ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე), ვიდრე ძველაღმოსავლურ-ბიზანტიურ-სუსული
სისტემა. მოკლედ ყველაზე უმთავრესი და არსებითია, რომ ხელისუფლების წყაროს
ცალმხრივი წყალობა კი არა, ორმხრივი ხელშეკრულება შეადგენს (კვლავ ხაზს
ვუსვავთ - ორმხრივი ხელშეკრულება და არა ისეთი, მესამე, მეოთხე და ა.შ.
პირებს რომ ეხებათ. ასე რომ იყოს უკვე საზოგადოებრივ ხელშეკრულებას მივიღებდით).
მერე
რა რომ აქ ყველაფერი პერსონიფიცირებულია. სამაგიეროდ ხელისუფლება კონცენტრირებული
არ არის ერთ ცენტრში, ოდენ დედაქალაქში, როგორც ამას ძველაღმოსავლური მოდელისას
აქვს ადგილი. დედაქალაქი, უფრო ზუსტად სამეფო კარის ადგილსამყოფელი მხოლოდ
პირველია თანასწორად მბრწყინავ თანავარსკვლავედთა შორის. მეტიც, შეიძლება
რომელიმე სუზერენის კარი უფრო ბრწყინვალეც კი იყოს, ვიდრე უზენაესი სუზერენისა.
მაგალითად ტულუზის გრაფების კარის ბრწყინვალება საუკუნეების მანძილზე ეტოქებოდა
საფრანგეთის მეფეებისას.
მართვა ციხე-სიმაგრეების თუ ციხე - დარბაზებისდა მიხედითაა დეკონცენტრირებული.
ადგილობრივი ადმინისტრაცია ცენტრიდან დანიშნული ბიუროკრატიის მიერ კი არა,
ადგილობრივი ნობილიტეტის მიერ იმართება. უმნიშვნელოვანეს მომენტს მიწაზე კერძო
საკუთრება წარმოადგენს. კერძო საკუთრების, თუგინდ მიწის ერთი მიგდებული ნაკვეთის
ფლობა იმას ნიშნავს, რომ მე სხვისი მონა არა ვარ. მე ჩემი ხელის-უფლება, ნება
მაქვს ( ნიკო მარმა მისთვის დამახასიათებელი ფანტასტიკური გამჭრიახობით დაინახა
ნების კავშირი ხელის-უფლებასთან, ხელთან , როდესაც აღნიშნა, რომ ქართული სიტყვა
“ნება” წარმოდგება ხელისგულის აღმნიშვნელი სიტყვისგან “ნები”. შდრ. “ნებიერი”
როგორც ნაზად, ხელისგულზე გაზრდილი).
ჰეგელი
“გონის ფილოსოფიაში” შორსმჭვრეტელურად მიანიშნებდა საკუთრების ამ უმნიშვნელოვანეს
როლზე. იგი წერდა: “მაგრამ თავისთავად ოდენ პრაქტიკულ პრედიკატს “ჩემი”, რომელსაც
საგანს მფლობელობის გამომხატველი მსჯელობით ვანიჭებთ თავდაპირველად გარეგანი
დაუფლების აქტში, აქ ის მნიშვნელობა აქვს, რომ მე მასში ჩემს პიროვნულ ნებას ვდებ.
ამ განსაზღვრულობის ძალით არის ფლობილი საგანი საკუთრება, რომელიც, როგორც ფლობილი
საგანი საშუალებაა, მაგრამ როგორც პიროვნების აქარსობა(ნების ქონასთან
იდენტური-კ.კ.) მიზანია (ხაზგასმა ჰეგელისაა) 1. მიწაზე კერძო საკუთრების
ტრადიციის არსებობა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც მეორე ტიპის სისტემებში
დემოკრატიაზე გადასვლას არსობრივად უნდა აადვილებდეს (თუ რასაკვირველია არ მოხდა
რაღაც გაუთვალისწინებელი კატაკლიზმის ჩარევა).
ომიც
კი ისევეა პერსონიფიცირებული და ორმხრივ ვალდებულებებს დაქვე- მდებარებული როგორც
პოლიტიკური ურთიერთობები. ლაშქარი ცენტრალიზებული წესით კი არ იკრიბება, არამედ
ვასალების ლაშქარს პლუს მეფის ლაშქარს შეადგენს (ამას ზოგიერთ ქვეყნებში,
მაგალითად ასწლიანი ომის პერიოდის ინგლისში ემატებოდა მოქალაქეთა და თავისუფალ
გლეხთაგან დაკომპლექტებული ლაშქარიც).
ვასალიტეტის სისტემა, ვიმეორებთ, ორმხრივ სამართლებრივ ვალდებულებებზე დამყარებული
ურთიერთობების (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, მენტალური...)
სისტემა იყო. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ერთი მხარე დაარღვევდა ამ
ვალდებულებას? ის, რომ მეორე მხარეც მექანიკურად თავისუფლდებოდა ნაკისრი
ვალდებულებებიდან.
თუმცა რეალურად მნიშვნელობა ჰქონდა ვინ და როგორ დაარღვევდა ნაკისრ
ვალდებულებების. ვასალის მხრიდან სუზერენის მიმართ ვალდებულების ბოროტ დარღვევას
შეიძლებოდა მოჰყოლოდა მკაცრი სანქციები (უკიდურეს შემთხვევაში ვალდებულების
ბოროტად დამრღვევი ვასალი შეიძლებოდა თავსაც გამოთხოვებოდა). მაგრამ უაღრესად
მნიშვნელოვანია, რომ ამისათვის ერთი რამ იყო აუცილებელი: ვასალის დანაშაული,
ფორმალურად მაინც, მის სწორ პირთაგან შედგენილ სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა. ანუ
მეფეს ერთპიროვნულად არ ჰქონდა უფლება, ვასალი დამნაშავედ გამოეცხადებინა. სწორედ
ამაში იყო განსხვავება დასავლეთევროპულ ვასალიტეტსა და ბიზანტიურ, რუსულ ან
აღმოსავლურ აბსოლუტურ დესპოტიებს შორის.
- ჰეგელი
-გონის ფილოსოფია, ნ.ნათაძის თარგმანი, თბილისი, 1984.გვ.286
რა მოხდებოდა თუ სუზერენი დაარღვევდა თავის ვალდებულებას ვასალის წინაშე? ვასალი
მექანიკურად ხდებოდა თავისუფალი სუზერენისაგან. მას შეეძლო ახალი სუზერენი
მოეძებნდა და ახალი ჰომაჟის საფუძველზე ყმებოდა (ვიმეორებთ მაშინ ეს ცნება
დამამცირებელ მნიშვნელობას არ შეიცავდა). ან სულაც დამოუკიდებელი სუზერენი
გამხდარიყო, რომელსაც თავისი ვასალები ეყოლებოდა.
ისტორიაში ამგვარ შემთხვევათაგან ალბათ ყველაზე ცნობილი ფაქტი სწორუპოვარი
ესპანელი რაინდის როდრიგო დე ბივარის, ისტორიაა. ამ რაინდს კაცობრიობა უკეთ იცნობს
მისი მეტსახელით “სიდ”-ი, “ელ-სიდი”, “კამპეადორი” რაც ბრძოლის დიდოსტატობას
ნიშნავს (გავიხსენოთ ცნობილი ფილმი ჩარლტონ ჰესტონისა და სოფი ლორენის
მონაწილეობნით).
როდესაც ესპანეთის მეფემ ბოროტად დაარღვია სუზერენის ვალდებულებები,
ელ-სიდმა უარი თქვა მეფის ვასალობაზე და საკუთარი სამფლობელოს საძიებლად გაემართა.
სამფლობელო არცთუ ცუდად მოიძია. თავისი გმირობით მავრებს ვალენსია წაართვა და იქ
დამოუკიდებელ სუზერენად დამკვიდრდა. თუმცა სამეფო დინასტიის და სამშობლოს
ერთგულების პრინციპიდან გამომდინარე, თავი მეფედ არ გამოუცხადებია. მოკლედ ჰომაჟის
დარღვევას ზოგჯერ მოულოდნელად პოზიტიური შედეგები მოსდევს ხოლმე. სრული
პასუხისმგებლობით შეგვილია ვთქვათ: მეფეს რომ ჰომაჟი არ დაერღვია და სიდი
შესაბამისად არ მოქცეულიყო, ვერ მივიღებდით ისეთ შესანიშნავ სამეფოს
(შეთავსებით ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონს), როგორიც ესპანეთია. აქედან კი მრავალი
გარემოება შეიცვლებიდა: დაწყებული იმით, რომ ამერიკას კოლუმბი კი არა, ვიღაც სხვა
აღმოაჩენდა და დამთავრებული იმით, რომ საქართველოში ესპანეთის ფეხბურთის ნაკრების
ფანები არ იარსებებდნენ.
თუმცა, ლიტერატურა, სახელდობრ მხატვრული, იცნობს სხვაგვარ რეაქციას სუზერენის მიერ
ჰომაჟის დარღვევაზე. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ უკვდავი “სამი
შუშკეტერის” გაგრძელება “ვიკონტ დე ბრაჟელონი”. კეთილშობილი ათოსი თავის შვილს
ვიკონტ დე ბრაჟელონს სამეფო სამსახურში (სამხედროში) აყენებს. მანამ ის
სენ-დენიში, ლუი XIII-ის საფლავთან მიჰყავს, სადაც შვილს ფიცს დაადებინებს, რომ
ერთგულად ემსახურება საფრანგეთის მეფეს. ეს ფიცი შუასაუკუნებრივი ჰომაჟის
ნაირსახეობაა უკვე – აღარ - შუასაუკუნეების პერიოდში (“სამი მუშკეტერი” და მისი
გაგრძელებები ოცდაათწლიანი ომის და ის მომდევნო ეპოქას ეხებიან).
როდესაც ლუი XIV ჰომაჟის პრინციპს დაარღვევს, სახელდობრ უღირსად მოექცევა ვიკონტ
დე ბრაჟელონს, რაც იმაში გამოიხატება რომ მეფე ვიკონტს საცოლეს წაართმევს (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საცოლე არავითარ პროტესტს არ
გამოხატავს, პირიქით მომხდარით ძალიან კმაყოფილიც რჩება) აღშფოთებული ათოსი მეფეს
ეახლება და საჯაროდ ამცნობს, რომ მის მიერ სუზერენის ვალდებულების დარღვევის გამო
ის და მისი შვილი თავს აღარ მიიჩნევენ მეფის მსახურებად. ამის შემდეგ ათოსი
ჰომაჟის გაწყვეტის ნიშნად ვასალური მსახურების მთავარ სიმბოლოს: ხმალს გადატეხს
და მეფეს გაეცლება. ღირსეული რაინდის ქმედება მეფის უღირს საქციელზე.
თუმცა აქ “ვიკონტ დე ბრაჟელონი” თავბრუდამხვევი სიუჟეტით კი არ არის საინტერესო,
არამედ იმით, რომ ის არსებით მომენტს ასახავს. არაფერს, ჰომაჟის მსგავსს
აღმოსავლეთი არ იცნობდა. აღმოსავლეთში, სადაც უაღრესად განვითარებული იყო სისხლის
და სამოქალაქო სამართალი, სახელმწიფო სამართალი პრატიკულად განუვითარებელი
რჩებოდა. როგორც წესი სამართლის ეს ნაირსახეობა მხოლოდ ტახტის მემკვიდრეობას და
ქვეშევრდომთა მონარქისადმი ვალდებულებებს ეხებოდა. ეს არცაა გასაკვირი, იმის
გათცვალისწინებით, რომ ლაპარაკია აბსოლუტური ხელისუფლების მქონე მონარქზე.
“აბსოლუტური” ნიშნავს იმას, რომ იურიდიულად მაინც ყველას აქვს ვალდებულება
მის წინაშე და მას არა აქვს არავითარი ვალდებულება სხვების წინაშე.
სულ სხვაა ჰომაჟი. აქ ლაპარაკია ზემდგომისა და ქვემდგომის ორმხრივ
ურთიერთვალდებულებაზე, რომელიც მხოლოდ იქ შეიძლება ვპოვოთ, სადაც ვასალიტეტურ
სისტემაზეა ლაპარაკი... დასავლეთ ევროპაში, იაპონიასა და საქართველოში (პლუს
ბალკანეთის სლავური მართლმადიდებლური ქვეყნები: ბულგარეთი, სერბია..). ამ
თვალსაზრისით ჰანთიგტონი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც ფეოდალიზმს
(ვასალიტეტურს) “დასავლურობის” ისევე აუცილებელ ნიშნად მიიჩნევდა, როგორც ანტიკურ
მემკვიდრეობას ან განმანათლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ვასალიტეტური
სისტემა ქართული შუასაუკუნეების (რომელიც სინამდვილეში 18-ე საუკუნემდე გრძელდება)
უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, დიახაც რომ შეგვიძლია ვთქვათ: ქართული კულტურის ისეთ
კონცენტრირებულად გამოხატულ პოლუსში, როგორიცაა პოლიტიკა, დიახაც მოიპოვებოდა არცთუ
მცირე ელემენტი თუ ტენდენცია დემოკრატიული წყობისკენ სვლისა. ეს დასავლეთევროპული
ტიპის ვასალიტეტი იყო.
ნახევრად ფეხმძიმობა ანუ საქართველო დასავლეთსა და არადასავლეთს
შორის
სანამ იმაზე გავაგრძელებდეთ უბნობას, რამდენად განვეკუთვნებით “დასავლეთს” და რამდენად
გვახასიათებს დემოკრატიისადმი მიდრეკილება, როგორც ჩვენი “დასავლურობის” ატრიბიტი,
მცირე ხნით მოვუბრუბდეთ მარადიულ კითხას: რაი არს ესე დასავლეთი და აღმოსავლეთი და
სად არის მათ შორის საქართველოს ადგილი. ამ კითხვაზე ახლა გაცემული
პასუხი ზემოთ ნათქვამის უბრალო გამეორება არ იქნება. ზემოთ ჩვენ ვსვავდით კითხვას
დასავლურობის არსის მიმართებაზე აღმოსავლურობის არსთან. ახლა კითხვას დასავლეთის
და აღმოსავლეთის, უფრო ზუსტად არა-დასავლეთის, და ორივესთან საქართველოს
მიმართებაზე უკვე ისტორიულ განასერში დავსვავთ.
ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხისათვის ალბათ ჯერ არს იმ ადამიანს მივმართოთ,
ვინც ისტორიაში პირველად გაიაზრა განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის,
განსხვავება, რომელიც 2500-ოდე წლის შემდეგ კიპლინგმა ზემოთ მოყვანილი ფორმით
გამოხატა.
ლაპარაკია ჰეროდოტე ჰალიკარნასელზე, რომელსაც დასავლეთელნიცა და აღმოსავლელნიც
უბრალოდ ჰეროდოტედ ვიცნობთ. ეს პატიოსანი ავტორი, მოაზროვნე და შეთავსებით
ისტორიის მეცნიერების ფუძემდებელი კაცობრიობის გახლეჩვას დასავლეთად და
აღმოსავლეთად არც მეტი არც ნაკლები გენდერული უფლებების თუ ბალანსის დარღვევით და
საერთოდ გენდერულთან დაკავშირებული ფაქტორებით ხსნიდა.
იმ
დიადი ქმნილების დასაწყისშივე, რომელსაც კაცობრიობა “ისტორიის” სახელით იცნობს,
ჰეროდოტე წერს:” ასე მოვიდა იო ეგვიპტეში, როგორც მოგვითხრობენ სპარსელები და არა
როგორც ელინები და პირველი უსამართლობაც ასე დაიწყო. სპარსელები ამბობენ, რომ ამის
შემდეგ ზოგიერთი ელინთაგან (არ გადმოგვცემენ მათ სახელებს) მოვიდნენ ფინიკიის
ტიროსში და მოიტაცეს მეფის ასული ევროპე. შეიძლება ესენი იყვნენ კრეტელები. ეს იყო
სამაგიეროს მიზღვა - თანაბრად თანაბრისათვის. ამის შემდეგ ელინებმა უსამართლობა
მეორედ ჩაიდინეს; გრძელი ხომალდით მოსცურეს აჲა - კოლხიდაში, მდინარე ფასისთან, და
იქ, როდესაც გააკეთეს ის, რისი გულისთვისაც მოვიდნენ, მოიტაცეს მეფის ასული
მედეჲა. კოლხთა მეფე გაგზავნეს ელადაში მოციქული, რომ მოეთხოვა სამართალი
მოტაცებისათვის და უკან გამოეთხოვა ასული. ხოლო ელინებმა უპასუხეს, რომ არც ამათ
უგიათ პასუხი მათ წინასე არგოსელი იოს მოტაცებისათვის და ამიტომ არც თვითონ
აპირებენ, რომ მისცენ მათ რაიმე.
ამბობენ,
რომ მეორე თაობაში ამის შემდეგ ალექსანდრე, პრიამოსის ძემ, ყოველივე ამის გაგების
შემდეგ, მოინდომა, რომ თავისთვის ელადიდან მოეტაცა ქალი, მან კარგად იცოდა, რომ არ
მოუხდებოდა პასუხისგება, რადგანაც არც იმათ უგიათ თავის დროზე პასუხი. ასე მოიტაცა
მან ელენე. ხოლო ელინებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს მოციქულების გაგზავნა,
რომლებმაც უკან გამოითხოვეს ელენე და მოითხოვეს პასუხი მოტაცებისათვის. ხოლო
ტროელებმა თავი იმართლეს იმით, რომ შეახსენეს ელინებს მედეჲას მოტაცება, როდესაც
ელინებმა არც პასუხი აგეს და არც ქალი დააბრუნეს, მათ რომ ეს მოსთხოვეს; ხოლო ახლა
კი მოინდომეს, რომ სხვებს ეგოთ პასუხი.
აქამდე
მათ შორის იყო თითო ქალის მოტაცება, ხოლო ამიერიდან ელინებმა დიდი დანაშაული
ჩაიდინეს, რადგან მათ პირველებმა დაიწყეს ლაშქრობა აზიაში, მასზე უწინ ვიდრე
აზიელებმა ევროპაში.”
მოკლედ
ჰეროდოტე თანამედროვე ანტიგლობალისტების დარად აცხადებს, რომ დასავლეთს ანუ
ევროპას ვალი აქვს აღმოსავლეთის ანუ აზიის წინაშე. თუმცა პატივცემული ავტორი
არაფერს ამბობს შემდეგზე: თუ დასავლეთი დასაბამისეულად აღმოსავლეთის წინაშე იყო
ვალში, რატომ გაუწიეს ელინებმა ამ ვალის მოსათხოვრად მისულ სპარსელთა არმიას
(რომელშიც სხვათა შორის ქართველური ტომებიც მონაწილეობდნენ), ესოდენ გააფთრებული
წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის ბუნების შესაებ ისტორიაში ჰეროდოტეზე უკეთ ხომ
არავინ იცოდა. თუმცა ეს სხვა საკითხია. ფაქტად რჩება რომ ევროპელის (უფრო
ფართოდ დასავლელის), როგორც ევროპელის თვითცნობიერება მარათონით და 300 სპარტელით
იწყება.
ამიტომ
გამოთქმები: “ჩემს კულტურაში დემოკრატიის ელემენტები ძევს” და “ევროპელი ვარ”
აუცილებლად მოითხოვს პასუხს მეტაფორულ კითხვაზე: “რას აკეთებდი მარათონისას”
(შდრ.ცნობილ ფრაზას: “ტანკისტი ვიყავი...ომამდე”). რასაკვირველია მეტისმეტად
ცინიკოსი ქარველი გაიხსენებს, რომ მარათონისას ჩვენი წინაპრები სწორედაც
სპარსელების მხარეს იბრძოდნენ და არა ელინური კოალიციისა, რომელიც მაშინდელი
თავისუფლების შუქურას წარმოადგენდა.
დამაინც
ქართულ ისტორიულ ცნობიერებაში ფაქტად რჩება, რომ პირველი ქართული სახელმწიფო,
რომელსაც ეს სახელი შეიძლება ეწოდოს ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, სწორედ დასავლური
ექსპანსიის შედეგად წარმოიქმნა. მხედველობაში მაქვს ფარნავაზის ქართლი (იბერია),
რომლის წარმოშობაში უდიდესი როლი აქემენიდების კრახმა და სელევკიდების სახელმწიფოს
შექმნამ შეასრულა.
- ჰეროდოტე
ისტორია, ტომი I, თბილისი, 1975 გვ. 46
ალექსანდრეს ლაშქრობები გენდერულ ნიადაგზე წარმოშობილი “დასავლეთ-აღმოსავლეთის” დაპირისპირების მორიგი რაუნდი იყო. რაუნდი რომელიც დასავლეთმა პირწმინდად მოიგო. მეტიც, დასავლეთმა შეძლო შეღწევა ტრადიციული “აღმოსავლეთის” ისეთ კუნჭულებში, სადაც “თეთრმა ადამიანმა” ბრიტანეთის იმპერიამდე შექმნამდე ვეღარ შედგა ფეხი.
რომ არა აქამენიდების ჩამოშლა, იბერიის შექმნა შეუძლებელი გახდებოდა. მაგრამ
აქამენიდების ჩამოშლამ მრავალ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი (თუ რასაკვირველია
დაშლა შეიძლება რაიმეს საფუძველი გახდეს). რატომ, რის საფუძველზე ვლაპარაკობთ
ფარნავაზის იბერიის “დასავლურ” ხასიათზე? განა ქართლის ცხოვრების ის მონაკვეთი,
რომელსაც ლეონტი მროველს მიაწერენ, ნათლად არ ამბობს:” ესრეთ განაწესა
ესე ყოველი (ლაპარაკია ქართლის სამეფოს მოწყობაზე-კ.კ.)
ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა” .
პირველ
საფუძველს იბერიის “დასავლური” ხასიათის მტკიცებისათვის გვაძლევს ის ურთიერთობა,
რომელიც იბერიამ ელინისტურ სელევკიდურ სამეფოს შორის არსებობდა. იმავე ტექსტში
ნათლად არის ნათქვამი:” ამან ფარნავაზ წარავლინნა
მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა
ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან
შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს
შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად,
და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა
სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს”.2.
კონტექსტიდან
გამომდინარე “ბერძნებში” აქ იგულისხმება ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პონტოს
სამეფო. ხოლო ანტიოქოსი სელევკიდური ელინისტური სამეფოს მმართველთა დინასტიური
სახელია. მათ ფარნავაზის ზეობის სავარაუდო პერიოდში მართლაც გააჩნდათ ზეგავლენა
სომხეთზე. სომხეთს სელევკიდი მოხელეები განაგებდნენ და ბუნებრივია შეეძლოთ
დახმარება გაეწუათ ფარნავაზისათვის. ეს დახმარება უმნიშვნელო რომ არ ყოფილა ჩვენი
ტექსტიც ადასტუბს:” ხოლო წელსა მეორესა აზონ
მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და
მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს
მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უჴმო
ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი,
და მოერთნეს ერის-თავნი ანტიოქოზისნი სომხითით.
და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება
ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ
ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და
იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს
ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი
და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე
ქმნნეს “.3.
1.ქართლის ცხოვრება, თბილისი, 1955, გვ.25
2.იქვე,
გვ. 23
3,იქვე,
გვ.23
ფარნავაზის
ქართლი სწორედ ამ გამარჯვების შედეგად შეიქმნა. სელევკიდებთან ურთიერთობა არც ამის
შემდეგ შეწყვეტილა. ქართლის მეორე მეფის, საურმაგის შესახებ ვკითხულობთ:” და
მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა.1 “. იგივეს ვიგებთ მისი
შემდგომი მეფის, მირვანის შესახებ:” იყო კაცი მიმნიჭებელი კეთილისა
უხუად, და შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა. და
მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა 2 “.
სელევკიდური იმპერიის დასასრული მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ მიჯნად არის გამოყოფილი
ფარნავაზის ქართლის სამეფოსათვის. სახელდობრ:” ამის-ზე (მირვანის მეფობის ხანაზე
კ.კ.) მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს. და
მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს რომელსა ერქუა არშაკ” 3.
რაზეა აქ ლაპარაკი? რას უკავშირდება ბაბილონს ანტიოქის “მეფობის გარდაცვალება”?
აქ
მხოლოდ რომის ექსპანსია შეიძლება იგულისხმებოდეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 190 წელს,
მცირე აზიაში, პუნქტ მაგნეზიასთან რომაელთა არმიამ გამანადგურებელი მარცხი მიაყენა
სელევკიდების მეფე ანტიოქოს III დიდის (ეს ზედწოდება მან იმპერიის აღმოსავლეთ
ნაწილში,სახელდობრ დღევანდელ ირანის აღმოსავლეთში, შუა აზიასა და ავღანეთში
მიღწეული გამარჯვებებისათვი მიიღო) არმიას. ამის შემდეგ სელევკიდების სამეფომ,
როგორც დიდმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.
ამ
ფაქტს უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა იბერიისათვის. როგორც სტრაბონი
აღნიშნავს:” “მოგვითხრობენ არმენიაზე რომ პირველად
ის პატარა ყოფილა, გაზრდილა არტაქსიასა (შეიძლება სწორედ ეს
პირია “მეფეთ ცხოვრებაში” ნახსენები სოემხთა მეფე არშაკი-კ.კ.) და
ზარიადრის მეშვეობით, რომლებიც პირველად ანტიოქ დიდის
სარდლები იყვნენ, ხოლო მერე, მისი
დამარცხების შემდეგ, გამეფდნენ, ერთი სოფენეს,
აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა (მხარეში), ხოლო მეორე
– არტაქსატის მიდამოებში. ამათ გაზარდეს (ქვეყანა
იმის ხარჯზე), რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს
ნაწილები; მიდიელთაგან – კასპიანე, ფავნიტი და
ბასოროპედა
იბერებს – პარიადრეს კალთები, ხორზენე და
გოგარენე..4.”.
ამის
შემდეგ პომპეუსის ლაშქრობამდე იბერიის კონტაქტები “ დასავლეთთან” წყდება. ყოველ
შემთმხვევაში ამგვარი კონტაქტების შესახებ ცნობები არც ანტიკურ და არც ქართულ
წყაროებში არ მოგვეპოვება. საქმე გვაქვს თითქმის 135-წლიან ლაკუნასთან, რომლის
განმავლობაშიც იბერიაში ალბათ მნიშვნელოვანი პროცესები ხდებოდა, თუმცა მათ
შესახებ წყაროებში ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მაგრამ მაინც შეგვიძლია თეორიული
რეკონსტრუირება მაინც იმისა, თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა სელევკიდების
სამეფოს, აღმოსავლეთის ამ ერთგვარ დასავლეთს იბერიაზე.
1.იქვე
გვ.27
- იქვე, გვ.28
3.იქვე,
გვ.28
- თ. ყაუხჩიშვილი,
სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957, თავი 14,5
“საქართველოს ისტორიის ნარკვევების” თანახმად ელინისტური ტრადიციის გავლენა
იბერიაში მნიშვნელოვანი იყო და კარგად გამოიხატებოდა მატერიალურ სფეროში.
“საქართველოს ისტორიის ნარკვევებში” ვკითხულობთ:” ელინისტურ
სამყაროსთან მჭიდრო პოლიტიკური, კულტურული და
ეკონომიური კავშირების შედეგად ძველი იბერიის
ამ დროის კულტურაში გზას იკვლევს ელინისტური
კულტურის არაერთი ელემენტი. იგრძნობა ეს
არქიტექტურაში და, საერთოდ, სამშენებლო საქმეში
(იონიური კაპიტელი სარკინეში, უფლისციხის მაგისტრალური
და ცენტრალური ქუჩები და მათთან დაკავშირებული
კომპლექსები; არმაზციხის ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი;
ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის გზით ვრცელდება
ქართლში კრამიტი. იბერიული მინის მრავალწახნაგა
საბეჭდავები ჩამოსხმული ჩანს ქვის მცირეაზიული საბეჭდავებიდან
და სხვ.”1
ყოველივე
ეს მატერიალური წარმოების სფეროა, რომელსაც არავითარი პირდაპირი კავშირი არა აქვს
დემოკრატიის ელემენტებთან. მეტიც მოვიდა დრო და დავსვათ ერთი პროვოკაციული კითხვა:
რამდენად დასავლური და, მით უფრო, დემოკრატიული იყო თავად სელევკიდური სამეფო (და
საერთოდ ელინისტური წარმონაქმნები, პონტოს ჩათვლით)?
ამკითხვაზე პასუხისათვის უნდა გავიხსენოთ, რომ ვერც ერთი ელინისტური სახელმწიფო
(სელევკიდების სამეფო, პტოლემეიდების ეგვიპტე, პონტო, მაკედონიის ელინისტური
სამეფო, ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო) ვერავითარი დასავლურობით და დემოკრატიულობით
ვერ დაიკვეხნიდნენ. პოლიტიკური მმართველობის მხრივ ისინი ტიპურ აღმოსავლურ
აბსოლუტურ მონარქიებს წარმოადგენდნენ. სელევკიდების ისტორიის ბოლო ეტაპზე საქმე
იქამდეც კი მივიდა, რომ სამეფო ხელისუფლების გაღმერთებაც დაიწყო.
მაშ რა უფლებით ვლაპარაკობთ სელევკიდებზე, როგორც აღმოსავლეთის ერთგავარ
“დასავლეთზე”, რომელსაც შეეძლო რაღაც პოზიტიური გავლენა მოეხდინა ფარნავაზის
იბერიაზე? რამდენად შეეძლო სელევკიდებთან ურთიერთობას დაემკვიდრებინა პოლიტიკური,
სოციალური, ეკონომიკური და მენტალური წყობის რაღაც იმგვარი ელემენტები, რომლებიც
სამომავლოდ ხელს შეუწყობდნენ იმგვარი ახალი ელემენტების წარმოქმნას, რომელიც
საქართველოში დასავლეთის ნაწილად გახდომის და მაშასადამე დემოკრატიულ
საზოგადოებაზე გადასვლის რაღაც მზაობას ჩამოაყალიბებდა?
ამ
კითხვებზე პასუხისათვის უნდა გავიხსენოთ რომ ელინისტურ სახელმწიფოებში, მათ შორის
სელევკიდების იმპერიაში, აბსოლუტური ხელისუფლება, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა
ჟღერდეს ეს, ყოვლისმომცველი არ იყო ანუ ხელისუფლების მთელ სეგმენტს არ მოიცავდა.
სელევკიდებთან, ისევე როგორც სხვა ელინისტურ სახელწმიფოებში, არსებობდა სეგმენტი,
რომელზეც ადგილობრივი თვითმართველობა არსებობდა. ეს ელინისტური ქალაქები იყო,
რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბერძენ-მაკედონელი კოლონისტები წარმოადგენდნენ
და რომელთა არსებობა საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ სელევკიდებზის ამპერიაზე
როგორც აღმოსავლეთის დასავლეთზე.
- საქართველოს
ისტორიის ნარკვევები ტომი I, გვ.308
ამ
ელინისტურ ქალაქებში თვიმართველობის თითქმის ისეთივე ფორმები არსებობდა, როგორიც
ბერძნული პოლისების ნაწილში (ცხადია ამ ელინისტური ქალაქების სუვერენიტეტის ნაწილი
მონარქის აბსოლუტური ნებით იყო შეზღუდული). ამგვარი პოლისების როლი ძალიან დიდი
იყო. თუგინდ იმიტომ, რომ ამ პოლისის მცხოვრებ კოლონისტებისგან კომპლექტებოდა ერთ დროს
უძლეველი სელევკიდური არმიის ბირთვი: მძიმე ქვეითების (ჰოპლიტების) ფალანგა.
საერთოდ მძიმე ქვეითების არსებობა-არარსებობა, რაგინდ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს,
ერთ-ერთი ინდიკატორია რომლის მეშვეობითაც “დასავლეთის” და “აღმოსავლეთის” გამიჯვნა
შეგვიძლია. არც ერთი აღმოსავლური იმპერია არ იცნობს ჰოპლიტების ტიპის ინსტიტუტს.
არ იცნობს იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჰოპლიტური ქვეითები (არ არის არსებითი
ფალანგის სახე ექნებოდათ მათ თუ ლეგიონის) არა მხოლოდ სამხედრო, არამედ
სოციოკულტურული კატეგორიაა. ჰოპლიტური დანაყოფების არსებობა ნიშნავს მოქალაქეთა
ძლიერი საშუალო კლასის არსებობას, რომელსაც თავისი სახსრებით შეუძლია
შეიძინოს მძიმე ქვეითისთის საჭირო, არცთუ იაფი საჭურველი. ასეთი მოქალაქენი
ბუნებრივია აგრარული ტიპის დასახლებებში ვერ გაჩნდებოდნენ (აღმოსავლეთში აგრარული
დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს, მარტივად რომ ვთქვათ გლეხებს, მხოლოდ მსუბუქი
ქვეითების როლში იყენებდნენ. ძველაღმოსავლურ სახელმწიფოებს უბრალოდ არ ჰქონდათ
რესურსი, რათა ამ ოდენობით მოსახლეობა მძიმე ქვეითებისათვის ვარგისი აღჭურვილობით
მოემარაგებინათ).
შეძლებულ
მოქალაქეთა ფენა კი მხოლოდ საქალაქო თვითმართველობის პირობებში ჩნდება. ამიტომაც
იყო, რომ მძიმე ქვეითები არ გაჩენილან ისეთ ძველაღმოსავლურ სახელმწიფოებშიც კი,
რომლებსაც უაღრესად განვითარებული საქალაქო ცხოვრება ჰქონდათ. რატომ? პასუხი
ერთია: არ არსებობდა თვითმართველობა, სამოქალაქო და საზოგადოებრივი სოლიდარობა.
ესენი ჰოპლიტის გაჩენისათვის ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორიც მძიმე აბჯარი,
მუზარადი და ფარი.
დიოგენ
ლაერტელთან მოყვანილი ჰერაკლიტეს ერთ-ერთი ფრაგმენტი (IX, 1) ამბობს “ხალხი
გათელილი კანონებისათვის ისევე უნდა იბრძოდეს, როგორც საკუთარი ქალაქის
კედლებისთვის”. აი აქ იბადება დასავლეთი, თავისი თვითმართველობით, სამოქალაქო და
საზოგადოებრივი სოლიდარობით და ჰოპლიტების ტიპის ჯარით.
მაგრამ
იბერიაში მძიმე ქვეითების არსებობა არსად არ დასტურდება. მარტივი მიზეზის გამო -
არ იყვნენ და იმიტომ. ჩვენ, სამხედრო ხელოვნების ისტორიის განვითარების დღევანდელ
დონეზე, ეჭვმიუტანლად შეგვიძლია დავადასტუროდ იბერიის არმიაში მძიმე კავალერიის
(სამხედრო ისტორიაში ისინი ცნობილნი არიან კატაფრაქტების სახელით), მსუბუქი
კავალერიის, მსუბუქი და საშუალო ქვეითების არსებობა. მაგრამ ჰოპლიტების შესახებ
არაფერი ვუწყით. ვიმეორებთ არ იყნენ და იმიტომ. მათ გაჩენას ხომ თვითმართული
ქალაქები ანუ ხელისუფლების არააღმოსავლური ხასიათი სჭირდებოდა. ეს კი არ იყო. მაშ
ჩვენი წამოწყები, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიის რაღაც ჩანასახების ძიებისა
იმთავითვე გაწირული წამოწყება ხომ არ არის?
ვნახოთ. ცხადია, ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა ერთი სტატიის ჩარჩოებში
შეუძლებელია. ერთი კია, საქართველოს თავისი არსებობის ისტორიაში ძალიან იშვითად
ჰქონია საქმე “ნამდვილ” დასავლეთთან. მას საუკეთესო შემთხვევაში საქმე
“დასავლეთიზირებულ” აღმოსავლეთთან ჰქონდა, სადაც დასავლური ტექნოლოგიები და
შეიარაღება მხოლოდ ინსტრუმენტი იყო არადასავლური ხელისუფლების განსამტკიცებლად. ამ
მხრივ არ არის არსებითი ფარნავაზის იბერიის და სელევკიდების ურთიერთობაზე ვილაპარაკებთ,
ვახტანგ VI-სა და პეტრე I-ის რუსეთის ურთიერთობაზე, თუ საქართველოს სსრ-ს ადგილზე
საბჭოთა კავშირში.
ფარნავაზის
როლი, როგორც აბსოლუტურ ხელისუფლების მქონე სახელმწიფოს შემნქმნელისა
ნიშანდობლივადაა გააზრებული რუსეთის აბსოლუტური მონარქიის გენერალ გრიგოლ
ორბელიანის მიერ. თავის საეტაპო ქმნილებაში “სადღეგრძელო” (საეტაპოა იმ აზრით რომ
პირველი მხატვრული ნაწარმოებია, სადაც საქართველოს ისტორია მთლიანობაში გაიაზრება
და ეს მთლიანობა რაღაც კავშირშია აწმყოსთან, ანუ ქართული გასამხედროებული
ფორმირებების გამარჯვებას უკავშირდება) ის ფარნავაზის ღვაწლს ასე აღწერს:
შენ,
ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ
მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ
დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და
ერთობისა წესი და ძალი!
და
ივერიის აღჩნდა მეფობა,
და
განძლიერდა შენისა სიბრძნით,
შორსა
განითქვა მისი გმირობა
და მის
მეფენი დიდების ბრწყინვით!1
და
როგორ ფიქრობთ ვის უნდა აღედგინა იბერიისთვის ფარნავაზის გროინდელი დიდება? სხვა
ქვეყნის აბსოლუტურ მონარქს, თვითმპყრობელ ნიკოლოზ I-ს. მისი აპოლოგია, მოცემული
“სადღეგრძელოში” იმდენად ოდიოზურია, რომ ამოღებული ამ პოემის პრაქტიკულად ყველა
გამოცემიდან (ნეტავ ვინ მისცა გამომცემლებს გრიგოლ ორბელიანის ტექსტის
ცენზურირების უფლება?). ნიკოლოზის ეს ერთგზის უკვე ნახსენები, ცენზურირებული
აპოლოგია ასე ჟღერს:
ხელმწიფევ
ჩვენო,
ძლიერო
ბრძენო,
ნიკოლოზ
დიდო სულგრძელობითა!
მხედარნი
შენნი,
ერთგულნი
მხნენი,
ვჰსვამთ
სადღეგრძელოს მოწიწებითა!
გულნი
ივერთა გვაქვს მსხვერპლად მზადა, შენდა შესაფერ-შეასაწირავად;
ტაძარი
შენი ჰსგას გულსა ჩვენსა, მოვედ მშვიდობის ჩვენდა საკმევად;
ძველი
ივერი,
შენი
ივერი,
შენდა
მოჰმართავს თვალსა და გულსა;
________________________________
- გრიგოლ
ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, თბ.1959,გვ. 97;
...............................................................................
შენგან
მოელის,
ვით
გაზაფხულის,
ყვავილი
მზისგან აღმოცენასა!
...............................................................
თამარის
დღენი,
დიდების
დღენი,
შენ
მოუვლინე შენსა ივერსა!...1
არადა ცენზურირებას სულ ტყუილად და უსამართლოდ ახდენდნენ. ფარნავაზის მიერ ერთ-მთავრობის ქმნას, ანუ აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრებას, როგორც საქართველოს ისტორიის წარსულის უმნიშვნელოვანეს პროცესს, პოეტი სრულიად გულწრფელად (სხვა საკითხია რამდენად სამართლიანად) უკავშირებს აწმყოში იბერიის ახალ გაბრწყინებას, რომელშც ჩანს რუსეთის თვითპყრობელ ნიკოლოზ I-ს იგივე როლი ინდა შეესრულებინა, როგორიც თავის დროზე ანტიოქოსმა შეასრულა ფარნავაზის იბერიის გაბრწყინებაში. დემოკრატიის ჩანასახი ისევე არ ჩანს, როგორც “ფარნავაზის ცხოვრებაში”. თუმცა ორივეგან იბერიის გაბრწყინება ერთნაირად უკავშირდება გარეშე ძალას, თანად ეს გარეშე ძალა ვესტერნიზებული აღმოსავლური იმპერიაა.
ეს
გაორება დასავლურ ფორმასა და აღმოსავლურ შინაარს შორის საქართველოს ერთგვარი
ბედისწერაა. ბედისწერაა, რომ 21-ე საუკუნეშიც კი ვერ დაიძლია აღმოსავლური
შინაარსი დასავლური ფორმის სასარგებლოდ უფრო პირუკუ. ცხადია არა მხოლოდ
საქართველოს ბედისწერაა. ეს მეტ-ნაკლებად ეხება ყველა ერს რომელიც დასავლეთისა და
აღმოსავლეთის, უფრო ზუსტად “დასავლეთის” და “არადასავლეთის” მიჯნაზე ბინადრობს.
ნიშანდობლივია ბალკანეთის ნატოსა და ევროკავშირის წევრ მათლმადიდებლურ ქვეყნებშიც
ასე თუ ისე დგას ეს პრობლემა. არაფერი რომ არ ვთქვათ სერბეთზე (ნუ შევეცდებით აქ
ძიება მაინცადამაინც რელიგიისკენ მივმართოთ და ეს გახლეჩა მართლამდიდებლობას
მივაწეროთ. პრობლემა რელიგიაში არ არის, ვინაიდან მართლადიდებლური სერბეთი,
ბულგარეთი და საქართველის ხელისუფლების აღქმის სულ სხვა ტიპს აყალიბებენ, ვიდრე
მათივე თანადროული ბიზანტია და 19-ე საუკუნის რუსეთიც კი).
იქვე,
გვ.98-99
ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარა გახლეჩები თავად “აღმოსავლურ” ცივილიზაციებს
შორის შეიძლება ვპოვოთ. მაგალითად ინდონეზიული ცივილიზაცია იხლიჩება ისლამურსა და
ინდურს შორის. ეს გახლეჩა უფრო თითქოს კულტურულ ხასიათს ატარებს და თითქოს
არც ეხება ხელისუფლების ხასიათი აღქმას. თუმცა კითხვა მაინც დადგება: რატომაა
ყველაზე დიდი ისლამური სახელმიფო ამავე დროს დემოკრატიულ და ამავე დროს ორ
ცივილიზაციას შორის მიჯნაზე მდებარე. საინტერესოა, რომ ინდონეზიის შემდეგ,
რაღაც ავ-კარგიანად დემოკრატიული სახელმწიფოები არიან მომდნევნო უდიდესი ისლამური
სახელმწიფოები (მოსახლეობის რაოდენობით)-პაკისტანი და ბანგლადეში. ისინი
ბუნებრივია იხლიჩებიან ისლამსა და ინდურ კულტურებს შორის. ამავე დროს მათ,
როგორც ბრიტანეთის კოლონიებმა განიცადეს დასავლური ცივილიზაციის გავლენაც.
ცხადია ბრიტანეთის ბატონობის პერიოდში დასავლური თვითმართველობის ელემენტაბისა და
სასამართლო ხელისუფლების ბრიტანული ტიპის არსებობამ უდიდესი დაღი დაასვა ემ
ხალხების მიერ ხელისუფლების აღქმას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც განაპირობებს,
რომ დემოკრატიის ხარისხის მიმართ პაკისტანის ან ბანგლადეშის მიმართ წაყენებული
პრეტენზიები ზოგჯერ უფრო ნაკლებიც კია, ვიდრე რუსეთის მიმართ წაყენებული
პრეტენზიები.
თუმცა ერთი რამ უეჭველია: სელევკიდების მეშვეობით დასავლურ კულტურასთან კონტაქტი
შედგა. ფარნავაზმა გარდა სახელმწიფოს შექმნისა მაშინდელ დასავლეთთან პირველი
კონტაქტები დაამყარა. და ჩვენ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მას მადლობა
ვუთხრათ ყოველივე იმისათვის რაც გააკეთა.
როგორც აღვნიშნეთ მსოფლიო ბრძანებელთან, რომის იმპერიასთან იბერიის პირველის
სამხედრო – პოლიტიკური შეხვედრა ჩვენს წ-ამდე 65 წელს მოხდა. ამ წელს პომპესუსმა
იბრეიაზე ილაშქრა. მართალია იბერიელი მძიმე კავალერისტები 66 წელს უკვე
მონაწილეობდნენ რომაელთა წინააღმდეგ სომხეთში მიმდინარე მოქმედებებში, მაგრამ
ისინი მოხალისეების სტატუსით იყვნენ, ამიტომაც ამას სახელმწიფოთშორის კონტაქტად
ვერ განვიხილავთ.
იარაღის პირველ გაცვლაში ივერია დამარცხდა. მაგრამ პომპეუსის აღმოსავლური
პოლიტიკის შედეგად ის კმაყოფილი შეიძლებიოდა დარჩენილიყო. დიდმა სტრატეგმა არა
მხოლოდ დასდო ხელსაყრელი ხელშეკრულება იბერიასთან, არამედ შემქნა წინაპირობები
მისი ტერიტორიულ ზრდისთვის. ამ მომენტიდან რომის იმპერიის დასასრულამდე იბერია
რომის მოკავშირედ გამოდიოდა (თუ არ ჩავთვლით მცირე პერიოდებს, განსაკუთრებით 3-ე
საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იბერიის მეფე ამაზასპი რომაელთაA
წარუმატრებლობების შემხედვარე ირანელთა მხარეს გადავიდა. თუმცა 298 წლის ამისიის
ზავით რომმა დაახლოებით ნახევარ საუკუნეში მოახერხა თავისი პოზიციების აღდგენა.
ამაზასპი შეთქმულების შედეგად იქნა ჩამოშორებული ხელისუფლებას და მოკლული).
ამრიგად
რომის მოკავშირეობის ხანა 400-500 წელი გაგრძელდა, სანამ რომი საბოლოოდ არ გაიხლიჩა
ორ ნაწილად (ეს თარიღი სადღაც ვახტანგ გორგასლის ზეობაზე მოდის).
რა შეიძლებვა ითქვას ამ პერიოდის “დასავლური” გავლენის შესახებ იბერიაზე. პირველ
ყოვლისა ის, რომ იბერიასთან კონტაქტების დაწყების პერიოდისათვის რომს უკვე გავლილი
ჰქონდა დემოკრატიული სისტემის პიკი. ქვეყანა ხანგრძლივე სამოქალაქო ომის შუალედურ
ეტაპზე იმყოფებოდა. ეს ომი კეისრის ხანმოკლე ზეობით თითქოს დასრულდა მაგრამ მისი
მკვლელობის შემდეგ კვლავ განახლდა და მხოლოდ კეისრის დისშვილიშვილ ოქტავიანოს
ავგუსტის გაიმპერატორობით.
იმის მიუხედავად, რომ ოქტავიანემ იმპერატორის ტიტული მუდმივად მიიღო (მანამდე ამ
ტიტულს მხოლდოდ დროებით ანიჭებდნენ) და რომი ფაქტობრივად მონარქიად ტრანსფორმირდა,
მაგრამ რესპუბლიკური ინსტიტუტები, რომლებიც რომაული დემოკრატიის ქვაკუთხედს
წარმოადგენდნენ, ფორმალურად ძალაში დარჩდნენ. ამრიგად თეორიულად მაინც,
განსხვავებით სელევკიდებისგან, რომის იმპერიის სახით საქმე “ნამდვილ” დასავლურ
სახელმწიფოსთან გვქონდა.
რასაკვირველია რომის მოკავღშირეობა სრულიადაც არ ნიშნავს თითქოს რომაელთათვის
დამახასიათებელი ინსიტუტების მსგავსი შეიქმნებოდა ქართლშიც. ეს არავითარი
მონაცემებით, მათ შორის იბერიის სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურის სტრაბონის
ცნობილი დახასიათებიდან ჩანს. არ ჩნდება ადგილობრივი თვითმართველობის აღმნიშვნელი
ტერმინოლოგია, არ ჩნდება ანტიკური “დასავლეთის” ისეთი აუცილებელი ატრიბუტი,
როგორიც მძიმე ქვეითების ლაშქარია.
ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან მოკავშირე სახელმწიფოებში რომაელები სულაც არ
ახდენდნენ საკუთარი ინსტიტუტების ექსპორტს. ეს მარტო იბერიას როდი ეხება. სომხეთი
ერთხანს საერთოდ რომის პროვინციაც კი იყო, მაგრამ იქ რომისათვის დამახასიათებელი
სახელმწიფო-პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების დამკვიდრების ფაქტი უცნობია.
თუმცა იბერიისა და რომის მჭიდრო კონტაქტები უეჭველია. რომაელთა დახმარებით ქართლის სამეფო გვარის წარმომადგენლები ადიან სომხეთის ტახტზე. რომაელები
ანხორციელებენ საფორტიფიკაციო ნაგებებობების მშენებლობას იბერიაში. ჩანს
პერიოდულად აგზავნიან იქ სამხეხდრო დანაყოფებს. თავის მხრივ იბერიელებიც
მონაწილეობენ რომაელთა ლაშქრობებში. იბერიელთა რაზმი მონაწილენდა ტრაიანეს
წარმატებულ ლაშქრობაში, რომელსაც პართიის “ჩამოშლა” მოჰყვა... პირველის ქრისტიანი
მეფე მირიანი 360 წლის სიახლოვეს მონაწილეობს რომაელთა მიერ წარმოებულ
მოქმედებებში მესოპოტამიაში. ორ სახელმწიფოს შორის მყარდება მყარი დიპლომატიური
ურთიერთობები.
ამ მხრივ განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის კონფლიქტი, რომელიც რომსა და იბერიის
მეფე ფარსმან II-ეს შორის მოხდა. კონფლიქტის დარეგულირება რომის ორ იმპერატორის
ადრიანეს და ანტოპნინუს პიუსის ზეობაზე გაიწელა. მაგრამ ეს არსებითი არ არის.
მთავარია, რომ რომაული წყაროებიდან ნათლად ჩანს ის, რომ იბერიასა და რომს შორის
ელჩობას ჰქონდა ადგილი. ფარსმან II-ის ელჩები გამოდიან სენატში, ხოლო იმპერატორის
ელჩად ფარსმანთან იგზავნება ცნობილი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკოსი ფლავიუს
არიანე. მოგვიანებით მრავალწლიანი მოლაპარაკებები რომში ფარსმანის ვიზიტით
სრულდება.
წყაროებიდან ნათლად ჩანს რომ ფარსმან II-ის ეპოქაში იბერიის ნობილიტეტს საქმის
დაჭერა უწევდა რომის იმპერიის უმაღლეს ეშელონების წარმომადგენლებთან: უმაღალესი
რანგის სახელმწიფო მოხელე, კონსული რომლის სახელიდან მხოლოდ ფაბიანუს-ა
შემორჩენილი, სენატორებთან და თავად იმპერატორთანაც კი. ეეს თავის მხრივ
გულისხმობს, რომ იბერიის ნობილიტეტს მთლიანობაში ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა
ჰქონოდათ იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს რომის სახელისუფლო მანქანა.
მართალია
ამ ელემენტების საქართველოსი იმპორტზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ფარნავაზის
ეპოქასთან შედარებით პროგრესი სახეზეა. აქ “ნამდვილი” დასავლური სახელმწიფო
ინსტიტუტების მექანიზმების ფუნქციონირების ცოდნის ხარისხი შეუდარებლად უფრო
მაღალია ვიდრე ფარნავაზის დროს “არანამდვილად” დასავლური სელევკიდების იმპერიის
ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნის დონე. დასავლეთ საქართველოსი ჯერ ბერძნების
კოლონიების, ხოლო შემდეგ რომაული გარნიზონების ყოფნას ხელი უნდა შეეწყო იმისათვის,
რომ მაშინდელ ქართველებს თუგინდ ზედაპირულად შეეტყოთ მაშინდელ “დასავლელთა”
ყოველდიურ ცხოვრებაზე. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ როგორც სერაფიტის წარწერა
ადასტურებს, იბერიის ხელისუფლების მეორე პირი, პიტიახში, რომაული სახელი
პუბლიოკიოს აგრიპა ჰქვია (ზუსტად ისე, დღევანდელი დიჯეები რომ ირქმევენ
ანგლოსაქსონურ სახელებს).
ქრისტიანობის მიღებამ რომთან (ჯერ ისევ რომია, დედაქალაქი მართალია
კონსტანტინოპოლშია გადმოტანილი, მაგრამ ბიზანტიის იმპერია ჯერ კიდევ არ არსებობს)
ინტეგრაცია კიდევ უფრო ინტენსიური გახადა. ამას გარდა ქრისტიანობის მიღებამ
დაამკვიდრა ღვთის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის იდეა, რომელიც მოგვიანებით
დასავლური დემოკრატიის მთავარი ელემენტის: კანონის წინაშე ყველას თანასწორობის
ქვაკუთხედი გახდა. მოკლედ ქრისტიანიობის შემოსვლა კიდევ ერთი გარე გავლენა იყო,
რომელმაც რაღაც ფორმით ჩაუყარა საფუძველის ქართული ისტორიული კულტურის ისეთ
ელემენტებს, რომლებიც მას დასავლური დემოკრატიის საფუძვლებისადმი ადაპტირებადს
აქცევდნენ. თუმცა ქრისტიანიბის გავლენა ქართულ ისტორიულ კულტურაზე იმდენად
მომცველი საკითხია, რომ ამ შრომაში, მისი მოცულობიდან გამომდინარე, იძულებულნი
ვართ თავი შევიკავოთ მისი გაშლისაგან.
დასავლეთ
რომის დაცემა, ბიზანტიის, როგორც რომისაგან განსხვავებული სახელმწიფოებრივი
მოწყობის წესის ჩამოყალიბება, გამანადგურებელი ბიზანტია-ირანის ომები და
არაბთა მომდევნო დაპყრობები არა მხოლოდ წყვეტს ქართულ-დასავლურ კონტაქტებს,
არამედა თვად ქართლის სახელმწიფოს ჩამოშლას იწვევს. რამოდენიმე საუკუნის მანძილზე
დასავლეთთან კონტაქტები სპორადულ ხასიათს ატარებს. ვითარება მხოლოდ ჯვაროსნული
ლაშქობების დაწყების შემდეგ იწყება.
ჯვაროსნული ლაშქრობების მნიშვნელობას საქართველოსთვის სათანადოდ ჯერ კიდევ დავითის
ისტორიკოსი იაზრება. ყველა ჯვაროსნული წარმონაქნები დასავლური ვასალიტეტის
პრინციპს ემყარებოდნენ, ანუ იმ პერიოდში საქართველოს და დასავლეთს ერთნაირი
სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური წყობა ჰქონდათ და ამ წყობის თვალსაზრისით ერთნაირად
უპირისპირდებოდნენ ბიზანტიას. და არა მხოლოდ პოლიტიკური წყობის თვალსაზრისით.
1204 წელს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ აშკარად ჩანს მოქმედებათა კოორდინაცია
საქართველოსა და ჯვაროსნებს შორის.
თუმცა ამგვარ კოორდინაციას საფუძველი ბევრად უფრო ადრე ჩაეყარა, როდესაც ბალდუინ
II-ემ და დავით აღმაშენებელმა ილ-ღაზის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ
კოორდინირებული სტრატეგიული კამპანიების წარმოება იწყეს. ამავე კონტექსტში ჯდება ერთი
შეხედვით უცნაური და ჩვენი პუბლიკასითვის ნაკლებად ცნობილი ფაქტი: იერუსალიმის
ქართველთ ჯვრის მონასტრის ნაწერებში საკმაოდ იძებნება ტამპლიერების სულის
მოსახსენიებელი ლოცვები. მაგალითად იერუსალიმის მონასტრის ხელნაწერ
მოსახსენებლებში ვკითხულობთ:”ქრისტე ღმერთო შეიწყალე სირ ვრიდრიშ (ჩანს სახელ
“ფრიდრიხის” ქართველიზებული ფორმაა - კ.კ.)”..A”შეიწყალე ძმაი პერი(პიერი???-კ.კ.)
ტაძრელი”... “ჯუარო პატიოსანო, ადიდე და შეიწყალე სირ პერ კუმანდორი (ლაპარაკია
ტაძრების კომანდორ პიერზე-კ.კ.) ტაძრელთა” უაღრესად ნიშანდობლივი ფაქტია!
მართლმადიდებლურ მომნასტერში მოიხსენიებენ არა მხოლოდ არამართლმადიდებელი
კათოლიკეების, არამედ კათოლიკური სამხედრო ორდენის წევრების სულს! 1
- ივანე ჯავახიშვილის
100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი,1976; გვ.258.
შეგვიძლია გავიხსენოთ რომ გაცილებით გვიანაც უმჭიდროვესი კონტაქტები ჰქონდა
აღმოსავლეთის “ლათინთა” წარმონაქმნებთან.მაგალითად მივიწყებული ფაქტი ქართული
სამეფო კარის დანათესავებისა ლუზინიანების (იერუსალიმის მეფეები, მოგვიანებით
კილიკიის და კვიპროსის მეფეების დინასტია და საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფოს
დიდგვაროვნები) დინასტიასთან. მაგალითად გიორგი ბრწყინვალის ასული ცოლად ჰყავდა
კილიკიის მეფე ლუზინიანს. ურიგო არ იქნება გიორგი ბრწყინვალის
და საფრანგეთის სამეფო კარის მივიწყებული ურთიერთოებბის გახსენება.
ჯვაროსნული დასავლეთის გამანადგურებელმა მარცხმა აღმოსავლეთში საქართველოს და
დასავლეთს შორის ინტენსიური კონტაქტები გაწყვიტა. ამ პერიოდიდან იწყება
თავისებური გონდორის მითის ჩამოყალიბება ქართველთ შორის (ტოლკიენის ცნობილი
ტრილოგიით გონდორი დასავლეთის საძმოს მიტოვებული ნაწილია, რომელიც გმირულ და
მარტოსულ ბრძოლას აწარმოებს “აღმოსავლეთის” წინააღმდეგ). ამავე დროს დასავლეთ
ევრიოპაში იწყება იმის ჩამოყალიბება, რასაც საკუთრივ “დასავლეთი” შეიძლება
ვუწოდოთ. საქართველო გასაგები მიზეზების გამო ამ პროექტს გარეთ რჩება. საქართველოს
ლტოლვა დასავლეთისადმი სრულდება იმით, რომ საქართველო კვაზიდასავლური რუსეთის
იმპერიის ნაწილი ხდება.
ამრიგად
მთელი რიგი გარემოებების გამო საქართველოში არ ყალიბდება დასავლური ტიპის
საზოგადოება. მაგრამ ჩვენში ვერც აღმოსავლური შინაარსი ძლევს დასავლურ ფორმას.
ამიტომ ჩვენი ისტორიული კულტურის კვალიფიკაცია შეუძლებელია როგორც “აღმოსავლურს”.
ეს გახლეჩვა დასავლურ ფორმასა და არადასავლურ შინაარს შორის დღესაც უაღრესად
აქტუალურია. ერთხელაც, არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ნათელია რომ დასავლური ფორმა
დაძლევს აღმოსავლურ შინაარს და შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველო ლოგიკურად
მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო.
ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი აჩვენებს ერთ გარემოებას: ისტორიულად ქართულ
საზოგადოებაში, სოციოკულტურული სისტემის სიღმისეულ სტრუქტურებში, არსებობდნენ
სტრუქტურები, რომელთაც სათანადო განვითარების შემთხვევაში ახასიათებდათ გარკვეული
ტენდენცია იმის ანალოგიური განვითარებისა, რასაც დასავლეთში ჰქონდა ადგილი.
მთავარი ელემენტი იყო ის, რომ სოციუმის სტრუქტურა რაღაც სიღრმისეული ფაქტორების
ზემოქმედებით, რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრების
ყოველგვარ მცდელობას.
მეტიც როგორც ყუთლუ - არსლანის გამოსავლა აჩვენებს, ჩნდებოდა მოთხოვნილება
ხელისუფლების რაღაც ფორმით დანაწევრებისაც კი. აღარაფერს ვიტყვით მართველობის
ისეთი სპეციფიკური ფორმის შესახებ, რომელიც თბილისში არსებობდა “ტფილელი ბერების” მართველობის
სახით, რომელიც თბილისში ამირას ხელისუფლების დამხობას მოჰყვა.
ეს სიღრმისეული სტრუქტურისმწარმოებელი ტენდენციები, რასაკვირველია სათანადო
ასახვას ჰპოვებდნენ მთელ სოციოკულტურულ სისტემაში, რომელიც საუკუნეების
განმავლობასში ინარჩუნებდა მდგრადობას. ამას ერთვოდა სოციუმის და განსაკუთრებით
ელიტის სწრაფვა დასავლეთისადმი, რომლის შედეგადაც “დასავლეთი” ეჭვმიუტანლად
პოზიტიურ ღირებულებათა შორის ხდებოდა (კურიოზია მაგრამ ფაქტია, რომ “დასავლეთი”
ღირებულებათა შკალაში ოცდაათი წლის წინ ბევრად უფრო პოზიტიურად ფასდებოდა ვიდრე
დღეს ფასდება).
ყოველივე აქედან ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: ისტორიული ქართული კულტურის სულ
მცირე რიგი ფუნდამენტალური ღირებულებები და სტრუქტურათწარმომქმნელი სიღრმისეული
ტენდენციები წინააღმდეგობაში არ მოდიოდნენ დასავლური დემოკრატიის ინსტიტუტების
საფუძვლებთან. სხვა საქმეა, რომ ამ ინსტიტუტებთან ჩვენი სოციოკულტურული სისტემის
ადაპტირებას გარკვეული სტარტეგია სჭირდება. პრობლემა ამგვარი ადაპტაციის
შეუძლებლობა კი არ არის, არამედ ადაპტირებისათვის აუცილებელი სტრატეგიის
შემუშავების უუნარობაში. ამ უუნარობით ერთნაირად იყო დაავადებული დამოუკიდებლობის
შემდგომი საქართველოს სამივე ხელისუფლება. ეს არცაა გასაკვირი. სამივე პრეზიდენტს
ხომ აბსოლუტური ხელისუფლება სურდათ, რომლის მიღწევა აღწერილ გარემოებათა გამო
შეუძლებელია.
ბოლოთქმა
რასაკვირველია ერთ, თუგინდ დიდი მოცულობის წერილში, პრინციპულად ვერ გაკეთდება
საქმე, რომელიც სამეცნიერო მონოგრაფიას მოითხოვს: საბოლოო პასუხის გაცემა
კითხვაზე: არის თუ არა ტრადიციულ ქართულ კულტურაში ისეთი ფუძემდებლური ელემენტები,
რომლებზე უარის გარეშეც საქართველოში დემოკრატიული საზოგადება ვერ აშენდება.
თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენს სტატიაში მინიმუმ ის მაინც არის დასაბუთებული, რომ
ისტორიული ქართული კულტურა არ შეიცავს არსობრივ ელემენტებს, რომლებიც ხელს შეუშლის
დასავლური დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში (ხაზს ვუსვავ
ლაპარაკია “არსობრივ ელემენტებზე” და არა ცალკეულ მომენტებზე, ან ისეთ მომენტთა
ერთობლიობაზე, რომელიც დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებისათვის ხელსაყრელ ფონს არ
ქმნის. თუმცა ასეთ მომენტებს უამრავს ნახავთ არა მხოლოდ ინდურ ან იაპონურ
კულტურებში, ერამედ თავად ევროპული კულტურის სეგმენტებშიც. თუმცა ამის გამო ჩვენი
შერყეული ლიბერალ-ფუნდამენტალისტების გარდა, არავის მოსვლია თავში, რომ
ინდოელმა და მით უფრო იაპონელმა, ტაივანელ-კორეელითურთ, საკუთარ კულტურასა და
ისტორიაზე უნდა თქვას უარი იმისათვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ააშენოს).
მოკლედ
ქართული კულტურული ტიპი მინიმუმ არსობრივ ხელისშემშლელ პირობებს არ ქმნის
დემოკრატიული სისტემის განვითარებისათვის. მეტიც, შეიძლება ასევე ცალსახად ითქვას
ის, რომ ქართულ კულტურაში არის რაღაც ისეთი, რაც არსობრივად უშლის ხელს
საქართველოში აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრებას. ეს ჯერ კიდევ სტალინმა იგრძნო
და ჩვენს მიერ აღწერილი სტერეოტიპის დამკვიდრებით სცადა ქართული კულტურა
აბსოლუტური დიქტატურისათვის ადაპტირებადად ექცია. სტალინის შედარებით წარმატებული
მცდელობა სხვადასხვა დონის წარუმატებლობით განაგრძო დამოუკიდებლობელი საქართველოს
სამივე პრეზიდენტმა. შედეგი იგივე: ქართველობა თურქმანბაშობას არ იღებს.
ამრიგად
გვაქვს ორი გარემოება: პირველი; ქართული სოციოკულტურული სისტემის რომელიღაც
სიღრმისეული სტრუქტურები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან აბსოლუტური დიქტატურის დამყარებას.
რა სოციოკულტურულ სიღრმისეულ სტრუქტურებზეა ლაპარაკი კონკრეტულად ახლა ვერაფერს
ვიტყვით, ვინაიდან ჩვენს მეცნიერებს არ ჩაუტარებიათ ამგვარი სტრუქტურების არანაირი
კვლევა. მეტიც, ბევრ “სახელოვან” მეცნიერს საერთოდ წარმოდგენაც არა აქვს
ამგვარი სტრუქტურების არსებობის შესახებ. კარგი იქნებოდა, ამ მიმართებით მაგალითი
ალბათ ყველაზე განვითარებული ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, ლინგვისტიკიდან
აგვეღო, სადაც შესანიშნავად ახერხებენ აჩვენონ, როგორ ზეგავლენას ახდენენ
მოცემულ მომენტში ენის განვითარების პროცესზე ის სიღრმისეული ლექსიკურ-გრამატიკული
სტრუქტურება რომლებიც შეიძლება ათასწლეულებით ადრეც კი ჩამოყალიბდნენ ამ ენაში.
ასევეა
ისტორიასსიც. სანამ ჩვენ ამგვარი სიღრმისეული სოციოკულტურული სტრუქტურები
(ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტები, მენტალობის სხვადასხვა პარამეტრები,
ენობრივი ტრანსფორმაციის პროცესის ტიპი და ა.შ) არ შეგვისწავლია,
ზემოთქმულის გარდა ვერაფერს შინაარსობრივს ვიტყვით, იმაზე თუ როგორ უწყობს
ან უშლის ხელს ქართული სოციოკულტურული სისტემის ესა თუ ის სიღრმისეული
სტრუქტურა საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას. მაგრამ ამას ხომ სათანადო
მეცნიერული ცოდნა, სათანადო კომპეტენცია, დასავლურ მეცნიერებაში დამკვიდრებული
მეთოდების ცოდნა და ბოლოს ელემენტარული წიგნიერება სჭირდება, რომელიც, სრული
პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, “თავისუფლების ინსტიტუტის”ადეპტებს არ გააჩნიათ.
ამ მხრივ ისინი სრულიად ღირსნი არიან თავიანთი სარკისებური ანტიპოდებისა: სუფრის
პატრიოტებისა, რომლებიც გაუთავებლად ქაქანებენ ისეთ არარსებულ სუბსტანციებზე,
როგორიცაა “ქართული გენი”, “ქართული ჯიში” (ვითომ საქმე ადამიანებთან კი არა
ცხენებთან ან ძაღლებთან ჰქონდეთ), “საჯიშე ბიჭები” და ა.შ. ორივე მხარე ერთმანეთის
ღირსნი არიან და საქართველოში იგივე დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის
უკეთესი იქნება რაც შეიძლება მალე თუ დაგვანებებენ თავს.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ისტორიული ხასიათის სოციოკულტურული კვლევების გარეშე
შეუძლებელია სრულფასოვანი პასუხი იმ სიღრმისეული სტრუქტურების შესახებ კითხვაზე,
რომლებიც ხელს უშლიან საქართველოში აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრებას და
წარმოადგენენ ერთგვარ პროტობაზისს ან ხელშემწყობ ტენდენციას საქართველოში
დემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის. მართალია ამგვარი კვლევები ჯერ არ
ჩატარებულა, მაგრამ ახლავე შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი ელემენტი, რომელიც
ხელს უშლიდა საქართველოში აბსოლუტური დიქტატურის დამკვიდრებას.
მაგალითად მაშინვე მოგვხდება თვალში ქართული სივრცის სპეციფიკა (დიდი ფრანგი
ისტორიკოსი ფერნან ბროდელი თავის ნაშრომში, რომელიც ფილიპე II-ის ხანის
ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიას ეხება, სრულიად სამართლიანად ამტკიცებდა, რომ
ხმელთაშუა ზღვა მის სივრცეზე მიმდინარე პროცესების მხოლოდ ობიექტი კი არ არის,
თავისებური სუბიექტიცაა. ასევეა ჩვენს შემთხვევაში: საქართველოს სივრცე
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი სუბიეტია). ჩვენი სივრცის ხასიათი, მთისა
და ბარის (უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ მთებისა და ბარების) მეტად სპეციფიკური
სისტემა იყო ერთ-ერთი გარანტორი ცხოვრების წესების კალეიდოსკოპურობისა და
ხელისშემშლელი იმგვარი უნიფიკაციისათვის, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი
აბსოლუტური ხელისუფლების დამკვიდრებისათვის(გავიხსენოთ ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი
დიუმას რომანიდან “დედოფალი მარგო”. მომაკვდავი შარლ IX ეუბნება მომავალ
მეფე ანრი ნავარელს”საფრანგეთი ვაკე ქვეყანაა და იქ მხოლოდ ერთი რელიგია უნდა
იყოს”(იგულისხმება რომ საფრანგეთის ვაკე ხასიათიდან გამომდინარე იქ აუცილებელია
აბსოლუტური უნიფიკაცია სადაც მხოლოდ კათოლიციზმმა უნდა იბატონოს და
ჰუგენოტობისთვის არსობრივი ადგილი ვერ დარჩება. სინამდვილეში აბსოლუტური მონარქიის
დამყარების შემდეგ ასეც მოხდა).
საქართველო ვაკე ქვეყანა არაა და ამიტომ მისი უნიფიკაციაც ძალიან ძნელია. სივრცის
ეს არაჰომოგენურსტრუქტურიანობა (ერთი სიტყვით დავწერ!) უმნიშვნელოვანესი
სოციოკულტურული და პოლიტიკის-შემოქმედებითი მომენტია, რომლის მნიშვნელობა ჩვენს
პოლიტიკური ისტორიისათვის მხოლოდ ნიკო ბერძენიშვილმა გაიაზრა და ისიც არაპირდაპირ.
ცალკე კვლევის საგანია ვასალიტეტიური სისტემის ჩამოყალიბების თავისებურებები
საქართველოში და მისი როლი იმ პროცესში, რომელსაც პირინეის ანალოგიით საქართველოს
რეკონკისტა შეიძლება ეწოდოს. რაოდენ ცუდად არის გააზრებული საქართველოს ისტორიის
ეს მომენტი ქართულ ტრადიციულ ისტორიოგრაფიაში დასტურდება იმით, რომ
საშუალოსტატისტიკურ ქართველთა უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ვასალიტეტური
სისტემის დამფუძნებელსვ- მეფე არჩილს. ის ქართული ისტორიის ერთგვარ მარგინალად
რჩება (თუგინდ ამიტომ იმსახურებს ყურადღებას პოსტმოდერნის ეპოქაში). უფრო
განათლებული ქართველებისათვის ის ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პერსონაჟია და მხოლოდ
ერთეულებმა იციან რომ არცილი საქართველოში თვისებრივად ახალი სოციოკულტურული და პოლიტიკური
სისტემის შემქმნელია.
აღარაფერს ვიტყვით საქართველოს ისტორიის ისეთი ფენომენების შესწავლის
აუცილებლობაზე, როგორიც იყო “ტფილელ ბერთა” მმართველობა ამირების ხელისუფლების
შესუსტების პერიოდში ან ქართველთა და აფხაზთა სამეფოების ნებაყოფლობითი
(დინასტიური) გაერთიანება. ამ პროცესებს ეჭვმიუტანლად ჰქონდათ ადგილი და რახან
ისინი მოხდნენ, მაშასადამე არსებობდნენ რაღაც სიღრმისეული სოციოკულტურული
სტრუქტურები, რომლებმაც ისინი შესაძლებლად აქციეს. ამგვარი სტრუქტურების
შესწავლამდე ყოველგვარი ნაცანცარები დასკვნები ქართული კულტურის შინაგან მტრობაზე
დემოკრატიული ღირებულებებისადმი უბრალოდ სასაცილოა.
ცალკე და სერიოზული საკითხია ეკლესიის როლი, როგორც საერო ხელისუფლების
თვითმპყრობელობისკენ მისწრაფების შემაკავებლისა. რასაკვირველია ეკლესიის როლზე,
თანაც შუა საუკუნეებში შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ. ყველაზე იოლია შევიარაღდეთ
მაქს ვებერით და ვამტკიცოთ, რომ პროტესტანტული პროგრესიზმს წინ კათოლიკური
რეაქციულობა და განვითარების უუნარობა ეღობებოდა. მართლმადიდებლობაზე ხომ
ლაპარაკიც არაა. პროგრესის მთავარი მტერი იყო და დღესაც ასეთია. აი ქართველი
ლიბერალების უდიდესი დასკვნა ამოკითხული მაქს ვებერიდან.
მაქს ვებერი დიდი ფილოსოფოსი და უდიდესი სოციოლოგი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს
არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ მან მთელი რიგი მყვირალა შეცდომები
დაუშვა. მაგალითად ის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ კონფუციანური ტრადიციის
ქვეყნებში შეუძლებელია კაპიტალიზმის არსებობა და განვითარება. იაპონია, სამხრეთ
კორეა, ტაივანი, ჰონკონგი და სინგაპური ამკითხვაზე გაცემული პასუხია. არა მაქს
ვებერის სასარგებლოდ.
ჩვენი “ვებერიანელები” არც იმას ითვალისწინებენ, რომ პროტესტანტიზმის ვებერიანული
აპოლოგია და კათოლიციზმის კრიტიკა გერმანიის ისტორიის იმ ეპიზოდის გამოძახილია,
რომელსაც ვებერის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი გერმანიაში და რომელიც
კულტურკამპფის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ბისმარკის მიერ კათოლიციზმის საზოგადოებრივი
როლის ყოველმხრივი შევიწროება პროტესტანტიზმის სასარგებლოდ. პროცესს რელიგიასთან
არაფერი ჰქონდა საერთო. ის პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული და მიზნად ისახავდა
პროტესტანტული პრუსიის ჰეგემონობის საბოლოო დამკვიდრებას ახლადშექმნილ გერმანიის
იმპერიაში. ეს ცხადია კათოლიკური სეგემნტის, პირველ ყოვლისა გერმანიის იმპერიის
შიგნით პრუსიის მთავარი კონკურენტის, კათოლიკური ბავარიის ხარჯზე უნდა მომხდარიყო
(“გერმანიის იმპერიის შიგნით”-თქო იმიტომ ვამბობ რომ გერმანიის იმპერიის გარეთ
არსებობდა კიდევ ერთი გერმანული სახელმწიფო- კათოლიკური ავსტრია-უნგრეთი, რომელსაც
პრუსიაზე არანაკლები პრეტენზია ჰქონდა ყველა გერმანელის ლიდერობისა).
ამ
შიდაგერმანული პოლიტიკური ბრძოლის ინერციის დისკურში შედგენილი ნაშრომის
დასკვნები, ნაშრომისა სადაც მართლმადიდებლობაზე არაფერი განსაკუთრებულად არსებითი არაა
ნათქვამი, ჩვენს ლიბერალებს სრულიად უაზროდ გადააქვთ სრულიად სხვა ეპოქასა და
სრულიად სხვა სოციოკულტურულ კონტექსტსი (ჩვენმა “ლიბერალებმა” გერმანიის ისტორია
რომ არ იცინ, ეს ხომ თავისთავად ცხადია. წესიერ ლიბერალს არა მხოლოდ მშობლიური
ქვეყნის ისტორია უნდა სძულდეს, არამედ სხვა ქვეყნებისაც).
ისე მეცნიერულ ავტორიტეტებზე მითითების თვალსაზრის თუ მივყვებით, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ მარკ ბლოკი, რომელიც ევროპის ისტორიის შეუდარებლად მაღალი დონის
მცოდნე იყო, ვიდრე მაქს ვებერი, არაფერს ლაპარაკობს პროტესტანტიზმის განსაკუთრებულ
პროგრესულობაზე და კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ
ჩამოერჩენილობაზე (არ დამიწყოთ ახლა მარკ ბლოკი ებრაელი იყო და ამიტომ ეს საკითხი
არ აინტერესებდაო).
სამაგიროდ კარგადაა ცნობილი, რომ მეფის მიერ ეკლესიის დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია და
შესაბამისად მეფის აბსოლუტური, შეუზღუდავი ხელისუფლების დამყარება სწორედაც
პროტესტანტიზმის მონაპივარის კაცობრიობის ისტორიაში (ამასთან, ახლავე ხაზი უნდა
გავუსვათ იმას, რომ ზუსტი მეცნიერული აზრით არცაა კორექტული “პროტესტანტიზმზე”
როგორც ერთიან მიმართულებაზე ლაპარაკი. აქ იმავე სიტუაცია გვაქვს როგორც
“აღმოსავლეთის” შემთხვევაში. “პროტესტანტიზმი” არ არის ცნების პოზიტიური
განმარტება. ის მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სარწმუნოება არ არის კათოლიკური ან
მართლმადიდებლური).
პროტესტანტიზმის
ზეობის ისტორია იმით იწყება, რომ ინგლისის მეფემ თავი ეკლესიის მეთაურადაც
გამოაცხადა, რასაც მალე მოჰყვა აბსოლუტური მიონარქიის დამყარება ინგლისში. მალე
მას სხვადასხვა პროტესტანტმა მეფეებმაც, მაგალითად შვედეთისამ, მიბაძეს. ბოლოს
საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს პროტესტანტული ინიციატივა უმართლმადიდებლესმა პეტრე
I-მა გაიზიარა, პატრიარქის ინსტიტუტი გააუქმა და ეკლესიის მეთაურად მეფის
ხელქვეითი საერო ჩინოვნიკი - სინოდის ობერ-პროკურორი დანიშნა. ძალიან ძნელია ეს
ბიზანტიზმის გამოვლინებად განვიხილოთ, თუმცა შესანიშნავად ჯდება აბსოლუტური
ხელისუფლების დამკვიდრების კონტექსტში.
ყველა
ამ მაგალითს ერთი ფუნქცია აქვთ:აჩვენონ, რომ საქართველოს შემთხვევაში ეკლესიის
რთული და მრავალწახნაგოვანი როლის შესწავლა სათანადო კომპეტენციის პირობებში და
სათანადო მეცნიერული მეთოდებით უნდა მოხდეს და არა პიარზე მიმართული პუბლიცისტიკით,
რომელიც სრულიად უადგილოდ დასესხებულ კონცეფციებს და არაკომპეტენტურ დასკვნებს
ემყარება.
მოკლედ
საქართველოს ისტორიას არ გაუმართლა. ჩვენი ისტორიის ანიჰილატორებიცა და სუფრაზე
მისი განმადიდებლებიც ერთნაირად უმეცარნი არიან ამ ისტორიის ძირითადი ტენდენციების
თუ პერიპეტიების ცოდნაში. გარკვეული აზრით საქართველოს ისტორია ხელახლაა დასაწერი.
ამას თუგინდ პოსტმოდერნის ხანაში გაბატონებული ახალი მიდგომაც მოითხოვს. თუ
მოდერნიზმის ხანაში ითვლებოდა, რომ მეცნიერება რაღაც იდეალს უნდა მიუახლოვდეს,
შექმნას ერთი, ერთხელ და სამუდამო ჭეშმარიტებებით გაჯერებული თეორია, რომელიც
მხოლოდ ტექნიკურ დაზუსტებებს უნდა ექვემდებარებოდეს (ქართველთა უმრავლესობა ასეთად
ი.ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორიას” მიიჩნევს), დღეს საქმის ვითარება
ძირეულად განსხვავებულია. დღეს მეცნიერებასი მხოლოდ ერთი თეორიის არსებობა ამ
მეცნიერების განვითარების კი არა სტაგნაციის მაჩვენებლად მიიჩნევა. მეცნიერების
განვითარების აუცილებელ პირობად კონცეფციებისა და მიდგომების სიმრავლე მიიჩნევა,
რომლითაც ჩვენი სოციალური და კულტურული ისტორია ვაი რომ ვერ დაიკვეხნის.
იგივე შეიძლება ითქვას ე.წ.ქართული ტრადიციების მიმართ, რომლებიც თურმე ხელს
გვიშლიან ევროპული დემოკრატიის ნორმების დამკვიდრებაში და საერთოდ კოლონიური
დაპყრობის ეპოქაში არიან შექმნილი. თქმა არ უნდა: ხანგრძივსადღეგრძელოებიანი
ხანგრძლივი სუფრა მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია, რომელზეც ალბათ ადრე თუ
გვიან ხელს ავიღებთ. მაგრამ რა კავშირშია ეს სუფრა დემოკრატიის დამკვიდრებსთან
მომკალი და ვერ გამიგია (ავტორიტარული ხელისუფლების აპოლოგეტებს ვთხოვ თამადაზე,
როგორც ავტორიტარულ ინსტიტუტზე ლაპარაკს ნუ დამიწყებენ).
რაც შეეხება იმ პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციებს, როდესაც საქართველო რუსეთის
კოლონია იყო. როგორც ლევან ბრეგაძემ შესანიშნავად აცვენა, თამადური სუფრა სწორედ
ამ პერიოდში უნდა იყოს დამკვიდრებული (შესაზლოა “თამადა” იმდენად ქართულ “თავ”-ს
არ უკავშირდებოდეს, რამდენადაც ადიღეურ “თჰა”-ს რაც უფალს, ღვთაებას
აღნიშნავს. თუმცა ეს ცალკე კვლევის საკითხია). ასეთი სუფრის პირველი ლიტერატურულად
აღწერილი ნიმუში სწორედ ჩვენ მიერ არაერთგზის ციტირებული გრიგოლ ორბელიანის
“სადღეგრძელო” უნდა იყოს.
გასაგებია,
რომ უსიამოვნოა, როცა ეროვნული ტრადიცია მაშინ ყალიბდება როდესაც ერი
დამოუკიდებელი არ არის. მაგრამ თუ ეს საფუძველია, ამგვარ ტრადიციაზე უარისათვის,
ირლანდიელებმა პრაქტიკულად ყველა ის ტრადიცია უნდა უარყონ, რომელიც მათ
ირლანდიელებად აქცევს. ეს ტრადიციები ხომ ბრიტანელთა შვიდასწლოვანი ბატონობის პროცესში
ჩამოყალიბდნენ (ცნობილია ასეთი ფაქტი. დამოუკიდებელი ირლანდიის ერთმა
ლიდერმა, მაიკლ კოლინზმა ცოტა ხნით დააგვიანა ბრიტანელთა მიერ ირლანდიის
დამოუკიდებლობის აღიარების ცერემონიალზე. ბრიტანეთის გუბერნატორის შენიშვნაზე, რომ
მან შვიდი წუთით დააგვიან, კოლინზმა უპასიხა: ჩვენ შვიდი საუკუნე ვუცდიდით ამ
მომენტს. არაფერი მოხდება თუ თქვენ შვიდი წუთით მოიცდითო). წარმოგიდგენიათ
ირლანდიელი ირლანდიური ბალადების და ფოლკროლის, ირლანდიური ვისკის ან გინესის
ლუდის, ან ირლანდიური ყავის გარეშე? ჩვენი ჭკუისკოლოფების ლოგიკით რამდენადაც
ყველაფერი ეს ირლანდიაში ბრიტანელთა ბატონობის პერიოდში დამკვიდრდა, მათზე უარი
უნდა ითქვას. მსგავს სიაში მოხვდება კორეელთა პრაქტიკულად ყველა ტრადიცია (ბოლო
ხუთასი წელი კორეა ხან ჩინეთს ჰყავდა დაპყრობილი, ხან იაპონიას) და ჩვენს მოძმე
პოლონელთა ტრადიციების დიდი ნაწილიც. საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ მოახერხა
ირლანდიამ ქცეულიყო ევროკავშირის აყვავებული წევრი ქვეყანა თანაც “რეაქციური”
კათოლიციზმის და ბნელი, ჩამორჩენილი ტრადიციების ბატონობის პირობებში. საიდუმლოდ
გეტყვით რატომ: არ ჰყავდა “თავისუფლების ინსტიტუტი”!
ამ
სტატიაში ჩვენთვის მთავარი კითხვაა: არის თუ არა ტრადიციულ ქართულ კულტურაში ისეთი
სიღრმისეული სტუქტურები, რომლებიც არსობრივად უშლიან ხელს ჩვენში დასავლური
დემოკრატიის დამკვიდრებას? ეს კითხვა სხვა ფორმითაც შეიძლება ჩამოყალიბდეს.
სახელდობრ: არიან თუ არა ჩვენს ტრადიციულ კულტურაში ისეთი სიღრმისეული
სოციოკულტურული სტრუქტურები, რომლებიც ხელს უშლიან აბსოლუტური ხელისუფლების
დამყარებას? ცხადია არიან და ავტოკრატიას მოწადინებულ დამოუკიდებელი საქართველოს
სამივე პრესიდენტს ყველაზე მეტად ის აწუხებდათ, რომ აბსოლუტური ხელისუფლების
დამყარების მცდელობისას გრძნობდნენ ამ სიღრმისეული სტრუქტურების წინააღმდეგობას.
ამიტომ
კითხვა მხოლოდ ასე არ დგას: შესაძლებელია თუ არა საქართველოში დემოკრატია? კითხვა
ასეც დგას:შესაძლებელია თუ არა საქართველოსი დიქტატურა? ყოველივედან რაც ვთქვით,
პასუხი ერთია - არა. რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას დიქტატურის მოსურნენი, მით
უკეთესია (დიქტატურის მოსურნეთა შორის პირველ რიგში უნდა გამოვყო ისინი, ვინც
ამტკიცებენ, რომ საქართველომ დემოკრატიამდე დიქტატურის გავლით უნდა მივიდეს,
რომლის დროსაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად საკუთარი ღირებულებებიც უნდა
დაკარგოს).
ქართული
კულტურის სიღრმისეული სტრუქტურები დიქტატურას არ ეგუებიან. ამიტომ გასაგებია, რომ
ამ ქვეყნის მართვა მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება. ესაა მთავარი
პოზიტიური დასკვნა დემოკრატიის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საქართველოში.
ტრადიცული ქართული კულტურა იქნება მანამ, სანამ იქნება დიდქტატურის,
თვითმპყრობელობის საფრთხე. მართალია ამ კულტურასთან ბრძოლას ყველა ავტოკრატიული
რეჟიმი შეეცდება, მაგრამ ვეჭვობ რომ რაიმე გამოუვიდეთ.
მელვილის დიადი “მობი დიკის” ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს:”ადამიანებო! ნოეს
წარღვნა არ დასრულებულა. იგი დღესაც გრძელდება”. ჩვენი სტატიის ბოლოს ვიტყვით
მთავარ დასკვნას: “ადამიანებო ყუთლუ-ასლანის გამოსვლა არ დასრულებულა! იგი დღესაც
გრძელდება”. სადამდე გაგრძელდება? მანამ სანამ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი
უკანასკნელი ბრიყვი ვერ მიხვდება, რომ ამ ქვეყნის აბსოლუტური, თვითმპყრობელური და
დიქტატორული მეთოდებით მართვა შეუძლებელია. რატომ? სიღრმისეული სოციოკულტურული
სტრუქტურები გამორიცხავენ ასეთ რაიმეს და იმიტომ.
დამატება
მთავარი
მითი – საქართველო, როგორც გონდორი
ყველა
ერი, რომელიც ტრადიციულად ცდილობს საკუთარ ისტორიის გააზრებას, ამ ისტორიას
გარკვეული მითის ჩარჩოში იაზრებს. მთავარ ქართულ ისტორიულ მითს შეიძლება “გონდორის
მითი” ვუწოდოთ. ეს სახელი ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებლიდან” არის აღებული.
გონდორი ციხეა, რომელიც იმ სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც ტოლკიენი იმდროინდელ (XX
საუკუნის 50-იანი წლების) პოლიტკონიუქტურაზე მითითებით “დასავლეთს” უწოდებს.
მაგრამ გონდორი უბრალო დასავლეთი არააა. ის დასავლეთის მიჯნაა, რომელიც უშუალოდ
ესაზღვრება ბოროტების სამეფოს, მორდორს და ასწლეულების მანძილზე ებრძვის
მრავალგზის აღმატებულ ძალას, რომელსაც მთელი დასავლეთის შთანთქმა სურს. ამ
ბრძოლაში ის მარტოა. დანარჩენი დასავლეთელი მეუფენი, რომელთაც მორდორიდან მომავალი
საფრთხე წესიერად არც გაუცნობიერებიათ, გმირულად მეომარ გონდორს თითქმის
არავითარ დახმარებას არ უწევენ. გონდორი მაინც იბრძვის და სწამს: სასწაული
მოხდება, ერთხელაც დასავლეთი გაიმარჯვებს და მეფე დაბრუნდება.
იმ პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, რომელსაც ტოლკიენის რომანის წერისას
ჰქონდა ადგილი, აგრეთვე გონდორელ პერსონაჟთა დასავლურ-სლავური სახელებიდან
(ბორომირი, ფარამირი..) გამომდინარე შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ გონდორის
პროტოტიპი იალტის ხელშეკრულებით კომუნისტური ტირანიისათვის გადაცემული პოლონეთი და
ჩეხეთი იყვნენ. მაგრამ ეს არაა არსებითი. მთავარია გონდორის მითი: მითი გმირ
ხალხზე, რომელიც თავდაუზოგავად ებრძვის ბოროტების საუფლოს. მას თანამოძმეთ
დახმარების იმედი აქვს. მაგრამ თანამოძმენი დასავლეთიდან არ ეხმარებიან.ერთი
ეპიზოდი “ბეჭდების მრძანებლიდან”: დასავლეთის ერების და რასების რჩეული
წარმომადგენლები თათბირობენ, რა უქნან ძალაუფლების ბეჭედს, რომლის არც
გამოყენება შეიძლება და არც განადგურება. არადა თუ ბოროტების მეუფემ, მორდორის
გამგებელმა საურონმა ეს ბეჭედი ხელთ იგდო, დასავლეთი დასაღუპადაა განწირული.
ბოროტების შავ მეუფეს მხოლოდ გონდორი ებრძვის. საკმარისიაიგი დაეცეს, რომ ბოროტების
მეუფეს გზა დასავლეთისკენ ხსნილი აქვს. დაძაბული თათბირისას მისი ერთი მონაწილე
ფეხზე წამოდგება: “ მაღალი და ამაყი, ბორომირი ფეხზე წამოდგა: “ - ნება მომეცით,
უფალო ელრონდ, ჯერ გონდორზე მოგითხროთ, რამეთუსწორედ გონდორიდან გეახელით. ყველამ
უნდა უწყოდეს რაც ხდება. ბევრმა არაფერი იცის ბევრმა არაფერი იცის ჩვენს
ქმედებებზე, ამიტომაც ვერვინ ახერხებს სწორედ შეაფასოს საფრთხე, რომლის წინაშეც
ჩვენი მარცხისას ყველა დადგება. არ დაიჯეროთ, თითქოს გონდორის მიწაზე ნუმენორელთა
სისხლის ყივილი გადაგვარდა, არც მათი სიქველე და ღირსებანი შესუსტებულა. ჩვენი
ვაჟკაცობა აკავებს აღმოსავლეთის ველურთა ზეწოლას... ჩვენზე, დასავლეთის საყრდენზე
დგას ჩვენს იქით მყოფ ხალხთა მშვიდობა და თავისუფლება. მაგრამ რა მოხდება თუ
მდინარეზე ჩვენი გამაგრებების დათმობა მოგვიწევს. რა მოხდება?”.
არ გეცნობა
მკითხველო? - ბორომირის სიტყვებში მთავარი ქართული მითი ცოცხლდება! მაგრამ მითის
სრულად გაცოცხლებისათვის სათანადო პერსონაჟი და სათანადო, მხოლოდ მითისთვის
დამახასიათებელი ლოგიკაა საჭირო. ამგვარი პერსონაჟი ჩვენს ისტორიაში რამოდენიმეა.
ყველაზე ცნობილი ალბათ სულხან-საბაა. ერის მხცოვანი მამა, რომელიც დასავლეთმა
ცინიკურად მოატყუა, ჩვენ ქართველებმა არ დავინდეთ და სულაც წვერით ვათრიეთ, ხოლო
ბედისწერამ
იმისთვისაც არ გაიმეტა რომ სამშობლოში ეპოვნა სამუდამო განსასვენებელი. და აქ
მრავალსაუკუნოვანი მითი ბოროტებასთან მარტოსულად ბრძოლის, დასავლეთის იმედის და
გულგრილობის მითი, დღევანდელ რეალიებს,
სარკოზისა
და მედვედევს, პუტინსა და მილიბანდს, ნატოსა და მაპს ეჯაჭვება. ახლა მითი ასეთ
სახეს იღებს: კიდევ ერთხელ გვიღალატეს, როგორც მაშინ სულხან-საბას დროს.
მიგვატოვეს, არ დაგვეხმარენ, იმის მიუხედავად, რომ მტერს, რომელიც მათაც ემუქრება
- ჩვენ მარტოსულნი ვებრძოდით. და საერთოდ, ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლით
მსოფლიოს ვაჩვენეთ მორდორის, პარდონ, რუსეთის ბოროტება. და ამას ჩვენი
ზელიბერალები ამტკიცებენ, რომლებიც ცნების თანახმად უნდა იყვნენ თავისუფალი
ყოველგვარი მითებიდან.
ვიდრე
ასეთი მითოპოლიტიკური მიდგომა(თანაც გეოპოლიტიკის ელემენტებით გაჯერებული) საერთოდ
არ ამოიშლება ქართველთა თავებიდან, მუდამ იქ ვიქნებით, სადაც ვართ: ვირტუალურ
რეალობაში და საკუთარ წვენში ხარშვაში. მითი უნდა დაიმსხვრეს. მანამდე კი,
განწირულები ვართ საგარეოპოლიტიკურ წარუმატებლობათა წრეში ტრიალისათვის.
გამოყენებული
და რეკომენდირებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია:
- ივანე ჯავახიშვილის
100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი,1976
- კახა კაციტაძე
Hომო Mილიტარის, თბილისი, 2009;
- გრიგოლ
ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, თბ.1959
- ქართლის
ცხოვრება, თბილისი, 1955,
- საქართველოს
ისტორიის ნარკვევები ტომი I,
- თ. ყაუხჩიშვილი,
სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957
- სემუელ
ჰანტინგთონი ცივილიზაციათა შეჯახება; საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის,
დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: ჩIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ
სარაძე] - , 1999
- ჰეგელი
-გონის ფილოსოფია, ნ.ნათაძის თარგმანი, თბილისი, 1984.
- ჰეროდოტე
ისტორია, ტომი I, თბილისი, 1975
- Блок М. Короли-чудотворцы. Очерк представлений о
сверхъестественном характере королевской власти, распространенных
преимущественно во Франции и в Англии http://www.gumer.info/bibliotek_Buks/History/Blok/index.php
- Блок М. Феодальное общество http://www.gumer.info/bibliotek_Buks/History/Blok_Feo/index.php
- Успенский Б. Семиотика истории. Семиотика культуры http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/Ysp/index.php
- М. Элиаде, азиатская алхимия М.1998
No comments:
Post a Comment