ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირების დასავლური გამოცდილება და ქართული რეალობა
(გიორგი გოგაშვილი)
შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ ჟურნალში- “სტრატეგიული კვლევები” -№2.
თბილისი, 2009; გამომცემლობა “საუნივერსიტეტო წიგნი”
შესავალი
ეროვნული უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან აქტიურად იხმარებოდა, ხოლო 1996 წლიდან, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა, სახელმწიფო დონეზე იწყება უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობა. იმ დღიდან მოყოლებული ამ თემაზე ბევრი ითქვა და მრავალიც დაიწერა, მათ შორის პირველი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაც, რისთვისაც 1996 წელს 75 კაციანი კომისიაც კი შეიქმნა. მიუხედავად უსაფრთხოების პრობლემატიკაზე მომუშავე სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლისა, დღემდე ვერ მოხერხდა ეროვნულ უსაფრთხოების პოლიტიკურ პროცესსა და ეროვნული ძალაუფლების ელემენტებს შორის ლოგიკური, გამჭვირვალე კავშირის დამყარება, რაც აგვისტოს მოვლენების განხილვის დროს თვალნათლივ გამოჩნდა.
წარმოდგენილი ნაშრომი, ავტორის მცდელობაა ქართული სახელმწიფოს რეალობიდან შეხედოს და გარკვეული სიცხადე შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების ტერმინოლოგიაში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება სტრატეგიის დღევანდელ გაგებას, რომლის მრავალი ფილოსოფიური, თეორიული თუ ნორმატიული განმარტება არსებობს შესაბამის ლიტერატურაში. ამასთან ერთად, თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, ეროვნული მიზნები, ეროვნული ძალაუფლების ელემენტები, საფრთხეები, გამოწვევები, და ა.შ. საქართველოში სხვადასხვა მიზნითა და შინაარსით იხმარება რაც, ხშირად, საზოგადოებას ხელს უშლის ჩაწვდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ლოგიკას. უფრო მეტიც, ავტორის აზრით, ერთიანი, შეთანხმებული ტერმინოლოგიის პრობლემა მწვავედ დგას ხელისუფლებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც, რამეთუ ეს აფერხებს გასაგები ინტერესების, მიზნების, საშუალებების და შესაბამისად სტრატეგიის ფორმულირებას. აღნიშნული პრობლემა, ავტორის აზრით, კრიტიკულია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის გასაგები პოლიტიკური პროცესი, ერთის მხრივ გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას და მეორეს მხრივ, მოიპოვებს საყოველთაო მხარდაჭერას ამდაგვარი გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის.
შემდგომ, ავტორი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფორმულირების ზოგად პრინციპებს. დასავლურ, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი შეეცდება მკითხველს დაანახოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები ქართული სახელმწიფოს რეალობაში.